Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი სნოუდენის გამო დავობენ


რუსეთი უარყოფს მოწოდებას, შეერთებულ შტატებს გადასცეს ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, რომელზეც შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ბოლო ინფორმაციით, სნოუდენი მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში, სატრანზიტო ზონაში იმყოფება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს დაადასტურა, რომ სნოუდენი მოსკოვის აეროპორტში იმყოფება - სატრანზიტო ზონაში. იქვე პუტინმა გამორიცხა ვაშინგტონისათვის ედვარდ სნოუდენის გადაცემა.

„ბატონი სნოუდენი მართლაც ჩამოფრინდა მოსკოვში. ჩვენთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო. ის ჩამოვიდა, როგორც ტრანზიტული მგზავრი. მას არ სჭირდება არც ვიზა, არც რაიმე სხვა დოკუმენტი - როგორც ტრანზიტულ მგზავრს, აქვს უფლება იყიდოს ბილეთი და სადაც უნდა, გაფრინდეს“, - განაცხადა პუტინმა. მან აღნიშნა ასევე, რომ სნოუდენს არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული რუსეთის ტერიტორიაზე და, ყველაფერთან ერთად, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს არა აქვთ გაფორმებული ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება.
რახან არა გვაქვს ექსტრადიციის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება, არ მოველით სნოუდენის ოფიციალურ ექსტრადიციას, მაგრამ გვჯერა, რომ არსებობს სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ბაზა ბატონი სნოუდენის გადმოსაცემად, მის წინააღმდეგ ბრალდებებისა და მისი სამგზავრო დოკუმენტების სტატუსის საფუძველზე...
პატრიკ ვენტრელი

ასეთი ხელშეკრულება რომ არ არსებობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ ვენტრელმაც დაადასტურა, მაგრამ მანვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სნოუდენი მათლმსაჯულებას გაურბის.

როგორც ცნობილია, ედვარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა ინფორმაცია აშშ-ის თვალთვალის საიდუმლო პროგრამის შესახებ, რასაც მოჰყვა მისთვის ბრალდების წაყენება. ცოტა ხნის წინ მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ეკვადორს.

„ვეთანხმებით პრეზიდენტ პუტინს, რომ არ გვსურს ეს საკითხი უარყოფითად აისახოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე. ამიტომ, რახან არა გვაქვს ექსტრადიციის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება, არ მოველით სნოუდენის ოფიციალურ ექსტრადიციას, მაგრამ გვჯერა, რომ არსებობს სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ბაზა ბატონი სნოუდენის გადმოსაცემად, მის წინააღმდეგ ბრალდებებისა და მისი სამგზავრო დოკუმენტების სტატუსის საფუძველზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ ვენტრელმა. მას არ უთქვამს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რა რეაქციაა მოსალოდნელი, თუ სნოუდენს მოსკოვის აეროპორტიდან გაფრენის საშუალებას მისცემენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთს „სიმშვიდისაკენ“ მოუწოდებს, სნოუდენის ესქტრადიციასთან ერთად, და ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი არ მიისწრაფვის მოსკოვთან კონფრონტაციისაკენ. სხვათა შორის, ობამას ადმინისტრაციის პოზიცია ამჯერადაც გააკრიტიკა რესპუბლიკელმა სენატორმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა. მან ამერიკის ლიდერი „სისუსტეში“ დაადანაშაულა და მის ადმინსტრაციას მოუწოდა, მოსკოვთან ურთიერთობა გადასინჯოს.

მოსკოვი უარყოფს მის მიმართ ვაშინგტონის ყოველგვარ ბრალდებას: რუსეთის მიმართ ბრალდებები ბოდვა და აბსურდიაო, - განაცხადა პუტინმა ფინეთში ვიზიტისას. ედვარდ სნოუდენის სახელი მან დაუკავშირა ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის, ჯულიენ ასანჟისას:
ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ის, ისევე როგორც ბატონი სნოუდენი, თავს უფლებადამცველად მიიჩნევს და ინფორმაციის გავრცელებისათვის იბრძვის. საკუთარ თავს ჰკითხეთ, საჭიროა თუ არა ასეთი ხალხის გადაცემა ციხეში მათ ჩასასმელად“.

ფინეთში ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებებმა ბოლო მოუღო მითქმა-მოთქმას ედვარდ სნოუდენის ადგილსამყოფლის შესახებ. ის ნანახი არ ჰყავდათ მას შემდეგ, რაც კვირას ჰონკ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა.

შეერთებული შტატების საიდუმლო პროგრამა, რომლის დეტალებზე ინფორმაციაც ედვარდ სნოუდენმა გაავრცელა, ითვალისწინებს შეერთებულ შტატებსა და დანარჩენ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სატელეფონო საუბრებისა და ინტერნეტით სარგებლობის მეთვალყურეობას და მონაცემების შეგროვებას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განმარტებით, პროგრამა კანონიერია და მისი დახმარებით 50-მდე ტერორისტული შეთქმულების ჩაშლა მოხერხდა.
XS
SM
MD
LG