Accessibility links

logo-print
50 მილიონი ფანი ფეისბუკზე და 25 მილიონი ტვიტერზე (ბევრია!) - ეს, ალბათ, საკმარისი მიზეზი იყო ლედი გაგასთვის, რომ საკუთარი ქსლის, Little Monsters-ის შექმნა გადაეწყვიტა.

“Welcome, Little Monster!” – ასეთი მისალმება დაგხვდებათ, თუ ლედი გაგას საიტზე დარეგისტრირდებით. იმისთვის, რომ ლედი გაგას მილიონობით ფანს შეურთდე, მხოლოდ ფეისბუკის, ტვიტერის ან იმეილის ანგარიშია საჭირო. რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა, შეიძლება შენი ახალი ანგარიში ფეისბუკის პროფილს მიაბა და, შესაბამისად, საიტიც მთელ შენს ინფორმაციას ავტომატურად გადმოიტანს ფეისბუკიდან. უბრალოდ, ორჯერ დაკლიკვაა საჭირო და უკვე პატარა მონსტრი ხარ... მომღერალმა საიტს სახელი თავისი სიმღერის მიხედვით შეურჩია: „Welcome, Little Monsters!“ - სწორედ ასე მიმართავს ხოლმე იგი თავის ფანებს.

საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა მართლაც ლოგიკური ნაბიჯია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლედი გაგას ფანები ფეისბუკზე თითქმის 30-ჯერ აღემატებიან საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რიცხვს და თითქმის 11-ჯერ - მთელი საქართველოს მოსახლეობას. გასაგებია რომ ასეთი სტატისტიკით ქსელი „წარმატებისთვისაა განწირული“. ამ შთამბეჭდავი ინტერნეტრესურსის ათვისებაში მომღერალს დაეხმარა კომპანია Backplane. ამ ქსელის გაშვება ამავე დროს Backplane-ის იმ ახალი პროექტის განაცხადიც იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული „ვარსკვლავებისთვის“ საკუთარი საიტის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი ფუნქცია ინფორმაციის გაზიარება და ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება. ანუ ეს იგივეა, რაც ფეისბუკი, უბრალოდ, საგანგებოდ ერთი ადამიანისთვისაა შექმნილი.

რა განასხვავებს პირად ქსელს ფეისბუკისგან ან სხვა ქსლებისგან?

ფეისბუკზე გვერდის შექმნა რომელიმე ფირმის ან ადამიანის პიარ-კამპანიის ნაწილია; გვერდის ადმინისტრატორს შეუძლია, ფირმის ან ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხმარებლამდე მიიტანოს ნებისმიერი ინფორმაცია. ეს ერთგვარი ვენის დიაგრამაა, როცა ერთმანეთისგან განსხვავებული ორი პირის ინტერესების სფერო გადაკვეთის წერტილს პოულობს. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში არის მნიშვნელოვანი სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენება. მსოფლიო „აბლაბუდაში“ (რომელსაც პირობითად ინტერნეტს ვეძახით) ინფორმაცია ისევე სწრაფად შეიძლება დაიკარგოს, როგორც გავრცელდეს. სისტემა, რომლის დახმარებითაც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, კარგად მუშაობს მაშინ, როცა არ გჭირდებათ ინფორმაციის ძიება - ინფორმაცია თვითონ მოგძებნით.

სწორედ ესაა საკუთარი ქსლის შექმნის ერთ-ერთ მთავარი პლუსი. წარმოიდგინეთ ფეისბუკი, სადაც მხოლოდ ერთი შინაარსის „ლინკები შეარდება“, „სტატუსები იწერება“ და „ივენთები იგეგმება“. ასეთი ქსლის მომხმარებელს არასდროს გამოეპარება სიახლე, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ვერ გაეგო ან დაგვიანებით გაეგო. ლედი გაგას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, თვითონ მართოს საკუთარი მსმენელი და, შესაბამისად, მომხმარებელი, მიაწოდოს მას ახალი ალბომები, გააგებინოს ახალი სკანდალების შესახებ და ა.შ.

თვითონ საიტიც ისეა შექმნილი, რომ ვერაფრით აუვლი გვერდს გაგას (თუ გვერდის ავლა გინდა, უბრალოდ, არ დარეგისტრირდე). ახალი თემის წამოჭრა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. შესაძლებელია ლინკის გაზიარება, დისკუსიის წამოწყება, ფრენდების გაჩენა და სტატუსების წერა, როგორც ნებისმიერ ქსელში. საიტი ამომწურავად გაწვდის ინფორმაციას იმაზე, რას და როგორ აკეთებს გაგა: როდის მიდის ტურნეში, რას წერს მსოფლიო პრესა მის შესახებ და ა.შ.

მოკლედ, საიტს აქვს ყველაფერი, რომ კარგი სოციალური ქსელი ერქვას. საყურადღებოა, რომ შეუძლებელია ლედის გაგას საიტის გამოყენება სარეკლამო დანიშნულებით. მაგალითად ისე, როგორც ფეისბუკისა, სადაც იუზერებს საკუთარი კამპანიის წარმართვის საშუალება აქვთ. თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან თვითონ ქსელი სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს და მას დამატებითი რესურსების ათვისება აღარ სჭირდება.

იქნება თუ არა პროექტი წარმატებული?

პროექტის წარმატებას ამ შემთხვევაში დიდწილად განაპირობებს მისი რეიტინგი. გაგას რეიტინგის შესახებ კი პოსტის დასაწყისში მოყვანილი სტატისტიკის გახსენებაც საკმარისია. გარდა ამისა, საკუთარი სოციალური ქსელი გაგას საშუალებას მისცემს, თავად იყოს თავისი ფანებისათვის ინფორმაციის მიწოდების პირველწყარო. პოპ-ვარსკვლავი ერთ ადგილას უყრის თავს ქსელში გაბნეულ სხვადასხვა სტატიებს. შესაბამისად, საიტზე ასი ადამიანი დარეგისტრირდება თუ ასიათასი, ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მთავარია, რომ ყველა მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება (ან საერთოდ არ სჭირდება და ჩემსავით, უბრალოდ, ახალ სოციალურ ქსელს „ტესტავს“). ეს გარანტირებული შედეგია, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქსელი ვერ მოგცემთ, გარდა საკუთარისა. ვფიქრობ, Backplane-ის პროექტი სწორედ ამიტომ მიაღწევს წარმატებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG