Accessibility links

ჩხუბში მონაწილე დაუსჯელი საჯარო მოხელეები


"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გორში

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გორში

მერეთის ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების დასჯის მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გორში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყეს. პირველი მიტინგი გაიმართა გუშინ შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის შენობასთან, სადაც კოალიციის აქტივისტები ტრანსპარანტებით მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მოჩხუბარი საჯარო პირების ფოტოები, წარწერით - „ზონდერი“.
მერეთის ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის ორ-ორი წევრი დააკავეს და სასამართლომ მათ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ კოალიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ჩხუბში მონაწილე საჯარო მოხელეები არ დასჯილან. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი, აცხადებს, რომ ჩხუბის ორგანიზატორი სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე იყო და ის ურტყამდა ქალებს და მოხუცებს.

მერეთის ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ ყველა ვიდეო და ფოტო მასალაში კარგად ჩანს როგორ ჩხუბობენ ადგილობრივი მმართველობის სამსახურების წარმომადგენლები. კოალიციის გარდა, მათი იდენტიფიცირება ჟურნალისტებმაც შეძლეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ზე გამოქვეყნდა იმ პირების ფოტოები და სამუშაო ადგილები, რომლებიც შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ესენი არიან შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე და მისი თანამშრომლები, მერეთის რწმუნებული ვასილ თევდორაშვილი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გორის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი ლევან ბიძინაშვილი, გორის სპორტსკოლის კრივის სექციის მწვრთნელები და სპორტსმენები. ამავე გამოცემამ გამოაქვეყნა 2011 წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, კახა ლომიძე გადაყვანილია გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამ განკარგულებას ხელს შიდა ქართლის გუბერნატორი გიგა ტატიშვილი აწერს. აღსანიშნავია, რომ სამაშველო სამსახური უშუალოდ მას ექვემდებარება და საკადრო საკითხებსაც თავად წყვეტს.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დოესში „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკავა საპროტესტო აქციაზე, რომელიც სარწყავი წყლის მოთხოვნით გაიმართა. ტარიელ და გიორგი ოხანაშვილები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერებს. შსს-მ ოხანაშვილების იდენტიფიცირება qartli.ge-ისა და „ინფო 9-ის“ ვიდეომასალათა საფუძველზე მოახდინა და დააკავა ისინი, მაგრამ როცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მერეთის ინციდენტის მონაწილეების იდენტიფიცირებას ახდენს, ამ ფაქტს სამინისტრო რეაგირების გარეშე ტოვებს. qartli.ge-ის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქმე შერჩევით მიდგომასთან გვაქვს.

მერეთის ინციდენტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. გიორგი ტუღუშის სამსახურმა დაიწყო მერეთში მომხდარი დაპირისპირებისას სახელმწიფო მოხელეების მიერ აქციის მონაწილეთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა, როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქცევაა. ომბუდსმენის აპარატი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას მოახდენს და უახლოეს დღეებში მასალებს სათანადო რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნის.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში კი ნათქვაამია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ მაშინ არღვევს ადამიანის შეკრების უფლებას, როდესაც უშუალოდ ხელს უშლის დემონსტრაციის ჩატარებას, არამედ მაშინაც, როდესაც დემონსტრანტებსა და სხვა კერძო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ინარჩუნებს პასიურ პოზიციას და არაფერს აკეთებს იმ ძალადობის პრევენციისათვის, რაც შეუძლებელს ხდის მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას.

მოცემულ შემთხვევაში პოლიციამ დაარღვია პოზიტიური ვალდებულება იმით, რომ არ ჩადგა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და დაუშვა მათ შორის ფიზიკური შეხება, – აღნიშნულია განცხადებაში.

საია განსაკუთრებით შეშფოთებულია აღნიშნულ კონტრდემონსტრაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობით და მათი ქცევით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, უზრუნველყონ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და ამ პრინციპის დამრღვევი პირების მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG