Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურის მაძიებლებს ტესტების ჩაბარება მოუწევთ


პაატა ტრაპაიძე
პაატა ტრაპაიძე
25 ივლისიდან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება. როგორც დასაქმების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, 9 ნოემბრამდე 3000-მდე რეგისტრატორი საქართველოს მასშტაბით თითოეულ ოჯახს მოივლის და დასაქმების მაძიებლებს საშუალება ექნებათ სპეციალური ანკეტის საშუალებით უმუშევართა ბაზაში დარეგისტრირდნენ. პაატა ტრაპაიძის განმარტებით, სამსახურის მაძიებლებს უახლოეს მომავალში სპეციალური ტესტირების გავლაც მოუწევთ.

56 წლის, პროფესიით ეკონომისტი ნუგზარ კვაცაშვილი უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია. ის ცუდს ვერაფერს ხედავს დასაქმების სახელმწიფო აპარატის შექმნაში, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ხალხის დასაქმებისათვის მხოლოდ სამინისტროს ჩამოყალიბება და უმუშევართა ბაზის შექმნა საკმარისი ვერ იქნება:

”შეიძლება ადამიანმა მიიტანოს თავისი CV, ელოდოს მთელი წელი, ორი წელი, რაღაც იმედი ჰქონდეს, მაგრამ განა რეალური იქნება ეს მოლოდინი? კი, მოგროვდება ბაზა, მაგრამ რა?..”

რა თქმა უნდა, მხოლოდ უმუშევართა ბაზის შექმნა არ არის დასაქმების სახელმწიფო აპარატის და დასაქმების მინისტრის მთავარი მიზანი. როგორც ირკვევა, მათი მიზნები გაცილებით შორს მიდის. მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არაერთი მსუყე ციფრი დაასახელა, რომელიც პირდაპირ დაუკავშირა უმუშევართა დასაქმებას. პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულმა ციფრების ჯამმა კი, საბოლოოდ, 273 ათასი დამატებით დასაქმებული ადამიანი შეადგინა. თუმცა, სანამ ათასობით დასაქმებულ ადამიანზე ვისაუბრებდეთ, ჯერ სწორედ იმ უმუშევართა ბაზაზე უნდა შევჩერდეთ, რომლის შექმნასაც დასაქმების სახელმწიფო აპარატი უახლოეს თვეებში გეგმავს. უფრო ზუსტად კი, 25 ივლისიდან 9 ნოემბრამდე დასაქმების სამინისტროს მიერ დაქირავებული 3000 რეგისტრატორი მოქალაქეებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარებს შეავსებინებს. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით განხორციელდება. რა იქნება უმუშევართა ბაზის შექმნის შემდეგ? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დასაქმების სახელმწიფო მინისტრს პაატა ტრაპაიძეს მიმართა:
პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი ...
პაატა ტრაპაიძე

”ამ ბაზის ანალიზი, გეოგრაფიის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, ანუ ვინ არიან დაუსაქმებელნი. პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.

როგორც პაატა ტრაპაიძე განმარტავს, უმუშევართა ბაზის დამუშავების შემდეგ ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც დადგინდება მათი პროფესიონალიზმის ხარისხი და, შესაბამისად, დასაქმების შანსი:

”განათლების სამინისტროსთან ერთად გავაკეთებთ სრულ კურსს. პირობას ვდებ, ყველა ადამიანი, ვისაც უნდა, რომ თავისი ადგილი იპოვის საზოგადოებაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში გაივლის ტესტირებას.”

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის მტკიცებით, უმუშევარნი და სამუშაოს მაძიებელნი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გადამზადების კურსებსაც გაივლიან:

”თითოეულმა ადამიანმა ცოტა უნდა გაიჭირვოს, ცოტა მეტი უნდა ისწავლოს. თუ, მაგალითად, დღევანდელი პროფესია და მისი დიპლომი არ არის დამაკმაყოფილებელი, თქვას, რომ ის მზად არის სწრაფი, ეფექტური გადამზადებისთვის. მათ გადაამზადებს განათლების სამინისტრო, ჩვენ კი განათლების სამინისტროს მიმართულებებს მივაწოდებთ.”

რადიო თავისუფლებასთან საუბარში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული უმუშევართა ტესტირებები უკვე მომავალ თვეში დაიგეგმოს:

სამუშაო ადგილების შექმნა მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბიზნესს კარგი გარემო ექნება იმისათვის, რომ ის განვითარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს უფრო ლიბერალური ...
შოთა მურღულია

”მივიღებთ პირველ 10 000 კაცს? აგვისტოში მათ უკვე ტესტირებაზე გავუშვებთ. ის სკეპტიციზმი, რომელიც დღეს არის ბევრ ექსპერტში, რომ დასაქმების სამინისტრო კიდევ ერთი ფუჭი ელემენტია, ამას გავაქარწყლებთ”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მიუხედავად დასაქმების სახელმწიფო მინისტრის შორსმიმავალი გეგმებისა, ახლად შექმნილი უწყების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია. მისი თქმით, 2006 წელს დასაქმების სახელმწიფო სააგენტო სწორედ იმ მიზეზით გაუქმდა, რომ, ხელისუფლების განცხადებით, დასაქმება არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის პრეროგატივა იყო, ამჟამად კი ახლად შექმნილი უწყება სწორედ იმის გაკეთებას აპირებს, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინა დასაქმების სააგენტოს - იქნებოდა ეს უმუშევართა აღრიცხვა თუ კვალიფიკაციის ამაღლება. როგორც შოთა მურღულია ამბობს, ბიზნესის განვითარება ქვეყანაში უმუშევრობის დონის დაბალ მაჩვენებლამდე დაწევის პირდაპირპროპორციულია:

”სამუშაო ადგილების შექმნა მაშინ არის შესაძლებელი, თუ ბიზნესს კარგი გარემო ექნება იმისათვის, რომ ის განვითარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ საგადასახადო სისტემა იყოს უფრო ლიბერალური, ბიზნესის წარმოების ფონი - საკუთრების უფლების დაცვა იქნება თუ სხვ. - იყოს ისე გამართული, რომ ადამიანებს ბიზნესის წარმოების სურვილი ჰქონდეთ, მათ შორის იმავე უცხოელ ინვესტორებსაც.”

აქვე გეტყვით, რომ, როგორც მთავრობის დადგენილებაშია მითითებული, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს - მათ შორის მოზარდებს 15 წლიდან. თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება აკრძალვებს, დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს, და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში/პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებსა და სკოლის მოსწავლეებს.
XS
SM
MD
LG