Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავალიანებები და კითხვები კულტურის მინისტრთან


საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე

კომპანიას, რომლის მეწილეც, 2014 წლის ჩათვლით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე და კულტურის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იყო, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მილიონ 200 ათასზე მეტი დავალიანება აქვს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს თავის გამოკვლევაში, რომელიც 9 დეკემბერს გამოაქვეყნა.

გადმოწერა

ასოციაციისავე განცხადებით, კომპანია დღემდე მინისტრის საკუთრებაში არსებული ბინის მისამართზეა დარეგისტრირებული. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ კულტურის მინისტრი შესაძლოა მხოლოდ ფორმალურად იყოს ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე ჰქონდეს იქ ინტერესები. რას უპასუხებს მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციას და რატომ არ მოითხოვა ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიისგან ვალის გადახდა?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“, რომლის მეწილეც 2014 წლის შემოდგომამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო, სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს. საქმე ეხება სახელმწიფოსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის 2005 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, კომპანიას თბილისის საკონცერტო დარბაზი, ფილარმონია, 49-წლიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მეწილეები იყვნენ, ასევე, კულტურის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი. როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს „ინტერნეიშენალ ივენთსს“ სახელმწიფოს მიმართ 700 000 ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა, დღეის მონაცემებით კი, დავალიანებამ მილიონ ორასი ათასს გადააჭარბა. გარდა ამისა, "ინტერნეიშენალ ივენთსი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებითნაკისრ ვალდებულებებს. კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება, კომპანიის მიერ დროულად არ ხდება შესაბამისი ანგარიშების სახელმწიფოსთვის წარდგენა. საიას იურისტის, სულხან სალაძის, თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული კომპანიისთვის დავალიანების გადახდა არავის მოუთხოვია. მისივე თქმით, დავალიანების დაფარვის შეტყობინება კომპანიას ბოლოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაუგზავნა:

„ეს იყო იჯარის ქირა, რომელიც უნდა გადაეხადა მას თბილისის ფილარმონიის სარგებლობისათვის, თუმცა, 2011 წლიდან მოყოლებული, კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. მარტო 2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, 72 ღონისძიება ჩატარდა თბილისის ფილარმონიის ორივე დარბაზში და, მთლიანობაში, მარტო გადასახადის სახით, 800 ათას ლარზე მეტი უნდა მიეღო კომპანიას ამ დარბაზების გაქირავების სანაცვლოდ, თუმცა ერთი თეთრიც არ არის გადახდილი ბიუჯეტში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, პრაქტიკულად, სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისათვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდერჩება მისამართი, რომელიც მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოადგენს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ეს აძლიერებს ეჭვს, რომ კულტურის მინისტრი მხოლოდ ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე აქვს ინტერესები "ინტერნეიშენალ ივენთსში". ანა ნაცვლიშვილი, საიას ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და, "ინტერნეიშენალ ივენთსის" მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების არაერთხელ დარღვევის გამო, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტოს:

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის დავალიანება, რომელიც კომპანიას უფიქსირდება, იყოს ამოღებული. დანარჩენი საკითხები, ეს არის პოლიტიკური თემები და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით თავად მინისტრმა და შესაბამისმა პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. ის პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ კომპანია მის საკუთრებაში არსებულ მისამართზეა დარეგისტრირებული, თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ ხარვეზს გამოასწორებს:

„ამ ბინაში ათ წელზე მეტია არ ვცხოვრობ და როდესაც ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არ გახსენებია არავის ეს ფორმალური საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ, გავაუქმებ იმ რეგისტრაციას“.

ერეკლე ურუშაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკრძალება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება საჯარო სამსახურის პარალელურად რომელიმე კერძო კომპანიაში და, ასევე, კომპანიის მართვაში მონაწილეობა, მაგრამ, მისი თქმით, თანამდებობის პირებს არ ეკრძალებათ წილის ფლობა, თუმცა არსებობს გამონაკლისიც, როდესაც თანამდებობის პირს არც წილის ფლობის უფლება აქვს:

„იმ შემთხვევაში, თუკი ეს კომპანია შედის მათი თანამდებობრივი კონტროლის სფეროში, ეს აკრძალვა გვაქვს საქართველოში და ამის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება არის ის ქონებრივი დეკლარაციები, რომელსაც თანამდებობის პირები ავსებენ. იქ უნდა მიუთითონ, თუკი რაიმე კომპანიასთან აქვთ კავშირი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღემდე არ ხდება შინაარსის არანაირი გადამოწმება რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ და, შესაბამისად, არ არსებობს გარანტია, რომ ისინი დეკლარაციებში სრულად წარადგენენ ინფორმაციას და ხშირად თანამდებობის პირები მალავენ თავის კავშირს კერძო კომპანიებთან“.

საია რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, იხმაროს ყველა ღონე, რათა შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ სრულად დაფაროს სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება. როგორც სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხსნის, იმის გამო, რომ კომპანია წლების განმავლობაში არ იხდიდა საიჯარო ქირას, ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლება-მოვალეობებში შედიოდა ის, რომ ეს ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა და მოეთხოვა თანხის გადახდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია არ გადაიხდიდა თანხას, ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და მისი საშუალებით დაეწყო კომპანიისგან არსებული დავალიანების ამოღება, რაც მათ არ გაუკეთებიათ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ქონების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურს და პასუხად მიიღო: კულტურის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და დამატებითი განცხადების გაკეთების აუცილებლობას ვერ ვხედავთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG