Accessibility links

logo-print

დავით სანაკოევი ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს


დავით სანაკოევი

დავით სანაკოევი

რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ყოფილი ომბუდსმენი დავით სანაკოევი თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ საკადრო გადაწყვეტილებამ ბევრის გაკვირვება გამოიწვია, რადგან საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, მურად ჯიოევს, საზოგადოება როგორც გამოცდილ და ნიჭიერ დიპლომატს, ისე იცნობდა და მისი გადაყენება მოულოდნელი იყო. თუმცა სამთავრობო კულუარებში არაერთმა ადამიანმა იცოდა, რომ თიბილოვი საპრეზიდენტო მარათონში უშუალო კონკურენტს, დავით სანაკოევს, ამ პოსტისთვის ამზადებდა. ყოფილი ომბუდსმენისა და საპრეზიდენტო კანდიდატის თანაბერძოლები მიიჩნევენ, რომ სანაკოევი, რომელსაც არჩევნებში 40 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, მაღალ თანამდებობას იმსახურებდა. პოლიტიკური პარტია „ახალი ოსეთის“ წარმომადგენელი რუსლან კოჩიევი მიიჩნევს, რომ დიპლომატიურ ასპარეზზე ახალგაზრდა ენერგიული ლიდერი ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ადგილობრივი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ სანაკოევის დანიშვნით თიბილოვმა შეძლო ადგილობრივი საზოგადოების გაერთიანება, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან შემდგარი სახელისუფლებო გუნდი მალე დაიშლება.

დავით სანაკოევმა ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი რუსული პრესისთვის გააკეთა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყველაფერს გააკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი გაგრძელდეს და მომავალში რაც შეიძლება ბევრმა ქვეყანამ ცნოს მათი სახელმწიფოებრიობა. იგი საქართველოს ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს გამორიცხავს, ვიდრე დე ფაქტო რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებს და ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს გაუგებრად მიაჩნია სანაკოევის ეს განცხადება. კერძოდ, მას არ ესმის, როგორ შეიძლება მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ, თუკი პირდაპირი დიალოგი არ დაიწყება.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა პოსტკონფლიქტურ საკითხებში. მან ამ პოსტზე ბორის ჩოჩიევი შეცვალა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ჯიოევს პირველი გამოცდის ჩაბარება კვირის ბოლოს ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე მოუწევს. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ჟენევის მომავალი დისკუსია საკმაოდ რთული იქნება, რადგან ოსური მხარე საერთაშორისო ლექსიკონიდან ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღების საკითხის დაყენებას აპირებს. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, ჩოჩიევის მსგავსად, ჯიოევი ჟენევაში ვერაფერს შეცვლის, რადგან იქ ორი მთავარი მოთამაშე საქართველო და რუსეთია.

ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება ვინ უხელმძღვანელებს ოსურ დელეგაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ეს საკითხი, ალბათ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, რადგან ერგნეთის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი იყო. ჩიგოევი გენპროკურორი გახდა, ჯიოევი სპეცწარმომადგენლად უკვე დაინიშნა, ახლა კი მისი მოადგილის ვინაობაღა დარჩა გასარკვევი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG