Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სასამართლოში გაასაჩივრებს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების თაობაზე. ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებას ყადაღა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დაედო. ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობით, იძულებით დაათმობინეს და ახლა ამ წილის უკან დაბრუნებას მოითხოვს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელები კი ყოფილი მეწილის სარჩელში ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის მცდელობას ხედავენ.

სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს წარმოებაში. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, ქიბარ ხალვაში, 2008 წლიდან მოყოლებული, პროკურატურისგან ითხოვდა იძულებით დათმობილი წილების თაობაზე განცხადების განხილვას, მაგრამ როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლება განცხადებას არ განიხილავდა. ამჟამად სასამართლოსგან ქიბარ ხალვაში წილის დაბრუნების საკითხის გარკვევას ითხოვს. პაატა სალიას თქმით, „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი 2006 წლის ნოემბრამდე ქიბარ ხალვაში იყო:

„ქიბარ ხალვაშმა 2004 წელს შეიძინა „რუსთავი 2“-ის წილები. ნაწილი შეიძინა როგორც ფიზიკურმა პირმა ქიბარ ხალვაშმა პაატა კარსანიძისაგან და 30 % შეიძინა ქიბარ ხალვაშის კომპანიამ ეროსი კიწმარიშვილისგან და მოგვინებით 10 % შეიძინა ნიკა ტაბატაძისგან, რის შედეგადაც 60 % იყო ქიბარ ხალვაშზე და 40 % იყო მის კუთვნილ კომპანიაზე, ანუ, ფაქტობრივად, წილების 100 %-ს ის აკონტროლებდა 2006 წლის ნოემბრამდე“.

დღევანდელი მონაცემებით, ტელეკომპანიის 91 %-იანი წილის მფლობელები არიან ლევან და გიორგი ყარამანიშვილები. ლევან ყარამანიშვილს აქვს 22 %, გიორგი ყარამანიშვილს - 18 %, ტელეკომპანია „საქართველოს“ – 51 % და ამ ტელეკომპანიის 100 % გიორგი და ლევან ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ჯამში, მათი წილი „რუსთავი 2“-ში შეადგენს 91%- ს, 9 % კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის.

ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი, სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა...

„რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ყველა ამჟამინდელი მეწილე კეთილსინდისიერი მფლობელია. ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით ის ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესებს ხედავს და „სამართლებრივ ომს“ აანონსებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში ნიკა გვარამია ამბობს:

„ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი, სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა, ბუნებრივია, მოდავე მხარის ინიციატივით. და მოდავე მხარე, ცხადია, რომ არ არის მარტო ხიბარ ხალვაში და არის ხელისუფლებაც“.

მართალია, ხელისუფლება და ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლები საკითხის პოლიტიკურ მდგენელს გამორიცხავენ და დავას ორ სუბიექტს შორის მხოლოდ სამართლებრივს უწოდებენ, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი ნინო რობაქიძე ამბობს, რომ პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლობა არ გამოვა. ნინო რობაქიძის თქმით, 2004-2012 წლებში „რუსთავი 2“-ის მფლობელები თითქმის 20-ჯერ შეიცვალნენ და ხშირად ეს ცვლა საეჭვო გარიგებების შედეგად ხდებოდა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საკითხი კი ყოველთვის იყო პოლიტიზებული თემა და სასამართლოს მოუწევს პოლიტიკურად სენსიტიური თემის გვერდის ავლა.

რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ კამპანია ბუმერანგად დაუბრუნდება ხელისუფლებას და იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ამ მთავრობისთვის...

„პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინება,რომელშიც დღეს „რუსთავი 2“-ია, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთო ეროვნული მაუწყებელი საქართველოში. ასევე გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ „რუსთავი 2“-მა რამდენჯერმე დაადანაშაულა ხელისუფლება პოლიტიკურ ზეწოლაში, ამიტომ ყველა შემთხვევაში კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ სასამართლომ უნდა იმუშაოს პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ გაეცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც სამართლებრივად შეიძლება ამ საქმეს უკავშირდებოდეს“,- ამბობს ნინო რობაქიძე.

ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოსალოდნელ სამართლებრივ დავას. ამის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა:

„რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ კამპანია ბუმერანგად დაუბრუნდება ხელისუფლებას და იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ამ მთავრობისთვის“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით კი, თავის დროზე ქიბარ ხალვაშის უფლებები შეილახა და ახლა დამოუკიდებელი სასამართლო იმსჯელებს ამ უფლებების თაობაზე:

„ეს იყო ძალიან ცუდი რამ და აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა და ზეწოლა უნდა მოსცილდეს ამ საქმეს და ჩვენ მივანდოთ მთლიანად ეს სამართლებრივი დავა სასამართლოს. დღეს უზრუნველყოფილია ის, რაც არ იყო მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშის უფლებები შეილახა“.

ქიბარ ხალვაშის სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო ორშაბათს იმსჯელებს. რადიო თავისუფლება პროკურატურას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა ქიბარ ხალვაშის და სხვა მესაკუთრეთა განაცხადების განხილვა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მოკვლევა მიმდინაროებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG