Accessibility links

logo-print

გორში ორ ნაწილად გახლეჩილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი კრება


გორში პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონფერენცია ხმაურით დაიწყო, ყველა მსურველი დარბაზში ვერ შევიდა. ორ ნაწილად გაყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტობაში ადანაშაულებდნენ. გიული ახალკაცი, მრავალი მცდელობის მიუხედავად, კონფერენციაზე ვერ მოხვდა. მისი აზრით, კონფერენცია არასამართლიანად ტარდებოდა, რადგან პარტიის პირველ დამფუძნებლებს დარბაზში არ უშვებდნენ.

ის ახალგაზრდები კი, ვინც დარბაზის შესასვლელთან იდგენენ, აცხადებდნენ, რომ კონფერენციაზე მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებული წევრები მოხვდებოდნენ. ლევან ჯომარდაშვილი ამბობს, რომ გიული ახალკაცი არჩევნების დროს საერთოდ არ უნახავს.

ხმაურის მიუხედავად, პარტიის დამფუძნებელი კრება მაინც ჩატარდა. პარტიის წევრების ნაწილმა, ვინც დარბაზში შეაღწია, პროტესტი გამოთქვა და დარბაზი დატოვა. პარტიის აქტივისტების ერთ ნაწილს თავმჯდომარედ იოსებ სოსიაშვილი უნდოდა, მეორე ნაწილი კი მხარს მარინა მეტრეველს უჭერდა. იოსებ სოსიაშვილი აცხადებს, რომ დარბაზში შეკრებილებმა პარტიის წესდება დაარღვიეს და მან უსამართლობას პროტესტი გამოუცხადა.

დამფუძნებელმა კრებამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მარინა მეტრეველი აირჩია. მეტრეველი სოსიაშვილის ბრლადებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თავმჯდომარეც და დელეგატებიც პარტიის წევრებმა აირჩიეს.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელი კონფერენციების ჩაშლისა და თავმჯდომარეთა არჩევისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, პარტიის თავმჯდომარემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მანანა კობახიძის განცხადებით, რაიონული კონფერენციების ჩატარებას ხელს უშლიან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მართულნი არიან ძალებისგან, ვისაც პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სტრუქტურული ჩამოყალიბება და ერთიანობა არ სურს. კობახიძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო გმობს მიზანმიმართულად დესტრუქციულ და პარტიისთვის საზიანო ქმედებებს.

მანანა კობახიძის განცხადებითვე, რეაგირება მკაცრი იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ სხვა პოლიტიკური ძალების - მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ - შესაძლო ქმედებებზეც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG