Accessibility links

logo-print

მარინე მიზანდარი: „სამინისტრო ვერ იცავს კულტურულ მემკვიდრეობას“


მარინე მიზანდარი

მარინე მიზანდარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ბრძანებას კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მიმართვის საფუძველზე მოაწერა ხელი. პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, მარინე მიზანდარი ჯეროვნად ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და დაწესებულების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელით ზიანს აყენებდა სამინისტროს რეპუტაციას. რატომ დაუპირისპირდა კულტურის მინისტრი თავის პირველ მოადგილეს და რა როლი ითამაშა აღნიშნულ კონფლიქტში საყდრისის საბადომ?

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც 10 თებერვლითაა დათარიღებული, მარინე მიზანდარის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დასახელებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე და 99-ე მუხლების შესაბამისი პუნქტები. პრემიერ-მინისტრის ბრძანების გამოსვლამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ მოადგილე დამოუკიდებლად მოქმედებდა და არ იცავდა სუბორდინაციას:

„ქალბატონი მარინე მიზანდარის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების მომენტები. ტელევიზორიდან შევიტყვეთ, რომ მას არ მოსწონს საკადრო პოლიტიკა, არ ვარგა მენეჯმენტი... ყოველივე ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და წარვუდგინეთ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ეს პრობლემა“.

გვქონდა პრინციპული უთანხმოება არაერთ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მწვავე იყო საყდრისის პრობლემა. ჩვენი უწყება ჯეროვნად ვერ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს...
თუმცა, ვიდრე გურამ ოდიშარია პრემიერ-მინისტრს მიმართავდა, 30 იანვარს თავის პირველ მოადგილეს წერილობით საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ რამდენიმე დღით ადრე შეუთანხმებლად დანიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის შეკრება, რომელზეც საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის სწორად მინიჭების საკითხი განიხილებოდა. მარინე მიზანდარის თქმით, სამსახურიდან მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული უთანხმოებაა:

„გვქონდა პრინციპული უთანხმოება არაერთ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მწვავე იყო საყდრისის პრობლემა. ჩვენი უწყება ჯეროვნად ვერ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს, რომელსაც საზოგადოების თვალში ხელოვნურად უპირისპირდება ეკონომიკური ინტერესი და მინისტრმა ვერ მოახერხა ამ საკითხის სწორად დაყენება ისე, რომ საზოგადოებისთვის თუ მინისტრთა კაბინეტისათვის გარკვეული იყოს, რომ ერთმანეთს არ უპირისპირდება ეს ორი ინტერესი და რომ ორივე არის სახელმწიფო ინტერესი და რომ კულტურული მემკვიდრეობა ასევე ნიშნავს, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკური სარგებლის მოტანას“.

საყდრისის საკითხთან მიმართებაში მინისტრს, ალბათ, არც არავინ ეკითხება. ასევე ვფიქრობ, რომ მიზანდარის გათავისუფლება მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ არც ბატონი ოდიშარია არ გამხდარა კულტურის მინისტრი ამ სფეროში მიღწეული წარმატებების გამო...
მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლებამ გულგრილი ვერ დატოვა ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:

„საყდრისთან არის კავშირში მისი პერსონა და ამიტომ არასასიამოვნო და სახიფათო ტენდენციაა მისი ასე უეცრად გათავისუფლება, თუმცა მარტო ეს არ უნდა იყოს“.

სოფო კილასონიას თქმით, ასევე თვალშისაცემი იყო ის, რომ სამინისტრო, როგორც ერთი სტრატეგიისა და მსოფლხედვის გუნდი, ვერ შედგა. და კიდევ, გურამ ოდიშარიას მოღვაწეობამ მინისტრის თანამდებობაზე აჩვენა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი პიროვნება:

„საყდრისის საკითხთან მიმართებაში მინისტრს, ალბათ, არც არავინ ეკითხება. ასევე ვფიქრობ, რომ მიზანდარის გათავისუფლება მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ არც ბატონი ოდიშარია არ გამხდარა კულტურის მინისტრი ამ სფეროში მიღწეული წარმატებების გამო - მასაც, ისევე როგორც სხვა მინისტრებს, მფარველი ჰყავს და გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ფაქტორი გადამწყვეტი მგონია. სახელმწიფო დგას არჩევანის წინაშე: ან კონკრეტული ინვესტორის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ან ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ“.

საკითხი გადის მთავრობის სხდომაზე და მინისტრები წყვეტენ, უნდა ჰქონდეს თუ არა შენობას ესა თუ ის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად კულტურის მინისტრიც კი არ არის ამ საქმეში კომპეტენტური...
სოფო კილასონიას თქმით, სწორედ მარინე მიზანდარი იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. კიდევ ერთი ხელოვნებათმცოდნე, ცირა ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება და განხორციელებული საკადრო ცვლილება ნათლად აჩვენებს იმას, თუ როგორ პოლიტიკას უჭერს მხარს მთავრობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში. ცირა ელისაშვილის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის მისაღებია ის კატასტროფული ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერაა ინიცირებული:

„ეს არის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შედის ცვლილება, კერძოდ, მე-17 მუხლში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ინსტიტუციას შეუძლია მიმართოს კულტურის სამინისტროს ძეგლისათვის მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნის შესახებ და ამას განიხილავს და აკმაყოფილებს არა სამინისტროში არსებული მეთოდოლოგიური საბჭო, არამედ ეს საკითხი გადის მთავრობის სხდომაზე და მინისტრები წყვეტენ, უნდა ჰქონდეს თუ არა შენობას ესა თუ ის სტატუსი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად კულტურის მინისტრიც კი არ არის ამ საქმეში კომპეტენტური“.

მარინე მიზანდარი კი ფიქრობს, რომ ის სამსახურიდან კანონის დარღვევით გაათავისუფლეს და ამიტომ სასამართლოში ჩივილს აპირებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის სულხან სალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრს მოუწევს გადაწყვეტილების სასამართლოში დასაბუთება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG