Accessibility links

logo-print

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მიმოსვლა აღდგა


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

სტატუს-კვო აღდგენილია - 21 მაისს რამდენიმე ასეულმა მომლოცველმა თავისუფლად შეძლო მოენახულებინა უდაბნოს მონასტერი, ანუ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც ჯერ ისევ დისკუსიის საგანს წარმოადგენს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. 6 მაისის შემდეგ დაძაბული სიტუაცია ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე მიღწეულმა შეთანხმებამ განმუხტა, თუმცა ქართული მხარის საბოლოო მიზანი სადავო ტერიტორიის დაბრუნებაა. სიტუაციის დაძაბვის მიღმა ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ხედავს, ხოლო ოპოზიცია ყველაფერს ხელისუფალთა უპასუხისმგებლო განცხადებებს აბრალებს.

დაახლოებით ორი ათას მომლოცველს შორის, რომლებმაც ორშაბათს უდაბნოს მონასტერი მოინახულეს და საეკლესიო რიტუალში მიიღეს მონაწილეობა, გიორგი თარგამაძეც გახლდათ. რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ხალხის ამაღლებულ განწყობასა და იმ შემართებაზე ლაპარაკობს, რამაც ისინი უდაბნოს მონასტრის ქედზეც აიყვანა:

”მთის წვერზე, თხემის წვერზე ფეხით ასასვლელად, ძალიან დამრეც ფერდობზე, დაახლოებით 1,5 საათი სჭირდება ჯანმრთელ ადამიანს... მე დღეს აქ, ამ ვიწრო ბილიკზე, შევხვდი არა მხოლოდ ასაკოვან, არამედ ზოგიერთ ხეიბარ ადამიანსაც კი, რომლებიც მთელი შემართებით, გულით და რწმენით მიუყვებოდნენ ამ რთულ აღმართს.”

როგორც გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, მსვლელობაში მონაწილე სასულიერი თუ საერო პირები 21 მაისს უპრობლემოდ გაატარეს როგორც ქართველმა, ასევე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა და აშკარაა, რომ 6 მაისამდე არსებული სტატუს-კვო აღდგა.

მესაზღვრეები მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან და უკვე დაგეგმილია მთელი სერია ნაბიჯებისა, რაც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას - ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიუწვდებოდეთ ხელი მთელ ამ კომპლექსზე ...

აქვე ვთქვათ, რომ 2012 წლის 6 მაისამდე დამთვალიერებლებს თავისუფლად შეეძლოთ შესვლა უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე, დავით გარეჯის 2,5 კილომეტრზე გაშლილი კომპლექსის იმ ნაწილში, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის თაობაზე 1996 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ–ერთ სადავო საკითხს წარმოადგენს. თუმცა 6 მაისს, სრულიად მოულოდნელად, საზღვრის სადავო მონაკვეთზე გამოჩენილმა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, სასულიერო პირების გარდა, საქართველოდან აღარავინ გაატარეს.

შეთანხმებას, რომელმაც პრობლემა დაარეგულირა, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 20 მაისს ჩიკაგოში, ნატოს სამიტის კულუარებში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ჩიკაგოში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უთხრა ჟურნალისტებს, პრობლემა გვარდება და ამ პროცესში საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაზარალდეს:

”მესაზღვრეები მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან და უკვე დაგეგმილია მთელი სერია ნაბიჯებისა, რაც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას - ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიუწვდებოდეთ ხელი მთელ ამ კომპლექსზე. შედგება შემდგომი სამუშაო კონტაქტები იმისათვის, რომ განისაზღვროს საბოლოო სამართლებრივი სტატუსი მთლიანად ამ კომპლექსის. რაც შეიძლება მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში უნდა მოხდეს ეს, - არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესა თუ ასე შემდეგ, - რადგანაც არის ძალიან ბევრი ძალა, რომელიც დაინტერესებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული მეკავშირეობის გაწყვეტით.”

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

ერთ-ერთ ძირითად ძალად, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაფუჭება სურს, თბილისი ასახელებს რუსეთს და ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამაც ილაპარაკა 20 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”აქცენტებში” გამოსვლისას. მან თქვა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნას შეუწყვეს ხელი, სწორედ რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს.

ვნებათაღელვას უსაფუძვლოდ არ მიიჩნევს პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება”, რომლის წარმომადგენლებიც ბოლო დღეებში გამოთქვამდნენ ეჭვს ბაქოსა და თბილისს შორის ფარული გარიგების არსებობასთან დაკავშირებით. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 21 მაისს გამართულ ბრიფინგზე, სიტუაციის დაძაბვა ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებას ასახელებს:

”14 მაისს კალანდაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ნაწილი არ არის სადავო და ის აზერბაიჯანის კუთვნილებაა.”

ასეთი დაძაბულობის კერების არსებობა ყოველთვის წარმოქმნის პრობლემას, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნეს მესამე ძალის მიერ ...

ამ შინაარსის განცხადება, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სასულიერო პირთა მკვეთრი პროტესტი მოჰყვა, ნინო კალანდაძემ მართლაც გააკეთა. თუმცა 16 მაისს ის შეეცადა განემარტა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 2 პროცენტი საზღვრის სწორედ იმ მონაკვეთშია, რომელიც ჯერ კიდევ შესათანხმებელია აზერბაიჯანთან. აქვე ვთქვათ, რომ თბილისის განცხადებით, უკვე შეთანხმებულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის 66 პროცენტი და რომ პროცესი საკმაოდ წარმატებით გრძელდება. თუმცა კოალიცია ”ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესის უშედეგობისთვის აკრიტიკებს. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 21 მაისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ხელისუფლების ”უსუსურობის” გამო, ”2007 წლის შემდეგ ეს პროცესი ერთი ნაბიჯითაც კი არ წაწეულა წინ.”

პროცესის დაჩქარების აუცილებლობას ხედავს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძეც. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, საკითხი მეტად საფრთხილოა, თუმცა ბოლო დაძაბულობის ფონზე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პრობლემის დადებითად გადაწყვეტის შანსი გაიზარდა. თარგამაძე იმედოვნებს, რომ საბჭოთა ეპოქაში დამახინჯებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება და დავით გარეჯი მთლიანად შემოვა საქართველოს საზღვრებში:

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. პაატა ვარდანაშვილის ფოტო.

”ასეთი დაძაბულობის კერების არსებობა ყოველთვის წარმოქმნის პრობლემას, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნეს მესამე ძალის მიერ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების კეთილგონიერების (მაინცდამაინც ჩვენი მთავრობის კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ მივეხმარებით ამ მიმართულებით მაქსიმალურად), რომ, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროულად წერტილი დაესვას საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს.”

გიორგი თარგამაძისთვის, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები კიდევ სხვა არაერთი ადამიანისთვის, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, თუ რატომ გადაწყვიტა აზერბაიჯანის მხარემ ბარიერები შეექმნა უდაბნოს მონასტრის მონახულების მსურველთათვის. არსებობს სამი ვერსია. ერთი ვერსიის მიხედვით, წესები აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყების ახალმა ხელმძღვანელობამ გაართულა, მეორე ვერსიის მიხედვით - უსაფრთხოების ზომები აზერბაიჯანმა ევროვიზიის მასპინძლობის მიზეზით გაამკაცრა, ხოლო მესამე ვერსია უკავშირდება გააქტიურებულ ბრძოლას კონტრაბანდასთან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG