Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბორჩაშვილის ბრალი და მისი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან


შსს
შსს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმის მასალებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გაეცნო, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. დავით ბორჩაშვილს ბრალიღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წარუდგინეს, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს. თურქეთიდან ჩამოსული დავით ბორჩაშვილი 22 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რომელიც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას შეეხება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ სირიაში იმყოფებოდა, თუმცა უარყოფს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი აცხადებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან", რომელიც ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს" და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საქმის მასალებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გაეცნო, შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს, რომელიც პანკისელების მიმართ არის დაწყებული. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ უშუალოდ ბორჩაშვილის მიმართ გამოძიება ორი დღის წინ არის დაწყებული, ისიც იმ ვიდეოების გამო, რომელიც youtube- ზე აიტვირთა ანონიმური მომხმარებლის მიერ 21 ნოემბერს და რომელშიც, გელა ნოკოლაიშვილის განცხადებით, დავით ბორჩაშვილიც არის აღბეჭდილი, კიდევ რამდენიმე სხვა მამაკაცთან ერთად: ისინი კოლონაში „პიკაპის“ ტიპის მანქანით გადაადგილდებიან თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქში, რომელიც ასობით კილომეტრითაა დაშორებული სირიიდან:

„ორი ტომის 99 % აბსოლუტურად არანაირად არ ეხება ბორჩაშვილს. ბორჩაშვილს რაც ეხება, ის თქვენც იცით, თქვენც ნახეთ. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, ის, რაც ნახეთ, თუ ამაზე ვინმე იტყვის, რომ ეს არის საფუძველი ადამიანის მიმართ ბრალის წაყენების, ნუ, არ ვიცი... გავრცელებული ვიდეომასალების ავთენტურობას ვადასტურებთ, ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც, ამას არავინ უარყოფს“.

დავით ბორჩაშვილი 22 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც პირველ მცდელობაზე საქართველოში არშემოშვების ღონისძიება და თურქეთში გაბრუნებულის დეპორტაცია განხორციელდა. დავით ბორჩაშვილი საქართველოში დედასთან ერთად ბრუნდებოდა. ისღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება. კლინიკის დირექტორის მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილს მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება რამდენიმე თვის წინ მიყენებული ჭრილობა, რომელშიც ინფექციაა შეჭრილი და ამის გამო ოპერაციას საჭიროებს.

ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი დავით ბორჩაშილის თანასოფლელია, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 29 წლის დავითი წლების განმავლობაში მწყემსად მუშაობდა, რადიკალური იდეებით არ გამოირჩეოდა და როგორ მოხვდა სირიაში, მისთვის უცნობია. სულხან ბორძიკაშვილის თქმით, დავითის სირიაში ყოფნის შესახებ მისმა ოჯახმაც არაფერი იცოდა:

„როგორც მითხრეს, ერთი წლის წინ გადავიდა თურქეთში და მანამდე რამდენი ხნის წასული იყო სირიაში, ვერ გეტყვით. მითხრეს, რომ ეს ვიდეოები 2 წლის წინ არის გადაღებული. ამის შემდეგ საქართველოშიც არის ნამყოფი და მერე ისევ უკან წასულა, მაგრამ ზუსტი დრო არ ვიცი“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმის თობაზე, თუ დაკავებამდე რა საფუძველზე არ შემოუშვეს დავით ბორჩაშვილი საქართველოში. კავკასიოლოგ ალეკო კვახაძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა საფუძვლით შეიძლებოდა უარი ეთქვათ დავით ბორჩაშვილის საქართველოში შემოშვებაზე, თუ ის საქართველოს მოქალაქეა. ალეკო კვახაძის თქმით, დავით ბორჩაშვილი საქართველოში ბრუნდებოდა იმის გამო, რომ მას თურქეთში ყოფნის ლეგალური ვადები ამოწურული ჰქონდა და სამკურნალოდ საჭირო სახსრებიც არ გააჩნდა:

„სავარაუდოდ, ქართველმა ძალოვანებმა იცოდნენ, რომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტში სირიასა თუ ერაყში და, შესაბამისად, ასეთი მაღალი რისკის მატარებელი პიროვნების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება მათ არ უნდოდათ და უნდოდათ ისევ უკან გაეშვათ. მათ უღირდათ, რომ ის ყოფილიყო სადმე სხვა ტერიტორიაზე და არა საქართველოში, თუნდაც - ციხეში, მაგრამ ვინაიდან თურქეთის მხარემაც არ მიიღო, შემდეგ უკვე იძულებითი ზომები მიიღეს და დააკავეს ეს ადამიანი“.

ალეკო კვახაძის თქმით, საქართველოდან სირიაში წასვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. მისივე თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან სულ 2 მოქალაქეა წასული.

რაც შეეხება დავით ბორჩაშვილს, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე, საქმეში არსებული მალასებიდან გამომდინარე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG