Accessibility links

logo-print

დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომაზე


კომისიის სხდომა

კომისიის სხდომა

ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მსურველთა პროექტების შემსწავლელი კომისიის სხდომამ დაპისრისპირების ფონზე ჩაიარა. სამუშაო შეხვედრას, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ორგანიზაცია „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი და მოსწავლეები დაესწრნენ. მათ პრეტენზიები აქვთ კომისიის მუშაობის მიმართ, რაც ხმამაღლა დააფიქსირეს. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარეს, წევრებსა და ცენტრის წარმომადგენლებს შორის. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც, იმავდროულად, ზუგდიდის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანა წითლიძემ, განაცხადა, რომ „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ 1300 მოზარდს სხვადასხვა საგანს უფასოდ ასწავლის და ის ახლა ფართის გარეშე რჩება. წითლიძის მტკიცებით, ქალაქის საკრებულოს მიერ შექმნილი კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებს მათი დაფინანსების საკითხის განხილვას:

„ჩვენ განაცხადი შემოვიტანეთ 2014 წლის 20 დეკემბერს. ეს იყო ვადა, როცა „ზუგდიდის განვითარების ცენტრს“ უმთავრდებოდა დაფინანსება. ცენტრს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. რატომ?“

ორგანიზაციას საოფისე ფართის ხარჯებს, წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან უფინანსებდნენ. ამ ეტაპზე მას მერიამ დაფინანსებაზე უარი განუცხადა, სანამ სპეციალური კომისია არ შეისწავლის საკრებულოში შესულ პროექტებს. 2015 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად 30 ათასი ლარია გამოყოფილი, „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ კი ოფისის ქირისთვის წელიწადში 18 ათას ლარს საჭიროებს. საკითხის შესასწავლად შექმნილი სპეციალური კომისია აუცილებელი პროცედურების დასაცავად გარკვეულ დროს ითხოვს. სწორედ ამ საკითხმა შექმნა დაძაბულობა ორგანიზაციასა და კომისიას შორის.

ანა წითლიძის მიერ სხდომაზე წარმოთქმულ არც ერთ ბრალდებას არ დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარე გიორგი თოდუა:

„მე შეგახსენებთ, რომ თქვენ ესწრებით კომისიის სხდომას, რომელიც ახალი ჩამოყალიბებულია. ის, რომ ორი თვის, თუ სამი თუ ოთხი თვის წინ იყო დაინტერესება ფართის მიღებაზე, ამ კომისიას, ასე ვთქვათ, ნაკლებად ეხება“.

სხდომაზე პრეტენზიები „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მოსწავლეებმაც დააფიქსირეს. მათი განცხადებით, ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს უფასო განათლების მიღების საშუალებას და პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. ახალგაზრდებს არც სხდომის განრიგი მოეწონათ.

„როდესაც იგეგმება რაღაც კონკრეტული პროექტის განხილვა, მაშინ, თუ დებულება არ იყო შემუშავებული, უნდა მომხდარიყო ჯერ ამის განხილვა“, - განაცხადა „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა.

ახალგაზრდების საპასუხოდ, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიას მუშაობისთვის შესაბამისი პირობები სჭირდება. მან მოსწავლეებს შესთავაზა შექმნან ექვსკაციანი ჯგუფი, რომელიც დაესწრება შემდეგ სხდომებს. გორგი თოდუას თქმით, ეს არ გამოიწვევს დარბაზში ზედმეტ ხმაურს და დაპირისპირებას. ამასთან, მისი განმარტებით, დაფინანსებამდე და მის შემდეგაც კომისიამ უნდა შეისწავლოს ცენტრის მუშაობა და დარწმუნდეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები დაიხარჯება მიზანმიმართულად:

„როგორც ფასიანი განათლება არ ნიშნავს ხშირად ხარისხიან განათლებას, ისე უფასო განათლებაც არ ნიშნავს ხარისხიან განათლებას. ჩვენ ეს უნდა შევამოწმოთ“.

თავის მხრივ, შემოწმებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მოსწავლეები.

ამ ეტაპზე ზუგდიდის საკრებულოს კომისია მუშაობს დებულების დახვეწაზე და პარალელურ რეჟიმში აპირებს შეისწავლოს „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG