Accessibility links

logo-print
დეივ ბრუბეკი ისეთ მუსიკალურ ოჯახურ ჭუპრში დაფრთიანდა, მეტი რომ არ შეიძლება. დედამისი ბესი კლასიკური ყაიდის პიანისტი გახლდათ. შვილების კომპოზიციური აზროვნების უნარზე ზრუნავდა, ამიტომ რადიოს ჩართვას უკრძალავდა: თუ მუსიკის მოსმენა გნებავთ, კეთილი ინებეთ და საკუთარი პიესები გამოაცხვეთო. დეივის ბავშვობის საძმაკაცოც საგულდაგულოდ შეარჩია: შოპენის, ლისტის, მოცარტისა თუ ბახის თხზულებებს საკუთარი შესრულებით აცნობდა და სანოტო ტექსტების კითხვაშიც წვრთნიდა. უფრო სწორად, ეგონა, რომ ასწავლიდა. სინამდვილეში კი დეივი ნოტების გონზე არ გახლდათ, თავს იკატუნებდა, თითქოს კითხულობდა. სამაგიეროდ, ისეთი ხვითო ბრძანდებოდა, რომ ერთხელ მოსმენილს აბსოლუტური სიზუსტით ასრულებდა. ამ ხრიკს მხოლოდ დიდებული კომპოზიტორი დარიუს მიიო მიუხვდა, რომელსაც შეგირდად დაუდგა. ფრანგი ჯაზის დიდი მოტრფიალე გახლდათ და მოსწავლესაც ჯაზურ სამყაროში გადაბარგება ურჩია. ევროპელს ალღომ არ უღალატა. იმ პერიოდში, როცა აღმოსავლეთ სანაპიროს ბოპერი აფროამერიკელები მართავდნენ, 1951 წელს დეივმა თავისი ლეგენდარული კვარტეტი ჩამოაყალიბა და ჯაზის დასავლეთ სანაპიროს ე.წ. „ქულ ჯაზით“ დაეპატრონა. ბენდის პირველივე დისკმა „Jazz Goes to College“ არნახული წარმატება მოუტანა. ბრუბეკმა ჟურნალ „ტაიმის“ გარეკანზეც ამოყო თავი და “საჩმოს” შემდეგ, მეორე ჯაზმენი გამოდგა, რომელიც ასე დააფასეს.



ბრუბეკმა ზურგი აქცია ტრადიციულ სვინგს, რომელიც 4/4 რიტმულ თვლას ეფუძნებოდა. პიანისტი აქამდე გაუგონარ რიტმულ ზომებს შეეჭიდა: 3/4, 5/4, 6/4, 7/4 და 9/8. სვინგის ამგვარი ტოტალური დესტრუქციის პირობებში, ჰარმონიისა თუ იმპროვიზირების შიდა სამყაროც კარგ ორგანიზებას საჭიროებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ბრუბეკის რიტმულ განუკითხაობას, უხეშ, აგრესიულ საშემსრულებლო ტექნიკას მხოლოდ მოხერხებული პარტნიორი თუ გასწვდებოდა. კვარტეტში კი ასეთი პოლ დესმონდი გახლდათ, არანაკლებ დიდებული მუსიკოსი. ალტ-საქსოფონისტს საოცრად თბილი, ჰაეროვანი ბგერის აღების კულტურა მოსდგამდა, საერთო ჟღერადობაში ინდივიდუალური, ლირიზმით სავსე ფრაზებით გამოირჩეოდა და ფორტეპიანოსთან ერთად კვარტეტის ის უნიკალური ხელწერაც იქმნებოდა, მილიონში რომ ამოიცნობდი. პიანისტს დასარტყამებზე ერთი იტალიელი ჯეელიც ეგულებოდა - ჯო მორელო. ბრუბეკს ერთხელ, რეპეტიციისას, 5 წუთიანი შესვენება გამოუცხადებია, მაგრამ სამხრეთული ტემპერამენტის გამო, დრამერს გამჩენი არ ასვენებდა - ინსტრუმენტზე ბრახუნით ირთობდა თავს. ჰოდა, ამ გართობა-გართობაში 5/4-ზე აწყობილი ფრაზაც შემოებრახუნა. დესმონდს მეგობრის წამოწყება მოეწონა, ალტ-საქსოფონი მოიმარჯვა და შემოთავაზებულ რიტმულ კარკასზე ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თხზულებაც შექმნა.



Take Five - 1959 წლის ალბომში „Time Out“ შევიდა, რომელიც მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. დისკის წარმატებას კარნეგი ჰოლის ცნობილი კონცერტი მოჰყვა, რომელიც 1963 წელს გაიმართა. კვარტეტის მოსმენის მსურველთა თვალუწვდენელი რიგები დადგა და ნიუ-იორკელებმა ბილეთებისათვის გვარიანი თავ-პირის მტვრევაც გამართეს. ბრუბეკის მუსიკა კი ისეთი გემრიელი გამოდგა, რომ ჩანაწერი, ყოველგვარი მონტაჟისა თუ ჭრა-კერვის გარეშე, ორმაგი ალბომის სახით გამოიცა, რაც კარნეგი ჰოლის ისტორიაში პირველად მოხდა.



1967 წელს ლეგენდარული კვარტეტი დაიშალა. თუმცა ბრუბეკი არ წამხდარა, ახალ-ახალ ჯაზურ პიესებს თხზავდა, რამდენიმე სიმფონიური პოემა და კანტატაც შექმნა. 70-იან წლებში კი მთელი ჯალაბით გამოეცხადა მსმენელს. სცენაზე ამჯერად თავის ბიჭებს მოუხმო: დარიუსი - ბასზე, დენი - პერკუსიაზე, მეთიუ - ჩელოზე, ხოლო კრის ბრუბეკი ტრომბონზე განამწესა. შვილებთან ერთდ ბევრს გასტროლირებდა - მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 80 კონცერტს მართავდა ხოლმე. პატარა ბრუბეკების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ არცთუ ურიგო მუსიკოსები ბრძანდებოდნენ, მაგრამ ვერც მათ და ვერც სხვა მუსიკოსებმა ვეღარ შეძლეს 50-60-იანი წლების ლეგენდარული კვარტეტის წარმატების განმეორება.



გასულ კვირას კი სათნო სახის, თოვლივით ჭაღარა ბრუბეკი როიალთან მოკალათდა. როგორც სჩვეოდა, ახლაც თვალებით ასხივებდა არემარეს. 2 დღეში 92 წელი უსრულდებოდა. ჰოდა, ამ თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტისათვის რამდენიმე თხზულება უნდა შეესრულებინა. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ „სტეინვეის“ კლავიშებს უკანასკნელად გაეთამაშა. მუდამ ხალისითა თუ სილაღით სავსე გულმა უმტყუნა და მეორე დღესვე გარდაიცვალა. არადა, რომ დასცლოდა, თავის დაკრულზე მსმენელს ამჯერადაც გვარიანად აცეკვებდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG