Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გმობს სირიაში საავადმყოფოების დაბომბვას


სირიაში, პროვინცია იდლიბში, მაარეთ ალ-ნუმანის მახლობლად, დაბომბვის შედეგად დანგრეული საავადმყოფო, რომელთანაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ" თანამშრომლობდა. 2016 წლის 15 თებერვალი.
სირიაში, პროვინცია იდლიბში, მაარეთ ალ-ნუმანის მახლობლად, დაბომბვის შედეგად დანგრეული საავადმყოფო, რომელთანაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ" თანამშრომლობდა. 2016 წლის 15 თებერვალი.

დასავლეთის სახელმწიფოებმა დაგმეს სირიის საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვა, რასაც 15 თებერვალს 50 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა. გაეროს თანახმად, ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში დაიბომბა, სულ მცირე, ხუთი სამედიცინო დაწესებულება და ორი სკოლა. გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იერიშები შეაფასა, როგორც „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“. თურქეთმა ამ საავიაციო თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი დაადანაშაულა. ვაშინგტონს მოსკოვის მიმართ ერთმნიშვნელოვანი ბრალდება არ წაუყენებია, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ დამანგრეველი საავიაციო იერიშების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა „რუსეთის უნარი და სურვილი, წერტილი დაუსვას ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს.“ თავად რუსეთი საავადმყოფოების დაბომბვაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ავიაციას ადანაშაულებს - რუსეთში სირიის ელჩ რიად ხადადზე დაყრდნობით, რომელმაც ამის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა განცხადება. ამ ფონზე ორშაბათ საღამოს დამასკში ჩავიდა სირიის საკითხებში გაეროს წარგზავნილი სტაფან დე მისტურა. მან უნდა მოამზადოს სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციას არაპირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 25 თებერვალს, ჟენევაში უნდა მოეწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG