Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიწმინდე ორი ქვეყნის სადავო საზღვარზე


დავით გარეჯის მონასტერი
დავით გარეჯის მონასტერი
ვის ტერიტორიაზე მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი? - ამ საკითხზე დავა არ ცხრება უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იმ განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დავაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი გარეჯის უდაბნოში ჩასვლას და საკითხის ადგილზე შესწავლას აპირებს.

6 მაისის, ანუ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის წარომომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დათმობის გამო უსაყვედურა:

„ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ გუშინ გავიგეთ, რომ თურმე აღარაა საქართველოს შემადგენლობაში.“

მიქაელ ბოტკოველის თქმით, საუბარია ბერთუბანზე, ჩიჩხიტურსა და უდაბნოზე, სადავო ტერიტორიაზე მდებარე მონასტრებზე, რომლებიც, ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.
უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ასეთი რამე დავკარგოთ და ჩვენი ხელით გადავცეთ... ყველანაირად წინ აღვუდგებით და ვეცდებით, რომ ეს ამბავი არ მოხდეს...
ირაკლი ქოქოსაძე

„შევეცდებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, დაიწყოს აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკება, რათა ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. ძნელად წარმოგვიდგენია ქართველი ადამიანი, რომელიც შეეგუება სიწმინდეებთან ასეთ დამოკიდებულებას. ხელისუფლებამ ცივი წყალი გადაგვასხა“, - განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა, რომლის პოზიციაც საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაიზიარა. მათ შორისაა ირაკლი ქოქოსაძე, ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირის - "შავფაროსნების" - წევრი, რომელიც 16 მაისს რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ბერების მხარდასაჭერად გარეჯის უდაბნოში ჩავიდა.

„უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ასეთი რამე დავკარგოთ და ჩვენი ხელით გადავცეთ... ყველანაირად წინ აღვუდგებით და ვეცდებით, რომ ეს ამბავი არ მოხდეს.“

სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმაც. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ სამთავრობო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია და უდაბნოს მონასტრის კუთვნილების საკითხიც ჯერჯერობით ღიაა:

„დიდი ნაწილი საზღვრისა შეთანხმებულია, დარჩენილია რამდენიმე პრობლემატური საკითხი, რომელზეც ჩვენ აზერბაიჯანელ მეზობლებთან ვმუშაობთ ინტენსიურად, და აქვე მინდა მოვუწოდი ყველას, რომ ეს არის ფაქიზი საკითხი და ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მას.“

პრეზიდენტის პრესსპიკერის ამ განცხადების შემდეგ განმარტება გააკეთა სკანდალის მთავარმა შემოქმედმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რომელმაც ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელზეც უდაბნოს მონასტერი მდებარეობს, აზერბაიჯანს ეკუთვნის და, შესაბამისად, სადავო არ არის, თუმცა ორი დღის შემდეგ ნინო კალანდაძემ თავის ამ ნათქვამს დაამატა, რომ სამონასტრო კომპლექსი, სადავო ორი პროცენტის გამოკლებით, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნოს მონასტერი და მასთან მისასვლელი ბილიკები კი სწორედ სადავო ორ პროცენტშია მოყოლილი:
ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დანარჩენი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა. იმის გათვალისწინებით, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერში მოღვაწეობენ სასულიერო პირები და მას სტუმრობენ მომლოცველები, ტურისტი დამთვალიერებლები, აზერბაიჯანული მხარე, ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. დაახლოებით 10 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს განუცხადეს, რომ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ სასულიერო პირებსა და მესაზღვრეებს შეუშვებდნენ. ამჟამად ჩვენი ძალისხმევა აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველისათვის თავისუფალი გადაადგილების კვლავ უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. ცხადია, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებების წარმართვისას ქართული სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს.“

ქართველი ისტორიკოსების თქმით, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანში აღმოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა სერგო ორჯონიკიძემ, აზერბაიჯანელი კომუნისტების თხოვნის პასუხად, საზღვარი საქართველოს საზიანოდ შეცვალა. ისტორიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ორ ქვეყანას შორის საზღვრები 1929 წელს გაიმიჯნა:

„თუმცა საბოლოოდ გამიჯვნა მაინც არ მოხდა, ამის შემდეგაც კეთდებოდა ცვლილებები და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვინაიდან ქართული მხარე ყოველთვის (მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც) ცდილობდა დავით გარეჯის მთლიან კომპლექსზე თავისი პრეტენზია განეცხადებინა. მაგალითად, 1981 წელს უცხოელი ტურისტებისათვის გამოცემულ წიგნებში არის დართული რუკა, რომელშიც არის მითითებული, რომ დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს უდაბნოს, ჩიჩხიტურს, იყო საქართველოს შემადგენლობაში.“
გადმოცემით ცნობილია, რომ სერგო ორჯონიკიძემ შეუთვალა პავლე ინგოროყვას, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალაზე გავდებო. 1929 წლიდან ეს საზღვარი, სამწუხაროდ, გადის ჩიჩხიტურის ქედის სერზე და არა ძირში, ამიტომ ეს არ არის ჩვენი...
მანანა სანაძე

თუმცა ერთია ტურისტებისთვის გამოსული გზამკვლევი და სულ სხვაა ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, როგორც ისტორიკოსი მანანა სანაძე ამბობს, უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად მანანა სანაძე იშველიებს ქართველი მეცნიერის ჯანსუღ კეკელიას წიგნს „საქართველოს ტერიტორია და საზღვრები“.

„გადმოცემით ცნობილია, რომ სერგო ორჯონიკიძემ შეუთვალა პავლე ინგოროყვას, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალაზე გავდებო. 1929 წლიდან ეს საზღვარი, სამწუხაროდ, გადის ჩიჩხიტურის ქედის სერზე და არა ძირში, ამიტომ ეს არ არის ჩვენი, მაგრამ ამის აღიარების შემდგომ დაიწყება ცივილური პროცესი მეზობელ სახელმწიფოსთან, რომ მოდი, ცვლილება შევიტანოთ საზღვარში მეზობლურად, კეთილშობილურად... ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა“, – უთხრა მანანა სანაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG