Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა დავითაშვილი ოპოზიციაში გადადის და პრეზიდენტობისთვის ემზადება


კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი
„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, ოპოზიციაში გადადის და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. ეს გადაწყვეტილება მან მედიას 2 აგვისტოს საკუთარი პარტიის ოფისში გააცნო. დავითაშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში დიამეტრულად განსხვავებული პროგრამით გამოვა.

უკანასკნელი წვეთი, რომელმაც „ხალხის პარტიის“ ლიდერს, კობა დავითაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება გადააწყვეტინა, ბაჩო ახალაიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი აღმოჩნდა. დავითაშვილი ამ ფაქტს იმ ხალხის დაცინვად მიიჩნევს, ვინც დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. ეს შედეგი ახალმა მთავრობამ, კობა დავითაშვილის აზრით, კოჰაბიტაციის თვალსაზრისით აღებული უნიათო კურსის გამო მიიღო. „უნიათობაში“ კი დავითაშვილი ნაფიც მსაჯულთა სავალდებულობაზე უარს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გაუმართლებელ დათმობებს გულისხმობს:

„ახალაიას გამართლების გამოცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამარჯვებად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ახალაიას გამართლება არ არის დემოკრატიის ზეიმი. სასამართლო დამოუკიდებელია კანონისგან და თავისუფალია სინდისისგან. ის დამოკიდებულია იმ დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და თურმე კიდევ უნდა დავპირდეთ, რომ ასეთი დამოუკიდებლობა შენარჩუნდება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“.
ჩემი მთავარი აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. ეს არ არის მხოლოდ ჯალათების და დამნაშავეთა დასჯა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორეა იმ პოლიტიკურად დევნილი ადამიანების უფლებების აღდგენა...
კობა დავითაშვილი

მთავრობის დღევანდელ ლოიალურ განცხადებებს, „ხალხის პარტიის“ ლიდერის აზრით, ვანო მერაბიშვილის გამართლება და, მისივე სიტყვებით, „ჯალათების უმანკო კრავებად გამოცხადება“ მოჰყვება. პრინციპული განსხვავება ახალი მთავრობის კურსსა და დავითაშვილის პოლიტიკურ ხედვას შორის სხვა საკითხებშიცაა:

„ჩემთვის ასევე სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცა ჩვენი ხალხის ინტერესებს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, საკლასო მეპატრონეების, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეებისა თუ ბანკების ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი“.

კიდევ ერთი მიზეზი, რითაც დავითაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა, ის იყო, რომ არ შეიძლება ხალხის ინტერესების მუდმივად გვერდზე გაწევა გარკვეული ბიზნესჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ, რასაც ახალი მთავრობა აკეთებს. უმთავრესი სამართლიანობის აღდგენაა:

„ჩემი მთავარი აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. ეს არ არის მხოლოდ ჯალათების და დამნაშავეთა დასჯა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორეა იმ პოლიტიკურად დევნილი ადამიანების უფლებების აღდგენა, დაწყებული საკუთრებაწართმეული ადამიანებიდან, რომელთათვის ამ საკუთრების დასაბრუნებლად არაფერი გაკეთებულა, იმ ადამიანებით დამთავრებული, რომელთაც სამსახურებიდან მათი პრინციპული პოზიციის გამო ათავისუფლებდნენ. ისინი არავის სამსახურში არ აღუდგენია. ისევ ჯალათებს ვეყრდნობით. არავინ მისცა სათანადო შეფასება იმ ფაქტს, რომ კასრებში აღმოჩენილი ცნობილი მასალების აღმოჩენის შემდეგ, ამ კადრებში მონაწილე დამნაშავეთაგან სამი შსს-ს მოქმედი თანამშრომელი იყო, სამიც თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. ეს ჯალათები დღემდე აგრძელებდნენ მუშაობას სტრუქტურებში იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გულისხმობს, რომ თურმე ისინი პროფესიონალები არიან და ახალ ხელისუფლებას გამოადგებიან“.

სწორედ ამიტომ, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და გადაწყვიტა დღევანდელი მთავრობისგან დიამეტრულად განსხვავებული პროგრამით კენჭი იყაროს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

კობა დავითაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კოალიციის წევრებს ელექტრონული ფოსტით აცნობა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამ საკითხზე დავითაშვილთან პირისპირ არ ულაპარაკიათ, თუმცა არც დავითაშვილის ოპოზიციაში გადასვლა გაჰკვირვებიათ. მოულოდნელი კოალიციის ლიდერებისათვის ამ ამბის ტელეეთერით შეტყობა აღმოჩნდა - საგანგებო განცხადება კი ამ საკითხზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა:

„კობას ყოველთვის განსხვავებული აზრი ჰქონდა კოალიციაში. ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტშიც ხშირად შემოსულა მისგან ისეთი ინიციატივები, რომლებიც მთლიანად ამოვარდნილი და შეუთანხმებელი იყო მთავრობის პოზიციასთან. შემდეგ ამ კანონპროექტების უკან გატანა უხდებოდა ანდა ამ კანონპროექტებს უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. როცა ასეთი განსხვავებული მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსი ტოვებს კოალიციას, ეს ნიშნავს, რომ კოალიცია ამით უფრო მონოლითური გახდება და შეიკვრება“.
შეიძლება საზოგადოებამ თქვას, რომ საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გველის წინ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრი უფრო პოლიტიკურ თამაშებზე გადაერთო და ვერ ამჩნევს იმ ცუნამს, რომელიც ყველას გვიახლოვდება. ეს ცუნამი არის ეკონომიკური რეცესია...
გიგი უგულავა

პარლამენტის თავმჯდომარემ კი დავითაშვილს ქართულ პოლიტიკაში მოხეტიალე ფორვარდი უწოდა, რომელსაც ხანდახან ლამაზი ფინტებიც გამოსდის:

„დარწმუნებული ვარ, კობა დავითაშვილს ქვეყნის სამსახურში ყოფნა უნდა. უბრალოდ, ამას ყველა განსხვავებულად აკეთებს. მოახლოვდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, საპრეზიდენტო არჩევნები, და ასეთ დროს ყველა პოლიტიკოსი, ყველა პარტიის ლიდერი იწყებს ფიქრს იმის შესახებ, ხომ არ დადგა ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო. კობამ ამ ახალი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ვისურვებდი, რომ მან სასარგებლო როლი შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში“.

დავითაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა და 2004 წელი გაიხსენა, როცა მაშინდელი მმართველო პოლიტიკური ძალაც, „ნაცონალიური მოძრაობა“, პირველმა სწორედ დავითაშვილმა დატოვა:

„მახსოვს, კობა მაშინაც პირველი მერცხალი იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კოალიციაც ცხრა წელი გაძლებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არჩევნების მერე პოლიტიკური პროცესები სხვანაირად განვითარდება: ვინც დღეს წინაა, უკან გადაინაცვლებს და პირიქით. შეიძლება საზოგადოებამ თქვას, რომ საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გველის წინ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკური სპექტრი უფრო პოლიტიკურ თამაშებზე გადაერთო და ვერ ამჩნევს იმ ცუნამს, რომელიც ყველას გვიახლოვდება. ეს ცუნამი არის ეკონომიკური რეცესია“.

თავად კობა დავითაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ილუზია არა აქვს, თუმცა აქვს მკაფიო ამოცანა - ქვეყანაში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მან ამ ტურში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა მანამდე „ხალხის პარტიის“ ლიდერს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებისათვის 25 000 ხელმოწერის შეგროვება მოუწევს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG