Accessibility links

logo-print
ზუგდიდში ბოლო 2 წლის განმავლობაში ორი ტურისტული სააგენტო დაიხურა. მათი ხელმძღვანელები სააგენტოს დახურვის მიზეზად მოქალაქეთა დაბალ მომართვიანობას ასახელებდნენ. დღეს ქალაქში ტურისტული ბიზნესით დაკავებული ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ერთი ტურისტული სააგენტოა.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ახერხებენ თუ არა მოქალაქეები ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენებას და ამ კითხვით მათ ზუგდიდის ქუჩებში მიმართა.

„სად არის, შვილო... დასვენების დრო სად მაქვს?“

„კი, ჩემები წავლენ ზღვაზე – სარფში, იქ ვისვენებთ 10 წელია.“

„კი, ერთი კვირით გავდივარ ზღვაზე.“

„ანაკლიამდე შორი არ არის და ვბრუნდებით ისევ უკან, სახლში. მე, პირადად, დასვენების სურვილი არ მაქვს. მეხუმრებით? რა საზღვარგარეთი!.. საქართველოს ფარგლებში ვერ დავდივარ.“

ვის არ უნდა დასვენება. ლტოლვილი კაცი ვარ და ძლივს ვარჩენ ოჯახს. მარტო 28 ლარი მაქვს და როგორ უნდა წავიდე დასასვენებლად?!...

„როცა ჩამოვდივარ, ბავშვებთან ერთად მთელ საქართველოს დავივლი: ბათუმი, ანაკლია, ბორჯომი, კახეთიც მოვიარე. მე უკრაინიდან, ოდესიდან ჩამოვედი.“

„მე არ მაქვს დასვენების საშუალება. მესამე შვილიშვილს ველოდები და ბევრი სხვა რამეა საჭირო, სამსახურიც არ მაქვს.“

„არ მაქვს ახლა საშუალება და არც მექნება. არ შეიცვლება არაფერი, რადგან სამუშაო არ არის.“

„ვის არ უნდა დასვენება. ლტოლვილი კაცი ვარ და ძლივს ვარჩენ ოჯახს. მარტო 28 ლარი მაქვს და როგორ უნდა წავიდე დასასვენებლად?!“

ძირითადად მოთხოვნილება არის ბორჯომზე, საირმესა და ცემზე. ეს სამი კურორტი მაქსიმალურად იტვირთება. ზამთარშიც დადიან ბაკურიანში, მაგრამ იმდენი დატვირთვა არ აქვს, რამდენიც ბორჯომსა და საირმეს...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის კავშირი“ 2005 წელს დაარსდა. თავდაპირველად ის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტს სთავაზობდა, თუმცა, როგორც ორგანიზაციის უფროსის მოადგილე ლალი ივარდავა აცხადებს, მოგვიანებით მომხმარებლები სამკურნალო კურორტებით დაინტერესდნენ და ორგანიზაციამ სადაზღვევო პაკეტებს ტურისტული მომსახურებაც დაამატა. ლალი ივარდავა აცხადებს, რომ „ჯანდაცვის კავშირს“ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რაც, მისი თქმით, სხვადასხვა ტურებზე ხელმისაწვდომმა ფასებმა განაპირობა.

„ძირითადად მოთხოვნილება არის ბორჯომზე, საირმესა და ცემზე. ეს სამი კურორტი მაქსიმალურად იტვირთება. ზამთარშიც დადიან ბაკურიანში, მაგრამ იმდენი დატვირთვა არ აქვს, რამდენიც ბორჯომსა და საირმეს.“

ლალი ივარდავას განმარტებით, მომხმარებლები ძირითადად სამკურნალო კურორტებით ინტერესდებიან, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასვენებას კი ახალდაქორწინებული წყვილები უკვეთენ.
ჩვენ ძირითადად ბელორუსიისა და უკრაინის ტურისტული სააგენტოების დახმარებით ვმუშაობთ. ადგილობრივები ნაკლებად არიან დაინტერესებული...

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტულ კომპანია „კესარიას“, ის მიმდინარე წლის მაისში გაიხსნა და, როგორც მისი მარკეტინგის მენეჯერი არჩილ თოდუა აცხადებს, კომპანია ბელორუსიისა და უკრაინის ტურისტული სააგენტოების დახმარებით იღებს მომხმარებლებს. ადგილობრივებისთვის კომპანიას ჯერჯერობით შეთავაზება არა აქვს, თუმცა, არჩილ თოდუას თქმით, სამი თვის განმავლობაში არც არავინ მოსულა ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ დასვენების მსურველი:

„რადგანაც ტურისტული კომპანია ახლად დაფუძნებულია, ჯერჯერობით ფართო მასშტაბებზე არ გავსულვართ. ჩვენ ძირითადად ბელორუსიისა და უკრაინის ტურისტული სააგენტოების დახმარებით ვმუშაობთ. ადგილობრივები ნაკლებად არიან დაინტერესებული. თუკი ვინმე დაინტერესებულია იმით, რომ მუშაობა დაიწყოს, კითხულობენ, არის თუ არა გიდის ან მენეჯერის ვაკანსია.“

არჩილ თოდუას თქმით, კომპანია მინიმუმ ორი წლის განმავლობაში უცხოელ ტურისტებს შესთავაზებს ტურებს. რაც შეეხება ადგილობრივებს, არჩილ თოდუა იმედოვნებს, რომ სარეკლამო კამპანიის დასრულების შემდეგ დასვენების მსურველთა დაინტერესება გაიზრდება, რაც კომპანიას ახალი პაკეტების შეთავაზების საშუალებას მისცემს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG