Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს დეპუტატები დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ


თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საგამოძიებო ორგანოებს სხდომების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ თემაზე 22 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - მამუკა ახვლედიანმა და უმრავლესობის წევრმა - სევდია უგრეხელიძემ ილაპარაკეს. ახვლედიანის განცხადებით, ბოლო თვეებში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოში სწორედ საკრებულოს სხდომების დროს იბარებენ. ”ეს არ არის სხვა არაფერი, თუ არა ზეწოლა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებზე და ეს არ არის სხვა არაფერი, თუ არა მცდელობა იმისა, რომ დააშინონ ჩვენი დეპუტატები”, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა და მოიყვანა ორი დეპუტატის მაგალითი. ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში იყვნენ დაბარებული, თუმცა ისინი არ გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოებში საკრებულოს სხდომის გამო. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს წერილობით მიმართა მთავარ პროკურორსა და ფინანსთა მინისტრს, რათა საგამოძიებო ორგანოებში საკრებულოს დეპუტატების დაბარება აღარ მოხდეს სხდომის დღეებში. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სევდია უგრეხელიძის თქმით კი, დეპუტატების დაბარება კანონმდებლობის დარღვევით ხდება, მაგალითად: მათ არ მიუღიათ დაკითხვაზე დაბარების უწყებები და ასევე, მათთვის არავის შეუტყობინებია, თუ რა საკითხზე იბარებდნენ დასაკითხად.
XS
SM
MD
LG