Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება ციხის სკანდალური კადრების მიზეზით


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
მთავარი პროკურორი კვლავაც რჩება სხვადასხვაგვარი კრიტიკის სამიზნედ - როგორც ოპოზიციის, ასევე პოლიტიკური თანაგუნდელების მხრიდან - ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების გამო. ამასთან, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება იქცა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად, რამაც პარლამენტში 10 ივლისის რიგგარეშე სხდომაზეც იჩინა თავი.

ოთხშაბათის სხდომაზე სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიკროფონი დამოუკიდებელ დეპუტატ გურამ მისაბიშვილს ჩაურთეს. ერთ დროს
ამგვარ უზნეობაზე, ამგვარ სისტემურ სახელმწიფო დანაშაულზე უარის თქმა თუ ნაძირლობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს თქვენ ნაძირალა მიწოდოთ რომელიმე დახურულ პარტიულ შეკრებაზე...
გურამ მისაბიშვილი
”ნაციონალური მოძრაობის” თანამოაზრემ, განცხადება 10-ზე მეტი დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით გააკეთა. ისინი ყველანი არჩევნების შემდეგ ჩამოშორდნენ ”ნაციონალურ მოძრაობას”:

”ამგვარ უზნეობაზე, ამგვარ სისტემურ სახელმწიფო დანაშაულზე უარის თქმა თუ ნაძირლობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს თქვენ ნაძირალა მიწოდოთ რომელიმე დახურულ პარტიულ შეკრებაზე, თუნდაც ბინძური ეპითეტებით შემამკოთ, მაგრამ ქართველი ხალხისა და საზოგადოების წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიციაც, რომელთაც წამების ამსახველი ამ ბინძური კადრების შემდეგ უფრო გაუმძაფრდათ შეგრძნება, რომ სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დავიკავეთ და დამოუკიდებელ დეპუტატებად ჩამოვყალიბდით”.

გურამ მისაბიშვილის სიტყვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ. ყოფილმა თანაგუნდელებმა მას წარსული შეახსენეს და სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამშველებლებმა საქმე მუშტი-კრივამდე არ მიუშვეს, მაგრამ 10 ივლისის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ციხის სკანდალური კადრები სულ უფრო ამკვეთრებს ზღვარს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის.
რატომ არ თქვეს ეს, რატომ არ ამოიღეს ხმა, რატომ არ შეუშალეს ხელი იმას, რომ ათეულობით თუ ასეულობით დანაშაული არ მომხდარიყო... ეს კითხვები ლეგიტიმურია და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას...
გიგი წერეთელი

”ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მთავარი პროკურორის გადაყენების პროცედურის დაწყებას, თუმცა უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში, უმცირესობა ითხოვს არჩილ კბილაშვილის დაბარებას პარლამენტში, რომ მას პირადად დაუსვან მწვავე შეკითხვები ვლადიმერ ბედუკაძისა თუ ციხის სკანდალური კადრების თაობაზე. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა უკავშირდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ სკანდალური ვიდეომასალა გარკვეულ პირებს ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში გადასცა. დეპუტატ გიგი წერეთელს, ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლების მსგავსად, აინტერესებს, რატომ გაჭიანურდა დრო მასალების გამოქვეყნებამდე:

”რატომ არ თქვეს ეს, რატომ არ ამოიღეს ხმა, რატომ არ შეუშალეს ხელი იმას, რომ ათეულობით თუ ასეულობით დანაშაული არ მომხდარიყო... ეს კითხვები ლეგიტიმურია და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას”.

”ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ სკანდალური მასალების გამოქვეყნების გაჭიანურება მჭიდრო კავშირშია ”ქართული ოცნების” ინტერესებთან. დეპუტატი აკაკი მინაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა ”ადამიანის ტრაგედიაზე” ცდილობდა საარჩევნო ქულების დაწერას:
აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი

”დაახლოებით წლინახევრის წინ ადამიანების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ მათ უნდა ეშოვათ ფული, ამისთვის მათ დადგეს კადრები ციხეში, რომ მერე ეს პოლიტიკური ჯგუფისთვის მიეყიდათ... ბუნებრივია, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის კონკურენცია ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იყო, საჭირო იყო დამატებითი მექანიზმი და ასეც მოხდა. ერთი წლის წინ ეს კადრები ჩამოვიდა საქართველოში, მეგობრებო. ერთი წელი ადამიანებმა იცოდნენ, რომ თურმე ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი რაღაცები ხდებოდა და არავინ ამაზე ხმა არ ამოიღო”.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ამგვარ შეფასებებს 10 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უპასუხა. ოპონენტების ქმედებებში ის
ეს ხომ იმ პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა და ერთი ასეთი ჰონორით გაკეთებული განცხადება მაგ დროს ყოფილიყო თქვენი მხრიდან. თქვენ ხომ მართლა გმირები გახდებოდით იმ რეალობაში...
გედევან ფოფხაძე
ხედავს მცდელობას, რომ შეტევით დაიცვან თავი და ყველაფერი ამჟამინდელ ხელისუფლებას გადააბრალონ:

”დღეს, აი, ასეთი ჰონორით გველაპარაკება პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა ეს კადრები და ახლა გვეკითხება, რატომ იმალებოდა, რატომ დროზე არ გამოჩნდაო... ეს ხომ იმ პოლიტიკურმა სისტემამ შექმნა და ერთი ასეთი ჰონორით გაკეთებული განცხადება მაგ დროს ყოფილიყო თქვენი მხრიდან. თქვენ ხომ მართლა გმირები გახდებოდით იმ რეალობაში, როდესაც ეს ყველაფერი იქმნებოდა - იქმნებოდა ეს ვიდეოკადრები, იქმნებოდა სადისტური რეჟიმი”.

მართალია, უმრავლესობის წარმომადგენლები პარალელურად თავადაც გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავარი პროკურორის იმ შუამდგომლობის გამო, რომლის საფუძველზეც 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ხაზგასმით აღინიშნება ისიც, რომ არჩილ კბილაშვილს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას კანონი არ დაურღვევია, რადგანაც ვლადიმერ ბედუკაძე მსჯავრდებული არ იყო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG