Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პოლიტიკაში დაბრუნდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, დავით უსუფაშვილი. მისი განცხადებით, პოლიტიკაში ბრუნდება იმისთვის, რომ საქმე უკეთ აკეთოს თანამოაზრეებთან ერთად, რომლებიც მზად არიან ქვეყნის სამსახურისთვის. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება არ გაუხარდებათ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არც მათ, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა ინგრევა. „მე ვთვლი, რომ ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ ბევრი რამ არ გამოგვდის და თუ სწორ დიაგნოზს არ დავსვამთ, გაგვიჭირდება ქვეყნის სწორი კურსით წაყვანა“ - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი დიაგნოზით, საქმეა არა ლიდერებში, არამედ იმაში, რომ საქართველოში ყველა ლიდერს და პოლიტიკურ პარტიას საქმიანობა უწევდა და უწევს დესტრუქციულ პოლიტიკურ ველზე, სადაც სწორად ნაკეთები საქმის დიდი ნაწილიც კი იკარგება. „ეს არის პოლტიკური ველი, რომელიც მუდმივად ჰყოფს საზოგადოებას, აჩენს განცდას, რომ ვიღაც ზედმეტია, ყოველი მოსული ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესს აიგივებს საკუთარ ინტერესთან და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს მთელ სახელმწიფო მანქანას, ასე კი ქვეყანა ვერ აშენდება“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დესტრუქციული პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს, რაც ზეპარტიული, საზოგადოებრივი ამოცანაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქმნის ახალ, ცენტრისტულ პარტიას, რომელიც თავს მოუყრის რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს და სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და არა რამდენიმე ლიდერისა და ლოზუნგის ამარა. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ახალი პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და მისი მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG