Accessibility links

logo-print

მას შემდეგ, რაც „ეროვნულმა ფორუმმა“ დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ გართულდება პარლამენტში საკანონმდებლო მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, რომელსაც 76 ხმა სჭირდება. რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რჩება, „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილება კი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა შარტავამ, ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას.

„ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილება, დატოვოს კოალიცია და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები, საზოგადოებას პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ გააცნო. მისი განმარტებით, „ეროვნულმა ფორუმმა“ პირნათლად შეასრულა კოალიციის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს:

„ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „ეროვნული ფორუმი“ გადის კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან და ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო, საპარლამენტო ფრაქცია და პარტიის წარმომადგენლობა ადგილობრივ თითმმართველობებში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნებას. არჩევნების მზადების საერთო პოლიტიკური პროცესის ხელმძღვანელობა დამევალა მე და მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნაც დამევალა მე“.

ჩვენ არ გვაქვს იმის განსაკუთრებული მოთხოვნილება, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერი კვაჭანტირაძე და ბაქრაძე ამ დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი აპარატის და შესაძლებლობების გარეშე დავტოვოთ...

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად. საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციისა და, ჯამში, 88 წევრისგან შედგებოდა. მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია. „ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობიდან რესპუბლიკური პარტიაც გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელ საპარლამენტო სტრუქტურაში.

თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მუდმივად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და მომავალშიც ასე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, ის თავისი 10 მანდატით „ჟონგლიორობას არ აპირებს“:

„ახალი რეალობა, რომელიც ფორუმის გადაწყვეტილებამ შექმნა, პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა პარლამენტში არის, ხმები საკმარისია და ჩვენ ამით ჟონგლიორობას არ ვაპირებთ. გასაგებია, რესპუბლიკელების 10 მანდატზე დამოკიდებულია, იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა. ჩვენ არ გვაქვს იმის განსაკუთრებული მოთხოვნილება, უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერი კვაჭანტირაძე და ბაქრაძე ამ დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი აპარატის და შესაძლებლობების გარეშე დავტოვოთ“.

საპარლამენტო უმრავლესობის დაშლით გამოწვეულ შესაძლო პრობლემებს არ გამორიცხავს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი თამაზ მეჭიაური:

„რა თქმა უნდა, გართულდება უფრო გადაწყვეტილებების მიღება და, ალბათ, ყველა კონკრეტულ საკითხზე იქნება კონსულტაციები საჭირო“.

ამავდროულად, პარტია „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ვიცე- პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჯანსაღი კონკურენცია კოალიციისთვისაც აუცილებელია და პარტია ცოტა ხანში განახლებული შემადგენლობით წარდგება, განმსაზღვრელი კი სუფთა წარსული და პროფესიონალიზმი იქნება:

კახა კალაძე

კახა კალაძე

„არჩევნებზე ვაპირებთ, რომ პარტიებმა თავისი სახეები წარადგინონ და არჩევნების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თანამშრომლობის ფორმატთან დაკავშირებით. აქცენტი გაკეთდება სუფთა წარსულზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმზე. ზოგადად, როცა ახალი სახეები მოდის ნებისმიერ გუნდში, ეს არის მისასალმებელი და სადაც კონკურენციაა, იქ შედეგიც ყოველთვის მაღალია. ვფიქრობ, დავიწყოთ პარტიაში გაწევრიანებული ადამიანების წარდგენა და, შესაბამისად, გაიგებთ მათ წარსულს“.

თავისუფალი დემოკრატები დარწმუნებული არიან, რომ კოალიცია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიშალა და ახლა პარტიებს, დამოუკიდებლად არჩევნებში კენჭისყრის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენიათ. როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, კოალიციის დაშლამ, სავარაუდოდ, უნდა გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი, ვინაიდან აქამდე ეს პარტიები ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ რესურსებზე იყვნენ დამოკიდებული.

როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, წინასაარჩევნოდ, როგორც მმართველი ძალის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს მთავარ წინასაარჩევნო სირთულეებთან გამკლავება:

„გიორგი კვირიკაშვილისთვის ეს იქნება უმძიმესი გამოწვევა, ვინაიდან წინასაარჩევნოდ ყველაზე არაპოპულარულ და ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მას ამ პოსტზე თანხმობის მიცემა - მაშინ, როცა მმართველ კოალიციაშიც აზრთა ერთიანობა არ იყო, მეტიც, უკვე სახეზე იყო წინააღმდეგობა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG