Accessibility links

კრეიმერი: შეცდომა იყო, როცა ობამამ უკრაინას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა


დევიდ კრეიმერი აშშ-ის პრეზიდენტის შეცდომაზე საუბრობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაუცემლობის გამო

მაკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარგში უფროსი დირექტორი, წარსულში უფლებადამცველი ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი ფიქრობს, რომ ერის წინაშე ყოველწლიური მიმართვისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმნიშვნელო ყურადღება დაუთმო საგარეო პოლიტიკის საკითხებს და მიუხედავად იმისა, რომ მან მწვავე შიდა პრობლემებზე, მათ შორის შემოსავლების თანაბარ გადანაწილებაზე, განათლებისა და გადასახადების პრობლემებზე გააკეთა აქცენტი, მას ძალიან გაუჭრდება რესპუბლიკელებით მართულ კონგრესში ამ საკითხებში მისეული ხედვის მხარდაჭერა მოიპოვოს.

დევიდ კრეიმერი ვაშინგტონში, სამაუწყებლო კომპანია “ამერიკის ხმას” ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთში ეკონომიკის მდგომარეობას და სანქციების გავლენას შეეხო, რამაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკა და მძაფრი შეფასება უკვე გამოიწვია.

“პრეზიდენტის მიმართვა, და მისი მესიჯები, საბოლოო ჯამში, ვერ შეცვლიდა უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. აქ, მთავარია, გვახსოვდეს პრეზიდენტის ადრეული, უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უარი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკამ მართლაც გაამართლა, რამაც გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე. თავის მხრივ, რუბლის კურსის ვარდნა და ნავთობზე ფასების კლებაც როლს თამაშობს ამ პროცესში. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთის ეკონომიკამ არამარტო სანქციების პირდაპირი მიზეზით იზარალა, არამედ ეს ვითარება ხელისუფლების უუნარო პოლიტიკის და მოსკოვის მიერ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გაუტარებლობის მიზეზია.კიდევ ერთხელ, მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა ობამას დიდი შეცდომაა. ასევე აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტის მოხსენებაში არამხოლოდ იარაღის მიწოდებაზე არ იყო არანაირი განცხადება, არამედ არ იყო ნახსენები არც უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის მნიშვნელობა”,-თქვა მან.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის რომ რუსეთი ააქტიურებს მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ის მისი აქტივობის შემაკავებელ ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს. “მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის მოხსენებას უფრო კარგად მოეხდინა ადგილზე არსებული რეალობის წარმოჩენა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არა მოხსენება, არამედ თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომ სამხედრო დახმარება არ ყოფილიყო უზრუნველყოფიოი, არასწორია.”

“ფრიდომ ჰაუსის” ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ამერიკა ან ევროპა არ აღიარებს ტერორისტულ ერთეულებად, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მართული სამხედრო დაჯგუფებები, ან სულაც მათი მხარდამჭერი რუსეთი, მართლაც ახორციელებს ტერორისტულ საქმიანობას. “შეცდომა იყო, როცა 17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტთან ვაშინგტონში შეხვედრის დროს, ბარაკ ობამამ საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინას არ გაუწევდა სამხედრო დახმარებას.”

დევიდ კრეიმერმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის ანგარიშზეც ისაუბრა რუსეთთან დაკავშირებით, ანგარიში, რომელიც არაერთმა კომენტატორმა, კრეიმერის თქმით, ფედერიკა მოგერინის, იტალიის ექს-საგარეო მინისტრის მოსკოვის მისამართით გაკეთებულ დათმობად აღიქვა. “ეს იმ კონტექსტში, როცა მოგერინი კარგა ხანია რუსეთთან სანქციების შერბილების მომხრედ აღიქმება, მიუხედავად მისი საჯარო განცხადებებისა, რომ ყველაფერი რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.” კრეიმერმა აღნიშნა, რომ ის იცნობს ამ ანგარიშის ტექსტს და მას მოსკოვისკენ გადადგმულ, ზედმეტად შემხვედრ ნარატივად აღიქვამს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არანაირი პროგრესი არ არსებობს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მინსკის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. კრეიმერის აზრით, სწორედ დღეს, უკრაინის მთავრობა რუსების გაზრდილ საჯარისო შენაერთებზე საუბრობს უკრაინის ტერიტორიაზე, და მისი თქმით, არის ცნობებიც, რომ უფრო მეტი რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართან არის ჩაყენებული, რომლებიც, სავარაუდოდ,მზად არისნ უკრაინის ტერიტორიაზე გადასასვლელად. “არანაირი აზრი და დისკუსია არ უნდა არსებობდეს, რომ სანქციები შერბილდეს ან რუსეთთან ურთიერთობა-ე.წ. “ბიზნესი ჩვეულებრივ” აღდგეს. პირიქით, ახლა უნდა ვლაპარაკობდეთ სანქციების გააქტიურებაზე, რადგან რუსეთი და მისი ხელისუფლება მხოლოდ ზეწოლაზე ახდენს რეაგირებას. ასე მოხდა 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში, როცა შეერთებულმა შტატებმა იქ გემი მიავლინა და ქართველი ჯარისკაცები უცხოეთიდან შინ დააბრუნა,”-თქვა კრეიმერმა, რომელიც 2008-2009 წლებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის დარგში.

“მე ვფიქრობ, 2015 წელი რთული იქნება უკრაინისთვის, რომელსაც რეფორმების გატარება მართებს. დასავლეთი და აშშ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ განავრცოს დახმარება ამ ქვეყნის მისამართით და მათ ასევე რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშავონ. ვფიქრობ, ძალიან რთული წელი ექნება რუსეთსაც.”

XS
SM
MD
LG