Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარმანიას „არაბოტანიკური“ ანგარიში


დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში
დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში

17 მაისს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ანგარიში ჩააბარა თბილისის საკრებულოს წევრებსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიწვეულ მოქალაქეებს. დავით ნარმანიამ ვრცლად ილაპარაკა თავისი მერობის დროს განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და მწვავედ გააკრიტიკა ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. საკრებულოს სხდომის მსვლელობისას აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასა და „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ.

ყვირილითა და ხმაურით შეწყდა დავით ნარმანიას ვრცელი სიტყვა, როცა საკრებულოს სხდომათა დარბაზის მეორე იარუსიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისის მერს მოუწოდა დაესრულებინა მერიის წარმატებებზე საუბარი და ბოტანიკური ბაღის შესახებ ელაპარაკა. ნერვებმოშლილი მოქალაქე დაცვის წევრებმა უხეში ფორმით გააძევეს, დავით ნარმანიამ კი მშვიდად გააგრძელა თავისი ვრცელი მიმოხილვა, რომელიც ძირითადად აგებული იყო “ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შედარებით დახასიათებაზე, თუ რა ცუდი იყო ყოფილი მერის მმართველობა და რამდენი კარგი რამ გაკეთდა „ქართული ოცნების“ პირობებში, როგორ აშენდა ახალი ბაღები, შემცირდა გაცემული პრემიების რაოდენობა, დაირგო ასობით ათასი ხე, განხორციელდა რამდენიმე სოციალური პროგრამა და ინფრასტრუქტურის პროექტი და აღიკვეთა ქალაქში უკონტროლო განაშენიანება.

„მოვედი და წარვდექი თქვენს წინაშე, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ, სხვადასხვა საკითხების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ არაერთ ბრალდებას და ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს, და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მიმდევრები დგამენ“, თქვა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

გაცვლილი ტერიტორიის შესახებ ყოველთვის ამბობს მერია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტერიტორია ბოტანიკური ბაღისთვის. ვერ გაიგო საზოგადოებამ, რა ინტერესი ჰქონდა მაშინ „თბილსერვისს“. არ არსებობდა მისი ინტერესი? რატომ გააკეთა მიმართვა?..
ანანო ცინცაბაძე

რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, დავით ნარმანიას თქმით, ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დადგენილი ფართობი - 81 ჰექტარი - არ შეცვლილა, ხოლო ტერიტორიები, რომელთა კორექტირებაც მოხდა, მდებარეობენ ამ ფართობის მიღმა:

„არაერთი ბრალდება იქნა გაჟღერებული იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს გასაფართოებლად აკეთებს, რაც სრული აბსურდია, ვინაიდან ბოტანიკური ბაღის მთელი ტერიტორია - 81 ჰექტარი -ყოფს ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას და იმ ტერიტორიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და რომელიც გადაეცა ბოტანიკურ ბაღს, აბსოლუტურად გამწვანებული, განაშენიანებული. აქ არის სხვადასხვა ჯიშის ხეები, რაც საცდელი და სხვა ბოტანიკური აქტივობისთვის არის მნიშვნელოვანი, და შეადარეთ ეს იმ 4 ჰექტარს, რომელიც „წითელი ხაზების“ კორექტირების შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა დათმო. ნახეთ, ეს არის კლდოვანი, განვითარებისა და განაშენიანებისთვის გამოუსადეგარი ტერიტორია. ამდენად, ბუნებრივია, დასმულ კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოიგო ამ გარიგების შედეგად, პასუხი არის ძალიან მარტივი: ამით მოიგო ბოტანიკურმა ბაღმა“.

თუმცა დავით ნარმანიას ეს არგუმენტები არ გაიზიარეს არც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არც სამოქალაქო აქტივისტებმა. ანანო ცინცაბაძემ, წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, თბილისის მერს იმის გამო უსაყვედურა, რომ მისი სიტყვა მთლიანად მიმართული იყო პოლიტიკური ოპონენტებისადმი, მაშინ როცა დარბაზში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველა ხელისუფლების დროს იცავდნენ ქალაქის ინტერესებს. ანანო ცინცაბაძის თქმით, ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მერის შეხვედრა საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებთან იმართება მას შემდეგ, რაც ყველა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მიღებულია და ვითარების შესაცვლელად სასამართლოს გარდა სხვა გზა არ რჩება. რაც შეეხება მერის მთავარ არგუმენტს, ამასთან დაკავშირებით ანანო ცინცაბაძემ თქვა:

„გაცვლილი ტერიტორიის შესახებ ყოველთვის ამბობს მერია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ტერიტორია ბოტანიკური ბაღისთვის. ვერ გაიგო საზოგადოებამ, რა ინტერესი ჰქონდა მაშინ „თბილსერვისს“. არ არსებობდა მისი ინტერესი? რატომ გააკეთა მიმართვა? ჩვენი დასკვნით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რუკაზე, რომ გაცვლილი ტერიტორია დაუახლოვდა და კონსოლიდირებული ტერიტორია შეადგინა იმ 29 ჰექტართან, რომელიც ამ გაცვლის პარალელურად ძალიან სწრაფად იქნა გამოტანილი აუქციონზე“.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები კი ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით დაირღვა კანონი. ასე ფიქრობს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი აბესაძე:

„2007 წელს ბიძინა ივანიშვილმა გაცილებით ძვირად, ვიდრე ახლა, - 3 მილიონ 600 ათას ლარად, - ტერიტორია შეიძინა მშენებლობის უფლების გარეშე და გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის მიზნით და ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც დავით ნარმანიამ დაარღვია და თავისი ხელმოწერით გასცა სპეცნებართვა, მათ შორის, ამ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვსვამ შეკითხვას: რომელი კანონის საფუძველზე მისცა დავით ნარმანიამ თავს უფლება ჩაედინა აღნიშნული დარღვევა ქალაქის ინტერესებისა და პირადად თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ეს ყველაფერი აუცილებლად გახდება თქვენი სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი“.

თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრის, რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილის თქმით, თბილისის მერისა და საკრებულოს უმრავლესობის კონფრონტაციულმა ტონმა აჩვენა, რომ დავით ნარმანია არ იყო მზად პასუხის გასაცემად:

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

„ჩემი აზრით, ასეთი აგრესიული ტონი არ არის საკადრისი არც საკრებულოსთვის და არც ქალაქის მერისთვის, რადგანაც საკითხი აწუხებს ძალიან ფართო საზოგადოებას და ეს არ არის ვიწრო პარტიული მსჯელობის საგანი, რომ თითქოს კითხვებს სვამს და წუხს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენს არ გვენაღვლება. ასე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ასეთ ტონალობაში წარმართვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს აწყობს და დანარჩენი ყველანი მას ვართ აყოლილი, არ არის მართებული“.

საკრებულოს საგანგებო სხდომის მსვლელობისას საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც პოლიციამ არ მისცა საშუალება მიახლოებოდნენ საკრებულოს ცენტრალურ შესასვლელს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.

„ჩვენს გამო მოვიდა, იმის გამო, რომ მოსახლეობას გაგვცეს პასუხი. გვინდოდა შესვლა, მაგრამ გამოგვრეკეს უკან... ნარმანიაზე მე არაფერი მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ არის ერთი ორგანო. რომ ამბობს ბოტანიკური ბაღის გადარჩენისთვის კეთდება ყველაფერიო, თუ ასეა, მაშინ წინასწარ უნდა გვემსჯელა და არა ისე, რომ პოსტფაქტუმ გვიყვება რაღაც ზღაპრებს. ბოტანიკური ბაღი არ არის მეურნეობა, რომელშიც უნდა იყოს ჰუმუსოვანი მიწები. იქ უნდა იყოს ბიომრავალფეროვნება. კლდოვანი ნიადაგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჰუმუსოვანი მიწები და ივანიშვილისთვის ამ ტერიტორიის გადაცემაზე ამ სადღეგრძელოების ლაპარაკი არის დიდი უსინდისობა მისი მხრიდან“, - უთხრა ნატა ფერაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG