Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრეტენზიები არსებობს თეა წულუკიანის მისამართით?


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი
არასამთავრობო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, ”ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს უპირობოდ დაუბრუნდეს უწყებათშორისი კომისიის მუშაობას, რომელსაც ის კომისიის თავმჯდომარის - იუსტიციის მინისტრის - არაკორექტული გამონათქვამის მიზეზით გამოეთიშა. თეა წულუკიანის მისამართით შენიშვნები აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ჩართული არიან ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” უწყებათშორისი კომისიის მუშაობაში. რა ზიანს მოუტანს ”ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტი კომისიის მუშაობას და რამდენად აისახება ეს არჩევნების სამომავლო შეფასებებზე?

იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტროსთან მოქმედი უწყებათშორისი კომისიის სხდომებს დაუბრუნდეს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წინაპირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა 14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, უწყებათშორისმა კომისიამ უნდა მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და უნდა შეწყდეს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების დევნა პოლიტიკური ნიშნით.

ორშაბათსვე თინათინ ბოკუჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკმაყოფილება ძირითადად კვლავაც კომისიის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკავშირდება:

”ბოლო სხდომაზე ქალბატონმა თეამ უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა და დეკლარირებულად დაადასტურა, რომ ამ კომისიის ამოცანა არ არის რეალურად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, არამედ ამოცანაა ”ნაციონალური მოძრაობის” დევნა, წინასაარჩევნოდ შევიწროება და, საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, - განადგურება”.

პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს...
თინათინ ბოკუჩავა იხსენებს ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” უწყებათშორისი კომისიის ბოლო, 11 ოქტომბერს გამართულ, სხდომას, რომელზეც მოხდა დაპირისპირება მასა და თეა წულუკიანს შორის. ამ დაპირისპირების დეტალებზე ასევე საუბარია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ადასტურებენ, რომ, შელაპარაკების შედეგად, ”პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს”.

ამ განცხადებაშიც აღინიშნება და ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამაც გაიხსენა 14 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომ ასეთი სახის არაკონსტრუქციული დიალოგი კომისიაზე პირველი არ იყო და მსგავსი რამ თეა წულუკიანის მხრიდან მჟღავნდებოდა არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, არამედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მისამართითაც. ნინო ლომჯარია, განცხადების სხვა ავტორების მსგავსად, კომისიის თავმჯდომარეს - თეა წულუკიანს - მეტი თმენის ვალდებულებას შეახსენებს და ჩვენთან საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთი არაკონსტრუქციული მიდგომები ნამდვილად არ მჟღავნდებოდა მაშინ, როცა კომისიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშიშროების საბჭოსთან არსებული ძველი კომისია იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ახალ კომისიაზე უკეთ მუშაობდა. ნინო ლომჯარიას დაკვირვებით, ეს უფრო პირიქით არის:

რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ... როცა ასეთ ადგილას წინასაარჩევნო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვერ ხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომუნიკაცია სწორად და ეს შეუძლებელი ხდება, ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანია საარჩევნო გარემოს შეფასების თვალსაზრისით...
ნინო ლომჯარია
”ვფიქრობ, რომ მათი არსებობა ნამდვილად პოზიტიურად აისახება ჩვენს საარჩევნო გარემოზე - მით უმეტეს, წელს, როცა არაერთი გამოძიება დაიწყო დარღვევებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობაც დადგა ადამიანების, განსხვავებით გასული წლებისაგან... თვითონ (ახლანდელი კომისიის) საქმიანობასთან დაკავშირებით გაცილებით ნაკლები პრეტენზია გვაქვს და ამიტომ არის გულდასაწყვეტი, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია აზარალებს მთლიანად საქმიანობას”.

თუმცა, თუკი 12 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებით ვიმსჯელებთ, უწყებათშორისი კომისიის იმიჯის დაზარალებას ნაკლებად მოელის მისი თავმჯდომარე. თეა წულუკიანმა იმ დღეს აღნიშნა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, უწყებათაშორისი კომისიიდან გასვლით, აზარალებს საკუთარ კანდიდატს და აზარალებს იმ ამომრჩეველს, რომელიც შესაძლოა მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს. აქვე იუსტიციის მინისტრმა"ნაციონალურ მოძრაობას" ურჩია, რომ პოზიციებს რაც შეიძლება მალე გადახედოს და დაუბრუნდეს კომისიის მუშაობას. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, თუ როგორი იქნებოდა თეა წულუკიანის შეფასებები ამ ეტაპზე, არასამთავრობო სექტორის განცხადების კვალდაკვალ, მაგრამ 14 ოქტომბერს ამის გაგება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ხოლო თუკი, მაგალითად, ნინო ლომჯარიას შევეკითხებით, კომისიის წიაღში გამომჟღავნებული არაკონსტრუქციული მიდგომები შესაძლოა სამომავლოდ არჩევნების შეფასებებზე აისახოს, რამაც შესაძლოა არასახარბიელოდ იმოქმედოს ქვეყნის იმიჯზეც:

”რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ... როცა ასეთ ადგილას წინასაარჩევნო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვერ ხდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომუნიკაცია სწორად და ეს შეუძლებელი ხდება, ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანია საარჩევნო გარემოს შეფასების თვალსაზრისით”.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ”სამართლიანი არჩევნები”, პარტნიორი ორგანიზაციების მსგავსად, კვლავაც მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს გადახედოს შეფასებებს და ადეკვატურად აღიქვას საწინააღმდეგო აზრი თუ შენიშვნები, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაუბრუნდეს კომისიის სხდომებს.

უწყებათშორისი კომისია აგვისტოში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. დებულების თანახმად, ”კომისიის მიზანია, საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების გზით, ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას”. კომისია განიხილავს ”საკითხებს, რომლებიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან მიმართებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე იმ
ინფორმაციებს, რომელთაც კომისიას პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG