Accessibility links

logo-print

მიმდინარე წელს შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 122 მილიონამდე ლარი დაიხარჯება


დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს და გამგებლებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს რეგიონში სამინისტრო 2014 წელს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს შიდა ქართლში საავტომობილო გზების მშენებლობა-აღდგენაა. გზები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებშიც შეკეთდება. აღდგება აგარა-ყორნისი-ცხინვალის დაზიანებული გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში ნაწილობრივ მოიხსნება სასმელი წყლის პრობლემა. დიდ ხურვალეთში, გუგუტიანთკარში, კოშკაში, ზარდიაანთკარში, დიცში, მერეთში,წაღვლში, ატოცსა და კნოლევში გაგრძელდება წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, როგორც სამთავრობო სპეციალური კომისიისთვის, ისე სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები რჩება.

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონიდან გაგზავნილ პროექტებს ყურადღებით მოეკიდა და პრიორიტეტები სწორად განსაზღვრა.

2014 წელს შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 122 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი შიდა ქართლი დამატებით 13 მილიონამდე ლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG