Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: „კოალიციის დაშლაზე არ წავალ!“


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

28 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან, რომლებმაც დავით უსუფაშვილს კითხვები დაუსვეს მმართველი კოალიციის გეგმების, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურის, რუსეთთან ურთიერთობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ. როგორც საკანონმდებლო ორგანოში განმარტეს, პარლამენტის თავმჯდომარე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს რეგულარულად - ორ კვირაში ერთხელ - შეხვდება.

დავით უსუფაშვილის თქმით, კოალიციის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ შეუთანხმებიათ უმრავლესობის ახალი ლიდერის კანდიდატურა. დავით საგანელიძის „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ უმრავლესობამ უნდა აირჩიოს ახალი ლიდერი, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ყველაზე დიდი ფრაქციის, ანუ ფრაქცია „ქართული ოცნების“, წევრი იქნება:

„ოღონდ აკრძალული კი არ არის, რომ ვინმე სხვა ფრაქციის წარმომადგენელი გახდეს უმრავლესობის ლიდერი, მაგრამ ამის თაობაზეც, ცხადია, ველით ყველაზე დიდი ფრაქციის დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ეს პროცესი კვირის ბოლოს გადაწყვეტილების დონეზე იქნება დასრულებული“.

რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ენერგეტიკაშიც არის აუცილებელი მინიმუმის დონეზე და მე ვერ ვხედავ ვერც ვერანაირ წინაპირობას და ვერც რაიმე გეგმას, რომ ეს მიდგომა შეიცვლება...
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილმა გააკეთა ასევე კომენტარი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ ხელძღვანელობის შეხვედრის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაზის იმპორტის თაობაზე არ უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგანაც, ზოგადად, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა დივერსიფიცირებულია მრავალი მიმართულებით:

„რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ენერგეტიკაშიც არის აუცილებელი მინიმუმის დონეზე და მე ვერ ვხედავ ვერც ვერანაირ წინაპირობას და ვერც რაიმე გეგმას, რომ ეს მიდგომა შეიცვლება, მაგრამ „აუცილებელი“ ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა გარდაუვალია, რადგან დღევანდელ მსოფლიოში გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს ვერ მიჰყვება ყველა საზღვარი, მათ შორის, ენერგეტიკული სისტემების ურთიერთობა“.

დავით უსუფაშვილმა ილაპარაკა ასევესაქართველოში ე. წ. პრორუსული ძალებისა და პროპაგანდის გააქტიურების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას შეუძლია იმოქმედოს კანონის ფარგლებში, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მეზობელი ქვეყნის ამგვარი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს:

ამ კონკრეტული თემის გამო, ვთქვათ, კოალიციის დაშლა იქნებოდა სწორი გამოსავალი? თუ კოალიცია დაიშლება, იქნება რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით, რაც დღეს გვაქვს. და ის, რაც ზეგ გვინდა, დარჩება მასზეგისთვის. დღეს გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ცვლილება (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა) კონსტიტუციაში გამყარდეს და ჩაიწეროს 2016 წლის შემდეგ, მანამდე ამის შესაძლებლობა არ არის...
დავით უსუფაშვილი

„მგონია, რომ ეს მცდელობა იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო დღემდე არაერთხელ. პრაქტიკულად არჩევნებს ვერ გავიხსენებთ, როცა მსგავსი მოვლენები არ შეინიშნებოდა ხოლმე. არ იქნება სწორი ამ მოვლენებისთვის წაყრუება და ხელის აქნევა, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ რაიმე განსაკუთრებული ტრაგედია შევქმნათ ამისგან. მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ქართველმა ხალხმა ერთ მშვენიერ დღეს, პროპაგანდის თუ სხვა რამის გავლენით, უცბად გადაწყვიტოს, რომ ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ რუსეთთან უმცროსი ძმის სტატუსს“.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განმარტა ასევე იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება საარჩევნო სისტემის რადიკალური რეფორმირება 2016 წლის არჩევნებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სისტემა აუცილებლად შეიცვლება, ოღონდ შეიცვლება 2020 წლის არჩევნებისთვის, რადგან უფრო ადრე ამის გაკეთება შეუძლებელია კოალიციის შიგნით კონსენსუსის არარსებობის გამო:

„ამ კონკრეტული თემის გამო, ვთქვათ, კოალიციის დაშლა იქნებოდა სწორი გამოსავალი? თუ კოალიცია დაიშლება, იქნება რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით, რაც დღეს გვაქვს. და ის, რაც ზეგ გვინდა, დარჩება მასზეგისთვის. დღეს გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ცვლილება (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა) კონსტიტუციაში გამყარდეს და ჩაიწეროს 2016 წლის შემდეგ, მანამდე ამის შესაძლებლობა არ არის. ამ საკითხის გამო მე პირადად კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგანაც ვიცი, რომ ქვეყნისთვისაც დიდი უბედურება იქნება და არჩევნებისთვისაც, ვინაიდან არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი სისტემით“.

დავით უსუფაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შეწყალების შესაძლებლობაზე. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ონლაინ რეჟიმში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით. 50 ათასი საჭირო ხელმოწერის შეგროვების შემდეგ პეტიცია პრეზიდენტს გადაეგზავნება. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს შეიწყალოს გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ამით დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საქართველოს ისტორიაში. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარი:

„დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოდ, კონსტიტუციის ფარგლებში და იმ პრინიციპებიდან გამომდინარე, რასაც უნდა ეფუძნებოდეს შეწყალების აქტი. შეწყალება - ეს არ არის გულჩვილობის აქტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG