Accessibility links

logo-print

წინა ხელისუფლების სამშენებლო პროექტებს შეისწავლიან


დავით ნარმანია

დავით ნარმანია

ხელისუფლება მიმდინარე და უკვე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას გეგმავს, საკითხის გამოძიებით კი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისია დაკავდება. კომისიის პირველი სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გაიმართა. შეხვედრას გუბერნატორები არ დასწრებიან, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა.

მთავრობის სახლი - თბილისში, პარლამენტის შენობა - ქუთაისში და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის პირველივე სხდომის განსახილველ საკითხებში მოხვდა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისში მთავრობის ახალი სახლის შენობის ფუნქციური დანიშნულების გასარკვევად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება;
თუ საპროექტო დოკუმენტაცია არ იქნება, თუ არ იქნება შესწავლილი ექსპერტიზის მხრიდან რამდენად შესაბამისობაშია ეს ყველაფერი საპროექტო დოკუმენტაციასთან, მანამდე საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოო ანგარიშწორებასთან დაკავშირებით ვერ იქნება...
ამასთან, გაირკვევა, კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა ამ პროექტის განსახორციელებლად და რა თანხა დარჩა სახელმწიფოს გადასახდელი სამშენებლო კომპანიისათვის.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი სახლის მშენებლობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე შეჩერდა, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ მთავრობის ახალი სახლის მშენებლობის აზრი ვერ დაინახა, უკვე არსებული მთავრობის კანცელარიის პირობებში.

ახალმა ხელისუფლებამ ასევე ვერ გაიგო, რისთვის აშენდა ”ბათუმის თაუერი”, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იქ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის ინიციატივა მას ეკუთვნოდა, თუმცა ის დასახელებულ შენობაში არ გაიხსნება.

პარლამენტის შენობა ქუთაისში ერთადერთი მოქმედი შენობაა ჩამოთვლილთაგან. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისია ახლა მისი პროექტის შესახებ დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებს. ამ დრომდე ხელისუფლებას დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც პარლამენტის შენობა აიგო, არ აქვს. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამბობს, ამ დოკუმენტაციის გარეშე კომისია ვერანაირ ქმედით ნაბიჯს ვერ გადადგამს:

”ფაქტი არის ის, რომ კომპანიებს დარჩენილი აქვთ გარკვეული ასანაზღაურებელი თანხა, უფრო სწორად, სახელმწიფოს აქვს კომპანიებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, მაგრამ თუ საპროექტო დოკუმენტაცია არ იქნება, თუ არ იქნება შესწავლილი ექსპერტიზის მხრიდან რამდენად შესაბამისობაშია ეს ყველაფერი საპროექტო დოკუმენტაციასთან, მანამდე საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოო ანგარიშწორებასთან დაკავშირებით ვერ იქნება”.
პროცესების გაუმჭვირვალობამ, რა თქმა უნდა, წარმოშვა ეჭვი და ხშირ შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროცესის გაუმჭვირვალობა დაკავშირებულია კორუფციულ გარიგებებთან და, შესაბამისად, სამოქალაქო სექტორს ყოველთვის უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გაუმჭვირვალობის მიღმა არის კორუფცია...

სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების სრულიად გაუმჭვირვალე ხარჯვის კლასიკურ მაგალითად მიაჩნია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტს ნათია კაპანაძეს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა. ნათია კაპანაძე იხსენებს, რომ პარლამენტის შენობის მშენებლობის ხარჯების შესახებ ცნობების მისაღებად მისმა ორგანიზაციამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას 45 წერილი გაუგზავნა და საქმე სასამართლომდეც მივიდა. საბოლოოდ, საიას დათვლით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფოს 76 მილიონ ლარამდე ჰქონდა დახარჯული, თუმცა, თავად ყოფილი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 133 მილიონი ლარი დაიხარჯა.

”პროცესების გაუმჭვირვალობამ, რა თქმა უნდა, წარმოშვა ეჭვი და ხშირ შემთხვევაში ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროცესის გაუმჭვირვალობა დაკავშირებულია კორუფციულ გარიგებებთან და, შესაბამისად, სამოქალაქო სექტორს ყოველთვის უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გაუმჭვირვალობის მიღმა არის კორუფცია და, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ეჭვები შედგომ გამოქვეყნებული მასალებით არის გამყარებული”, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნათია კაპანაძე.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობა” არ გამოხმაურებია, თუმცა კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მათთან არ თანამშრომლობს, და თავისი პრეტენზიები პრემიერ-მინისტრის მიმართ გაგზავნილ ვრცელ წერილშიც გამოხატა, სადაც ნათქვამია: ჩვენ მზად ვიყავით, მონაწილეობა მიგვეღო თვითმმართველობის მიერ წარდგენილი პროექტების განხილვის პროცესში, თუმცა სამინისტრომ შესაბამის კომისიაში გუბერნატორები საერთოდ არ შეგვიყვანაო:
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი


”იმის ნაცვლად, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააგრძელოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტები და, პირიქით, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა ეკონომიკური სტაგნაციაა, რასაც თვითონ პრემიერი ივანიშვილიც აღიარებს, ამ პირობებში, ბუნებრივია, ხდება განტევების ვაცის ძებნა და პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორები შეირჩა შემდგომ სამიზნედ”.

ზურაბ ჭიაბერაშვილის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს მინისტრი დავით ნარმანია. მისი სიტყვებით, დღეს კომისიის მიერ განხილული საკითხები მოქმედ გუბერნატორებს არ ეხებოდათ, კომისია მინისტრებით არის დაკომპლექტებული.

დაბოლოს, შეიქმნება პარლამენტის შენობის პროექტის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური სფეროს სამინისტროების წარმომადგენლები შევლენ. სრულყოფილი დასკვნის დასადებად, სამუშაო ჯგუფში შევა ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წამომადგენლობა. საკითხის შესწავლაში საგამოძიებო ორგანოებიც ჩაერთვებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG