Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სოფელში ყანების ხშირი დატბორვის გამო დახმარებას ითხოვენ


სოფელი დარჩელი
სოფელი დარჩელი

ზუგდიდის სოფელ დარჩელის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტელმანის უბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში სასწრაფოდ ნაპირსამაგრი სამუშაოებია დასაწყები, რადგან მათ სახლებს დატბორვა ემუქრება. ყოველი ძლიერი წვიმის დროს მდინარე ჯუმის დონე იმატებს და მოსახლეობის სახნავ-სათესს ტბორავს. მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ მდინარე ჯუმას ტელმანის უბანში მდინარე ჩხოუში და პატარა ღელე უერთდება, რაც წყლის მასის სწრაფად გაზრდას უწყობს ხელს, წყლის ნაკადი კი, თავის მხრივ, ტერიტორიის დამეწყვრასაც იწვევს.

„სიმინდის მოსავალი იტბორება, თხილი მიაქვს, ინდაურს და ქათამს ახრჩობს და მეტი, ახლა... რაც სულიერს სჭირდება, ის ყველაფერი მიაქვს წყალს... ვითომ დააპროექტეს, სურათები გადაუღეს, რამდენიმე სამსახური იყო, ძაან ტკბილად გავისტუმრეთ, გული არ აუცრუვდეთო, და სოფელში რაც შეგვიძლია, ყველა ღონეს ვხმარობთ, მაგრამ გამკითხავი არავინ არის“, - ამბობს დარჩელში მცხოვრები მამუკა ბიგვავა.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით, ტელმანის უბანში შეკრებილ მოსახლეობას შეუერთდა ამავე სოფლის მცხოვრები „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გოგიტა ბიგვავას განცხადებით, თუ ხელისუფლებამ სათანადო ზომები დროულად არ მიიღო, შეიძლება ყველაფერი უფრო დიდი მსხვერპლით დამთავრდეს. მან მოუწოდა ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემით დაინტერესდნენ:

„მდინარის ადიდების შემთხვევაში საფრთხე მოსახლეობას ექმნება და ასევე სავარგულებს, რომელიც არაერთხელ დაიტბორა უკვე, ამიტომ მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, სანამ სავალალო შედეგი არ დამდგარა, დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით“.

საპასუხო განმარტება გააკეთეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემაც, გეგმის მიხედვით, მოკლე ვადებში მოგვარდება:

„ჩვენთვის ცნობილია დარჩელის ტელმანის უბნის მოსახლეობის პრობლემები. საბედნიეროდ, არ არის ზარალი, არ არის მოსახლეობა დატბორილი, არ არის ნათესები დატბორილი. ტელმანის უბანში გასაკეთებელია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი და გაბიონი. შესაბამისი პროექტი კარგა ხანია მზად არის და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“.

მაია ღურწკაიას სიტყვებით, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 796 მეტრის ნაპირსამაგრი გაკეთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG