Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ”ცვლილება” სამთავრობო გუნდში


დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან თავად მიმართა პრემიერ-მინისტრს. დავით კირვალიძის განცხადებით, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მისი უწყების წარმომადგენლების დაკავების გამო და გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას ტოვებს. შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 1 მაისს დააკავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, - მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ედებათ, - მანადე კი სასოფლო-სამეურნეო ბარათების საქმეზე 10 მეწარმე დააკავეს. რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ერთ-ერთი მინიტრის მიმართ არსებული კითხვების შესახებ პრემიერიც ლაპარაკობდა. რა შეფასებები მოჰყვა დავით კირვალიძის გადაწყვეტილებას?

ცნობილი არ არის, დაუბრუნდება თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე კვლავ თანამდებობას. მას სამსახურებრივი უფლებამოსილება აქვს შეჩერებული. როგორც თავად დავით კირვალიძემ განაცხადა, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას ტოვებს:

”გუშინ მომხდარი ფაქტი, მინდა გითხრათ, არის ძალიან ცუდი: დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაქვემდებარებული სტრუქტურების 5-ზე მეტი ადამიანი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა არის ძალიან წესიერი ადამიანი, ვიცნობ კარგად მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, ბევრი მათგანი ჩემი პირადი მეგობარია, მათ შორის, ჩემი მასწავლებელიც. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე გაირკვევა, დასრულდება ეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა, რომ დასრულდეს. ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მთავრობას ვთხოვ, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ, ანუ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა”.

თუკი რომელიმე სამინისტროში არის დარღვევები, ამის გამომზეურება და გამოძიება ასე სწრაფად ხდება, როგორც ეს მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის მისასალმებელი...
მაია ფანჯიკიძე
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 54 მილიონი ლარიდან ორნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის საქციელს სამთავრობო გუნდში ღირსეულ ნაბიჯად მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ამასთან, მინისტრების განცხადებით, მისასალმებელია, რომ კორუფციის გამოვლენა სამინისტროში მალე მოხერხდა:

”თუკი რომელიმე სამინისტროში არის დარღვევები, ამის გამომზეურება და გამოძიება ასე სწრაფად ხდება, როგორც ეს მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის მისასალმებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა თავის რიგებში არ მოითმენს ასეთი სახის დარღვევებს”, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

დავით კირვალიძის პატიოსნებაში ეჭვი არ შეაქვს განათლების მინისტრს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი დავით კირვალიძის სანახავად მივლინებაში წასვლამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო მისული.
საპარლამენტო უმრავლესობა ვერაფერს განსაკუთრებულს და დრამატულს იმაში, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ვერ ხედავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა საქმეები კეთდება, სამინისტროში თუ არის გადაცდომები, მასზე პასუხისმგებლობა არავის არ უნდა ასცდეს:

მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე ვამბობდით, რომ შევარდნაძის კადრების დაბრუნება - მით უმეტეს, ასეთი კადრების - სიკეთეს არ მოუტანდა ქვეყანას...
ვანო მერაბიშვილი
”არავის ამ ქვეყანაზე ნამდვილად არ ეპატიება, ვინც არ უნდა იყოს, ქვეყნის ინტერესების, ხალხის ინტერესების, ბიუჯეტის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ეს პოლიტიკაა ჩვენი და ასეც იქნება ყოველთვის”.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთადერთი სამინისტრო, სადაც გარკვეული მოძრაობა შეინიშნებობა. თუ ეს მოძრაობა კორუფციის გარეშე არ ხდებოდა, ეს არის ცუდი. სწორედ კორუფცია ენიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს. მან დავით კირვალიძის წარსულიც გაიხსენა:

”როგორც ვიცი, მას „ვარდების რევოლუციის“ მერე აქვს დადებული საპროცესო გარიგება და გადახდილი აქვს ძალიან დიდი ჯარიმა, შევარდნაძის დროს ჩადენილი კორუფციიდან გამომდინარე. მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე ვამბობდით, რომ შევარდნაძის კადრების დაბრუნება - მით უმეტეს, ასეთი კადრების - სიკეთეს არ მოუტანდა ქვეყანას”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კითხვები აქვს ერთ-ერთი მინისტრის მიმართ, რომელიც შეიძლება დაითხოვოს, მოგვიანებით კი თქვა, რომ შესაძლოა აღარ გამხდარიყო საჭირო ამ მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნა. როგორც პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერი სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს გულისხმობდა, რადგან მას, ალბათ, ექნებოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გია ხუხაშვილის სიტყვებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მენეჯმენტის პრობლემები შეიქმნა, რადგან კორუფციული სქემის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებები იყო - იგივე სოფლის განვითარების სქემა, როცა 10 ათასობით ადამიანი გაწბილებული დარჩა, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა კოოპერაციის შესახებ კანონის მისაღებად...
დემურ გიორხელიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრის წასვლას ლოგიკურად მიიჩნევს ექსპერტი ეკომონიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე, რომელიც ამ სამინისტროს მუშაობას ხისტად და მწვავედ აკრიტიკებდა უკანასკნელ ხანებში:

”აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებები იყო - იგივე სოფლის განვითარების სქემა, როცა 10 ათასობით ადამიანი გაწბილებული დარჩა, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა კოოპერაციის შესახებ კანონის მისაღებად, არც ერთი ნაბიჯი მიწის ბაზრის რეგულირებისთვის და იყო განუკითხავი ყიდვა-გაყიდვა მიწებისა, აბსოლუტურად მიუღებელი, და ყველაზე მთავარი შენიღბული საკითხი, რაც მე ადრეც ვთქვი, ყველაფერს აკეთებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომ იმპორტიორებს რაიმე სახის პრობლემა არ შექმნოდათ და ეს ნაბიჯები შენიღბული იყო”.

დავით კირვალიძის მიერ თანამდებობის დატოვებას პირადად მის გადაწყვეტილებად მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, ვისზე საუბრობდა მანამდე პრემიერი, მისი ინიციატივა არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის მინისტრის გათავისუფლება. ზოგადად, მთავრობაში ცვლილებებს, არსებული კოჰაბიტაციის პირობებში, რამაზ საყვარელიძე გაუმართლებლად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG