Accessibility links

საქართველოში არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ იცის რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. ასევე არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგომ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმების და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. უფრო მეტს იმაზე, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება უსახლკაროებს, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ნინო ორი შვილის დედაა. მეხუთე წელია ბავშვებთან ერთად თავს აფარებს მეტრო „ღრმაღელესთან“ მდებარე მერვე საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების მიტოვებულ შენობას, სადაც ასევე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი სხვა ოჯახები და დევნილები.

„ძალიან ცუდი პირობებია! თუ ბავშვები ვერ მოასწრებენ გაკვეთილების მომზადებას დღის სინათლეზე, მაშინ უწევთ სანთლის შუქზე მეცადინეობა. არ გვაქვს დენი! არ გვაქვს წყალი, გაზი... კანალიზაციაც კი არ გვაქვს!“ – უთხრა უსახლკარო ქალმა რადიო „თავისუფლებას“.

ნინოსა და მისი შვილების მდგომარეობაში იმყოფება ბევრი სხვა, არაერთი ოჯახი, თუმცა, თუ რამდენია მათი ზუსტი რაოდენობა, არავინ იცის. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, არ აქვს ხედვა და ამოცანები, რომლებსაც მან უნდა უპასუხოს:

„არც გაცხადებული და არც არაფორმალური სტრატეგია არ არსებობს, რაც, პრინციპში, ამ პრობლემის მოგვარებას ძალიან დიდი ხნით გადაავადებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარი, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, არის სტრატეგიის შექმნა, რაც დაეფუძნება უსახლკაროთა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემებს. კვლევის შედეგად ასევე დავინახეთ, რომ უსახლკარობის პრევენციის პოლიტიკა ასევე არ გააჩნია სახელმწიფოს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩავარდნა სახელმწიფო პოლიტიკაში. მისი ისედაც ფრაგმენტული პოლიტიკა მთლიანად რეაგირებითია, მთლიანად არის მორგებული უსახლკარო პირთა ძალიან მწვავე საჭიროებებს და მას არ აქვს პრევენციული შინაარსი“.

ლინა ღვინიანიძის თქმით, დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ვერ აზღვევს უსახლკარობას და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის რისკებს, ასევე ვერ სთავაზობს უსახლკაროებს ისეთ სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

„ამდენად ეს, როგორც პოლიტიკის, ასევე იმპლემენტაციის დონეზე, უსახლკარობა არის პრობლემა, რომელსაც დღეს სახელმწიფო საერთოდ ვერ პასუხობს. ასევე კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ უსახლკარობის საკითხი განსაკუთრებულად მიემართება სხვადასხვა მოწყვლადობის ჯგუფებს, როგორებიც არიან ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები, როგორებიც არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსული 18 წელს მიღწეული პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ლინა ღვინიანიძემ, რომლის თქმით, უსახლკარობის მიზეზთა ჩამონათვალი უფრო ვრცელია. აი, რა დაასახელა ნინომ – ორი შვილის უსახლკარო დედამ, რომელიც საავადმყოფოს მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს:

„ჩემი საკუთარი სახლი, მშობლების სახლი, დაინგრა მიწისძვრის შედეგად. ქმრის ოჯახში ვცხოვრობდი, შემდეგ ისე მოხდა, რომ დავცილდით ერთმანეთს. ხშირად სვამდა და ბავშვებისთვის იყო გაუსაძლისი პირობები. გავედი ქირით, მაგრამ ქირას რომ ვერ ვიხდიდი, მომიწია ამ შენობაში მოსვლა. აქ უკვე ცხოვრობდნენ ე.წ. შეჭრილები და მათ დამითმეს ერთი ოთახი. მას მერე აქ ვიმყოფები“.

უსახლკარობის მიზეზთა შორის ასევე დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ეწირება საცხოვრებელი სახლები, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამუშავების შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია, რომ, სამედიცინო ხარჯების გამო, ვინმე ჰყიდდეს საცხოვრებელს.

„შეიძლება წინა წლებში ეს პრობლემა მწვავედ იდგა, იმიტომ, რომ სტაციონარული მომსახურება და ოპერაციები ძალიან ძვირი ჯდებოდა და სახელმწიფო ამას არ აფინანსებდა, თუმცა დღეს ეს პრობლემა არ არის. სოციალურად დაუცველებს შეუზღუდავად აქვთ გადაუდებელი ჯანდაცვის პაკეტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა გვარამაძემ, რომლის თქმითაც, მუშავდება და ბოლო ეტაპზეა უსახლკარობის დაძლევის სახელმწიფო სტრატეგიის მიღების პროცესი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, ძირითადი დატვირთვა მოდის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე, რომლებიც თავიანთი რესურსების შესაბამისად მოქმედებენ.

მიუსაფარი პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, არსებობს ლილოს თავშესაფარი. 2015 წლის დეკემბერში აშენდა, მას შემდეგ, რაც კარვები მოიშალა მოსკოვის პროსპექტზე. იქ მიდიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში და არიან მიუსაფრები...

„იქნება ეს ბინის ქირა, სოციალური საცხოვრისი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, უსახლკაროდ ითვლება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, როგორც უსახლკარო. მეორე დეფინიცია, რომელიც არსებობს დღევანდელ კანონმდებლობაში – ეს არის „მიუსაფარი პირი“, – ბენეფიციარები, რომლებიც, მაგალითად, ლილოს თავშესაფრისთვის არიან განკუთვნილი. ეს არის ჭერის არმქონე პირი, რომელსაც არ გააჩნია შემოსავალი და ა.შ."

თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა უსახლკარო პირად რეგისტრაციის წესი. ერთადერთი გამონაკლისია თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც ეფექტიანად მუშაობს „უსახლკაროს“ სტატუსის მიმნიჭებელი კომისია. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, განცხადება დაწერილი აქვს 1500 ადამიანს, სტატუსი კი მიენიჭა 250-ს:

„მიუსაფარი პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, არსებობს ლილოს თავშესაფარი. 2015 წლის დეკემბერში აშენდა, მას შემდეგ, რაც კარვები მოიშალა მოსკოვის პროსპექტზე. იქ მიდიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში და არიან მიუსაფრები“.

გელა ჩივიაშვილის თქმით, ლილოს თავშესაფარში ამჟამად 104 ბენეფიციარი იმყოფება, სულ შენობა კი 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. 2016 წელს თბილისის ბიუჯეტიდან უსახლკარობის პრობლემატიკის მოგვარებაზე მილიონ ორასი ლარი გამოიყო, თუმცა, ანგარიშის ავტორთა თქმით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ვითარება უკიდურესად მძიმეა: სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირების მუნიციპალური და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილი პირების უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებითა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საკითხი. დამატებით პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისთვის სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში გამოყოფილი ფინანსების ნაკლებობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG