Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია დავით კეზერაშვილი


14 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დავით შოთას ძე კეზერაშვილი პარიზისა და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. ფრაგმენტი განცხადებიდან:

„დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 214-ე, 194-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვას“.

სამინისტროს განცხადების თანახმად, დავით კეზერაშვილს ეკავა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, რასაც ბოროტად იყენებდა აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით. კერძოდ, ლაპარაკია დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით – ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით - ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოებაზე. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლის დავით კვინიკაძის განმარტება:
„2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი საქართველოში შემოვიდა დავით კეზერაშვილის დახმარებით, რის სანაცვლოდაც კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 72 ათასი აშშ დოლარი. ამავე წლის 5 თებერვალს აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ შემოიტანეს 240 ტონა სპირტი. კეზერაშვილმა დამატებით კვლავ 72 ათასი დოლარი აიღო“.

ინტერპოლის ბაზაში ყოველთვის არ ჩანს ძებნილის მონაცემები, რადგანაც არის მედიისათვის როგორც ღია, ასევე დახურული სისტემა...
ნინო გიორგობიანი
გამოძიების მასალების მიხედვით, გადასახადების დამალვის სახით, სახელმწიფომ 49 მილიონი ლარი იზარალა, ბრალდებულმა კი, საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით, 12 მილიონი დოლარი მიიღო. კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს კანონიერი მფლობელისათვის ტელეკომპანია „იმედის“ ჩამორთმევის საქმეშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისი ნინო გიორგობიანის თქმით, დავით კეზერაშვილის დაკავება ინტერპოლის შუამავლობით მოხერხდა, თუმცა ყოფილი მინისტრის მონაცემები რატომღაც ინტერპოლის მიერ ძებნილთა ბაზაში შეტანილი არ არის. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ნინო გიორგობიანის პასუხი ასეთია:

„ინტერპოლის ბაზაში ყოველთვის არ ჩანს ძებნილის მონაცემები, რადგანაც არის მედიისათვის როგორც ღია, ასევე დახურული სისტემა“.

რადიო თავისუფლება დავით კეზერაშვილის დაკავების დეტალების დასაზუსტებლად საფრანგეთში საქართველოს ელჩს ეკა სირაძე-დელონეს დაუკავშირდა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა იმიტომ დააკავეს კეზერაშვილი, რომ საქართველოში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს?...
ვახტანგ ხმალაძე
„არ ვიცოდით, დავით კეზერაშვილი იმყოფებოდა თუ არა საფრანგეთში. მგონია, რომ ის სულ ახლახან არის ჩამოსული საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ მისი ადგილმდებარეობა, რათა მივიდეთ და ადგილზე გავერკვიოთ ვითარებაში. რაც შეეხება ექსტრადიციას, გადაწყვეტილებას საფრანგეთის მხარე მიიღებს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინფორმაციას მიაწვდის მას საქართველოს მხარე“, უთხრა ეკა სირაძე-დელონემ რადიო თავისუფლებას.

დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისათვის საჭირო საბუთებს უკვე ამზადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, სწორედ საქართველოდან გაგზავნილ ამ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის მართლმსაჯულება. ცნობისათვის: 2008 წელს ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის პასუხად საქართველომ უარი მიიღო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აბსურდულს უწოდებენ ოპონენტთა ბრალდებას, თითქოსდა კეზერაშვილის დაკავება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ხმალაძის, კომენტარი:

„როგორ ფიქრობთ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა იმიტომ დააკავეს კეზერაშვილი, რომ საქართველოში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს? მე მგონი, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ასე იფიქროს“.

დავით კეზერაშვილი 1978 წელსაა დაბადებული. იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2006-2008 წლებში. არის ორი ქვეყნის - საქართველოსა და ისრაელის - მოქალაქე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG