Accessibility links

logo-print
არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაცია დღის განმავლობაში თავს იყრიდა საგანგებოდ არჩევნებისათვის შექმნილ მედიაცენტრში. დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით, მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საზოგადოებრივი დამცველისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები.

პირველივე ბრიფინგზე “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობაზე (1.3%) დაფიქსირდა უბნის გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზები. გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის სამი ფაქტი: დედოფლისწყაროსა და კასპის რაიონებში; მასალების არასათანადოდ წარმოების შემთხვევა - ბათუმის მე-6 და საბურთალოს 76-ე საარჩევნო უბნებზე; ასევე გამოვლინდა საარჩევნო უბნის გახსნის ორი პროცედურული დარღვევა რუსთავის 72-ე და გორის 24-ე საარჩევნო უბნებზე; ქუთაისის 65-ე და ისნის მე-5 საარჩევნო უბნებზე კი ადგილი ჰქონდა საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსების ორ ფაქტს.
ნინო ლომჯარიას თქმით, 11 საათისათვის “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიებში შეტანილი ჰქონდათ ექვსი საჩივარი. “სამართლიანი არჩევნები” მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, გადასატანი ყუთით მოსარგებლე მოქალაქეთა სია მნიშვნელოვნადაა შემცირებული:

„ჩვენი დაკვირვებით, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლების მაქსიმალური რაოდენობა წელს 200 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2012 წელს 300 ამომრჩეველს შეადგენდა“.

არჩევნების მიმდინარეობას კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში აკვირდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ მეთვალყურეები. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირინა ფუტკარაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საოკუპაციო ზოლის გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ახალგორის, არამედ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის, მათ შორის, დიცისა და გუგუთიანთკარის მცხოვრებლებისთვის.

ირინა ფუტკარაძის თქმით, სხვა დარღვევებიდან გამორჩეული იყო ხმის მიცემის მცდელობა მართვის მოწმობით, რასაც ადგილი ჰქონდა გორის რაიონში, მეჯვრისხევის 54-ე უბანზე, თუმცა მცდელობა აღმოიფხვრა დამკვირვებლის სიტყვიერი გაფრთხილების შედეგად. ასევე გორში, 32-ე და 66-ე უბნებზე, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა მარკირების პროცედურის გარეშე.

შემაჯამებელ ოქმებზე ნაადრევი ხელმოწერა პრობლემა იყო ჩხოროწყუს 21-ე უბანზე, სადაც დილის 10 საათზე კომისიის წევრებმა უკვე შეადგინეს შემაჯამებელი ოქმი და შემდეგ ის გადამალეს...
ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობას 370 მეთვალყურით აკვირდებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომლის წარმომადგენლები 66 ოლქის 330 უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, დღის პირველ ნახევარში არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარვეზები საერთოდ არ გამოვლენილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ბევრ უბანზე არ იყო ბიულეტენების საჭირო რაოდენობა. საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის ოლქის 26-ე უბნებზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. თერჯოლის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რასაც ეკა გიგაური აგიტაციის გაწევად მიიჩნევს. გარდა ამისა, მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას. და კიდევ:

„შემაჯამებელ ოქმებზე ნაადრევი ხელმოწერა პრობლემა იყო ჩხოროწყუს 21-ე უბანზე, სადაც დილის 10 საათზე კომისიის წევრებმა უკვე შეადგინეს შემაჯამებელი ოქმი და შემდეგ ის გადამალეს. საერთოდ, თუკი შევადარებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პროცედურული დარღვევა შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ ეს დარღვევები არ არის ისეთი, რომელიც გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე“.

ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ცხრა შემთხვევა, რაც მოხდა ბათუმში, მესტიაში, თიანეთში, დუშეთში, სიღნაღში, ქუთაისში, მარტვილსა და მარნეულში...
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია კი ამბობს, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები:

„ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ცხრა შემთხვევა, რაც მოხდა ბათუმში, მესტიაში, თიანეთში, დუშეთში, სიღნაღში, ქუთაისში, მარტვილსა და მარნეულში. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ხარვეზები იყო ბათუმის მე-7, მე-8, 52-ე და 72-ე საარჩევნო უბნებზე. ამ დროისათვის დაახლოებით 250-მდე ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. ესენი არიან ძირითადად რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები. მათი თქმით, ისინი იმყოფებოდნენ თავდაპირველად უბნებზე გამოკრულ სიებში, მაგრამ არჩევნების დღეს აღმოაჩინეს, რომ არ იმყოფებიან სამაგიდო სიებში“.

ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა მარნეულის 42-ე უბანზე, მარკირება არ გაკეთდა ვაკის 64-ე უბანზე. საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა დაფიქსირდა ორ უბანზე. ნინო ლომჯარიას თქმით, დღის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა საარჩევნო უბნებზე 5, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი.

ერთ-ერთი არის ის, რომ პრაქტიკულად არ ჰქონდა ადგილი ამომრჩეველთა ორგანიზებულ მიყვანას მიკროავტობუსებით საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები ვერ ახორციელებდნენ კონტროლს ამომრჩევლებზე...
არჩევნების მიმდინარეობას 36 საარჩევნო ოლქში აკვირდებოდნენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მეთვალყურეები. ასოციაციის ხელმძღვანელის კახა კოჟორიძის თქმით, დღის პირველ ნახევარში დაიწერა ოცამდე საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში ორმოცამდე შენიშვნა დაფიქსირდა:

„ძირითადად კენჭისყრა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და ძირითადად დარღვევები გამოწვეულია საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით, ვიდრე მიზანმიმართული ქმედებით. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია საჩივრების ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო შემთხვევები, როცა საუბნო-საარჩევნო კომისიები არ იბარებდნენ საჩივრებს. სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ის, რომ კრწანისის ერთ-ერთ უბანზე ორ დამკვირვებელს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რომელიც შესაძლოა სისხლის სამართლის ნიშნებსაც შეიცავდა“.

არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლებიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, თვალშისაცემია განსხვავებული ვითარება, შარშანდელ არჩევნებთან შედარებით.

„ერთ-ერთი არის ის, რომ პრაქტიკულად არ ჰქონდა ადგილი ამომრჩეველთა ორგანიზებულ მიყვანას მიკროავტობუსებით საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, ამა თუ იმ პარტიის აქტივისტები ვერ ახორციელებდნენ კონტროლს ამომრჩევლებზე. არ ჰქონდა ადგილი ამომრჩეველთა კონტროლს პარტიების კოორდინატორების მხრიდან, რასაც მასობრივი ხასიათი ჰქონდა წინა არჩევნებზე. ეს იყო ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. წელს ეს ფორმა არ გამოიყენა არც მმართველმა კოალიციამ და არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ასევე უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს სპეცუბნების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და უარის თქმა ჯარის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაყვანის პრაქტიკაზე, რაც ასევე იწვევდა სპეცუბნების გახსნას“, უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მედიაცენტრი დღეს გვიანობამდე იმუშავებს და, შესაბამისად, საზოგადოებას უბნებიდან შემოსულ ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG