Accessibility links

logo-print

ნიქოზში ანიმაციური ფილმების მეოთხე ფესტივალი დასრულდა


ფესტივალის სტუმრები

ფესტივალის სტუმრები

ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ეს ფესტივალი უკვე მეოთხედ ჩატარდა და მასში მსოფლიოს ცნობილმა ანიმატორებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი წელს პირველად მისი ინიციატორის და დამაარსებლის, ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) გარეშე მიმდინარეობდა. მიტროპოლიტი ოთხ თვეზე მეტია ოკუპირებულ ახალგორში იმყოფება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მისი გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვის გაცემას აჭიანურებენ, ამიტომ ისაია ახალგორს არ ტოვებს, რადგან უკან, იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებში უსაშვოდ დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. ფესტივალის გახსნაზე ახალგორიდან მიტროპოლიტმა ვიდეოჩანაწერი გამოგზავნა და ფესტივალის სტუმრებს მიმართა:

„ჩვენთვის ხელოვნება ის სამყაროა, რომელშიც ადამიანი შეიძლება მიემსგავსოს თავის შემოქმედს, ის სფეროა, რომელშიც ადამიანს შეუძლია შექმნას, დახატოს, იაზროვნოს, განიცადოს და სხვასაც განაცდევინოს სევდა, თანაგრძნობა, ტკივილი თუ სიხარული. ეს არის საშუალება თვითონაც ეძებოს და სხვასაც დაეხმაროს ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის ძიებაში“.

საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი და ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. მიტროპოლიტის არყოფნის მიუხედავად, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები მისმა მეგობრებმა მოაგვარეს. რეჟისორი გელა კანდელაკი ისაიას დიდი ხნის მეგობარია და ნიქოზის ხელოვნების სკოლაში პატარებს ანიმაციის ხელოვნებას ასწავლის. მისი თქმით, საერთაშორისო ფესტივალი მასშტაბებს ყოველწლიურად აფართოებს.

ფესტივალი ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ფილმით, „მაწანწალათი“, გაიხსნა. ქეთევან თედეევი სხვა ბავშვებთან ერთად ამ ფილმის პერსონაჟებს ხატავდა.

მიხეილ კანდელაკი ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ანიმაციის ხელოვნებას ეუფლება. ამ სკოლაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან ყოველდღიურად ასამდე მოსწავლე დადის. ფესტივალის დღეებში ახალგაზრდა ანიმატორებს უცხოელმა რეჟისორებმა მასტერკლასები და ტრენინგები ჩაუტარეს.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება არა მარტო ხელოვნების ზეიმია, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.

უკვე მეორე წელია ამ ფესტივალში ამერიკელი ანიმატორებიც მონაწილეობენ, ამიტომ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამ ფესტივალის უკვე ტრადიციული სტუმარია. იგი ხელოვნების სამშვიდობო მისიას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს.

ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. წელს ნიქოზის ფესტივალზე, საქართველოს, პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ბელორუსის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის, იტალიისა და რუსეთის გარდა, უკვე იაპონელი ანიმატორებიც იყვნენ წარმოდგენილნი. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში მომავალი წლის სექტემბრის დასაწყისში ისევ გაიხსნება.

XS
SM
MD
LG