Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პროკურორი პროკურატურაში არ მივიდა


დავით საყვარელიძე
დავით საყვარელიძე
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე არ დაემორჩილა პროკურატურის მოთხოვნას და დათქმულ დროს - 7 მარტს, 15 საათზე - არ გამოცხადდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე უნდა დაეკითხათ. დავით საყვარელიძე დაკითხვაზე არ მივიდა, თუმცა საგამოძიებო პროცედურების ჩატარებაზე უარს არ ამბობს და მზად არის გამომძიებლებს პარლამენტში შეხვდეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით 7 მარტსვე საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლით გაირკვა, რომ 2011-2012 წლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა კონკრეტულ ბიზნესმენებს იძულებით შეაძენინეს ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობები და ამ გზით მათ დიდი ოდენობით თანხები გამოსძალეს. ამ საქმეში, პროკურატურის თანახმად, ფიგურირებს იმ დროისთვის მთავარი პროკურორის მოადგილე, ამჟამად დეპუტატი დავით საყვარელიძე. აი, რა უთხრა საქმის დეტალებზე ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს” პროკურორმა მირიან ჭუმბურიძემ:

” ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წელს ბიზნესმენ ეფრაიმ გურსა და მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის მოხდა შეხვედრა, სადაც დაფიქსირდა პოზიცია, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ ბიუჯეტში უნდა გადახდილიყო 1 მილიონი აშშ დოლარი. საქმე ეხებოდა ეფრაიმ გურის შვილს, რონენ გურს, რომელიც იმ პერიოდში იყო პატიმარი”.
მათ დაარღვიეს კანონი, რაც გვაიძულებს პროკურატურას თავად მივიდეთ პარლამენტში და ისინი დავკითხოთ. ჩვენ არ გვრჩება სხვა გამოსავალი. თუკი მოქალაქე თავს არიდებს მოსვლას, სამართალდამცავი ორგანოს მოვალეობაა, პირველი, პატივი სცეს დეპუტატის სტატუსს...
თეა წულუკიანი

გამოძიების მასალებით, ეფრაიმ გურმა, თავისი შვილის, რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და მცხეთაში შეიძინა ამორტიზებული უძრავი ქონება და, საერთო ჯამში, გადაიხადა 1 000 000 ლარი. პროკურატურის განცხადებაზე გამოხმაურებისას დავით საყვარელიძემ თქვა, რომ იგი იცნობს საქმეში მონაწილე პირს, თუმცა ვაჭრობა არ მომხდარა. დეპუტატი ამბობს, რომ ვიღაცის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენასთან არც მას და არც პროკურატურას არაფერი აკავშირებთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს:

”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოუშვან გამომძიებელი. მზად ვარ ნებისმიერ, თუნდაც ასეთ შეთითხნილ საქმეებზე, სადაც, სამწუხაროდ, ადვოკატებს - ყოფილ ადვოკატებს - იყენებენ ბრმა იარაღად, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაინც, მიუხედავად ამისა, მზად ვარ გავცე გამოძიებას ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი პარლამენტის შენობაში”.

დავით საყვარელიძის დაკითხვა 7 მარტს არ შემდგარა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იგი პროკურატურის მოთხოვნას არ დაემორჩილა, პროკურატურა კი მისას. უკანასკნელი თვეების განმავლობაში დავით საყვარელიძის მსგავსად მოიქცნენ ასევე დეპუტატები როლანდ ახალაია, გიორგი ღვინიაშვილი და სხვები. პროკურატურის წარმომადგენლებმა თავის სამუშაო კაბინეტში მოწმის სახით დაკითხეს თბილისის მერი, გიგი უგულავა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი პრეცედენტი იმისა, რომ პროკურატურა მოწმეთა ნებას დაჰყვა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ არც ერთი კანონი საქართველოში დეპუტატს უფლებას არ აძლევს უარი თქვას მოწმის სახით დაკითხვაზე, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პროკურატურა მზადაა ადეკვატური ნაბიჯები გადადგას.
თუ სადავო გახდება მომავალში ეს, სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რა რეგულაცია ვრცელდება ამ შემთხვევაში დეპუტატებზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საგამოძიებო ორგანოებში მოწმეების დაკითხვა არის მოძველებული მეთოდი...
ოთარ კახიძე

” მათ დაარღვიეს კანონი, რაც გვაიძულებს პროკურატურას თავად მივიდეთ პარლამენტში და ისინი დავკითხოთ. ჩვენ არ გვრჩება სხვა გამოსავალი. თუკი მოქალაქე თავს არიდებს მოსვლას, სამართალდამცავი ორგანოს მოვალეობაა, პირველი, პატივი სცეს დეპუტატის სტატუსს და გაიმეოროს მოწვევა რამდენჯერმე და თუ დეპუტატს ეს არ ესმის, მაშინ თავად მივიდეს და, ყველა მისი უფლების დაცვით, დაკითხვა განახორციელოს”, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 13 თებერვალს, თუმცა განცხადების არსი, შეიძლება ითქვას, დეპუტატ დავით საყვარელიძეზეც ვრცელდება.

როგორია საკანონმდებლო რეგულაცია და შესაძლებელია თუ არა, რომ საქმე, საბოლოო ჯამში, გართულებამდე, ანუ დეპუტატების საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადების იძულებამდეც მივიდეს? ამ შეკითხვით პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დამფუძნებელს, ოთარ კახიძეს მივმართეთ. მისი განმარტებით, დეპუტატი სარგებლობს იმუნიტეტით. ამიტომ მის წინააღმდეგ იძულებითი ღონისძიებების განხორციელება პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი. თუმცა კანონი მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარების შემთხვევას არ განიხილავს:

”აქ არ არის მითითებული მოწმის დაკითხვის სქემა, ამიტომ უმჯობესია სასამართლომ განმარტოს, ალბათ. თუ სადავო გახდება მომავალში ეს, სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რა რეგულაცია ვრცელდება ამ შემთხვევაში დეპუტატებზე. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საგამოძიებო ორგანოებში მოწმეების დაკითხვა არის მოძველებული მეთოდი, ჩვენთან არის ჩარჩენილი ეს მუხლი, ჯერჯერობით მოქმედებს ძველი საპროცესო კოდექსი. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან აღარ დაიკითხებიან პროკურატურის კაბინეტებში მოწმეები - არც პარლამენტარები და არც ჩვეულებრივი მოქალაქეები”.

ოთარ კახიძე ურჩევს გამომძიებლებს კანონის ძალაში შესვლამდე გადავიდნენ ახალ რელსებზე, მოწმეები პროკურატურაში აღარ დაიბარონ და თავად მივიდნენ მათთან დასაკითხად. რაც შეეხება უშუალოდ დეპუტატ დავით საყვარელიძის დაკითხვას, იგი დეკემბრიდან დღემდე საგამოძიებო ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცა რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეებზე. ამ საქმეებზე დასაკითხად იგი რამდენჯერმე დაიბარეს. სავარაუდოდ, გამომძიებლებს შეკითხვები მასთან კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით ექნებათ. კერძოდ, 7 მარტს პროკურატურის მიერ გავრცელდა ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის ჩვენება, რომელშიც ფულის გამოძალვის საქმეში ფიგურირებენ ისეთი პირები, როგორებიც არიან ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე და კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. საქმის თანახმად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში რამდენიმე ათას ლარად შეფასებული ფერმა 3 მილიონ დოლარად შეაძენინეს.
XS
SM
MD
LG