Accessibility links

logo-print

ბალკანეთი, როგორც დაქირავებული ჯარისკაცებისა და ექსტრემისტების ექსპორტიორი


ბოსნიის, სერბიისა და კოსოვოს მთავრობები ცდილობენ სერიოზულად მიხედონ დაქირავებულებსა და ექსტრემისტებს, რომლებიც ბალკანეთიდან დიდი რაოდენობით მიილტვიან სირიის, ერაყისა და უკრაინის კონფლიქტებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა მსურველთა რაოდენობა არ კლებულობს. რატომ იზიდავთ ბალკანელ ახალგაზრდებს უცხო ქვეყნების კონფლიქტები და რამდენად სერიოზულად ცდილობენ მთავრობები მათთვის ხელის შეშლას?

23 წლის ბოსნიელმა მოქალაქემ ემრა ფონიჩამ 8 აგვისტოს, ისლამისტური სახელმწიფოს სახელით ცნობილი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი იერიშის დროს, როგორც თვითმკვლელმა, თავი აიფეთქა ერაყში. ერთი დღის შემდეგ კი კოსოვოს პოლიციამ, რომელიც რეიდს ატარებდა ისლამისტების გამოსავლენად, დააკავა 40 წლის მამაკაცი, რომელიც სირიასა და ერაყში ექსტრემისტების მხარეზე ბრძოლაშია ეჭვმიტანილი. თავის მხრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში რამდენიმე ათეული სერბის მონაწილეობას ვარაუდობენ სერბიის ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ძნელი სათქმელია, თუ რამდენს ითვლის ამ დროისათვის დაქირავებულთა რიცხვი. ისინი ცოტანი არ არიან. ცხადია, ჩვენ მხედველობაში გვყავს საომარი კონფლიქტის ზონაში ჩასული ათობით კაცი“, განაცხადა ჩვენს რადიოსთან საუბარში სერბიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მილორად მიატოვიჩმა.

ჯერ კიდევ აპრილში ლონდონში არსებულმა რადიკალიზმის სწავლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, სირიასა და ერაყში მებრძოლ უცხოელ დაქირავებულთა 6% ბალკანეთიდანაა. კოსოვოში ვარაუდობენ, რომ ამ ქვეყნის დაახლოებით 200 მოქალაქე ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში, მათგან კი საომარ მოქმედებებში 16 დაიღუპა.

სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსეთის მხარეზე მონაწილეობს ათეულობით სერბი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ფულისათვის იბრძვის.

ბოსნიამ კი უკვე მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს დაქირავებულ მებრძოლად წასვლას. აღნიშული საკანონმდებლო ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს კოსოვოს პარლამენტშიც, კანონმდებლებმა სერბიის პარლამენტშიც მოამზადეს მსგავსი საკანონმდებლო წინადადებები, თუმცა ამ კანონმდებლობის აღსრულების ეფექტურობაზე შეიძლება სერბიის მაგალითზეც ვიმსჯელოთ.

ამ ქვეყანაში მოქმედებს „ჩეტნიკთა მოძრაობა“, რომელიც მოხალისეთა რეკრუტირებას აწარმოებს და მათ აღმოსავლეთ უკრაინაში გზავნის მებრძოლი სეპარატისტების მხარეზე საბრძოლველად. როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა სტივენ ვუიკოვიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საკანონმდებლო ორგანო მათ ხელს ვერ შეუშლის დაქირავებულები უკრაინაში გაგზავნონ:

„ჩეტნიკთა მოძრაობას რუსეთში ჰყავს ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს და მუშაობს. ასე რომ, უკრაინაში რუსეთის გავლით წასვლა მათაც შეუძლიათ და არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ ისინი პირდაპირ სერბიიდან გაემგზავრონ“.

კიდევ უფრო საგანგაშო ვითარებაა ბოსნიაში, სადაც სირიასა და ერაყში მებრძოლი ბოსნიელები ვაჰაბიტი ექსტრემისტების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, მათ ცენტრს კი წარმოადგენს სოფელი გორნია მაუშა, რომელიც წარსულში ტერორისტებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ვაჰაბიტები ბოსნიაში უფრო მეტ დასახლებულ პუნქტსაც აკონტროლებდნენ.

„ვიდრე ვაჰაბიტები ამ სოფელში ცხოვრობდნენ, მათ საკუთარი წესები შემოიღეს. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მაგლაიში ცხოვრება. ჩვენ აკრძალული გვქონდა ისეთი ნორმალური თარიღის აღნიშვნაც კი, როგორიც ახალი წელია. ხალხი ან არ ზეიმობდა, ან ამას მალულად აკეთებდა“, გაიხსენა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბოსნიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმედ ბრადარიჩმა, წარსულში ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაგლაის მერმა, რომელსაც ისლამურ ექსტრემიზმთან შეხება ჰქონდა მაშინ, როდესაც ვაჰაბიტებმა სოფელ ბოჩინჯაზე დაამყარეს კონტროლი.

სხვათა შორის, ბოსნიის ხელისუფლება კარგად იცნობდა დაქირავებულ მებრძოლ ემრა ფონიჩას, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, გასულ კვირაში ერაყში აიფეთქა თავი. მასზე სისხლის სამართლის გამოძიება იყო დაწყებული, როგორც ერთ-ერთ იმ ეჭვმიტანილზე, რომელიც საბრძოლო მასალებით ამარაგებდა მევლიდ იასევიჩს, 2011 წლის ოქტომბერში ცეცხლი რომ წაუკიდა სარაევოში მდებარე აშშ-ის საელჩოს.

მოკლედ, თუ ცივი ომის დროს ყოფილი იუგოსლავია მასწავლებლებს, ექიმებს, ინჟინრებსა და სხვადასხვა პროფესიის ათასობით ადამიანს გზავნიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ახლა ყოფილი იუგოსლავიის შემადგენლობაში შემავალმა ზოგიერთმა ქვეყანამ სახელი გაითქვა, როგორც დაქირავებული მეომრებისა და ექსტრემისტების ექსპორტიორმა - დაქირავებული მეომრებისა და ექსტრემისტების, რომელთა რაოდენობა იზრდება, მიუხედავად ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოსა და სერბიის ხელისუფლების მცდელობისა, აღკვეთოს მათი გადაადგილება.

XS
SM
MD
LG