Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსის ფორუმი და ინვესტიციების მოზიდვის პრობლემები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ფორუმზე. 2014 წლის 23 იანვარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ფორუმზე. 2014 წლის 23 იანვარი
საქართველოს ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ცდილობს. 22-25 იანვარს იქ იმართება ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელზეც მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ტრადიციულად, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსაც იწვევენ. რას სთავაზობს საქართველო უცხოელ ინვესტორებს და რამდენად გამართლდა შარშანდელ ფორუმთან დაკავშირებული იმედები?

დავოსში საქართველო კონკრეტული წინადადებებითა და კონკრეტული პროექტებით ჩავიდა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, ქვეყანა მსხვილი ინვესტორების ყურადღების მიპყრობას შეეცდება:

”ჩვენ გვაქვს სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი ძალიან მსხვილ და ძალიან სერიოზულ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ კონკრეტულ ინვესტორებთან, რომ მათი წინადადებები განვიხლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება გასული წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან არის ის, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში - ”ტატა ჯგუფი” (Tata Group) - შემოვიდა საქართველოში და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები”.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები უმსხვილესი ინდური კომპანია, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციით, აჭარაში ჰესების მშენებლობის პროცესშია ჩართული. 2013 წლის შემოდგომაზე, როდესაც ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას საზეიმო ვითარებაში ჩაეყარა საფუძველი, საგანგებოდ აღინიშნა, რომ კომპანია ”ტატა ჯგუფი” სწორედ 2013 წლის დავოსის ფორუმიდან დაადგა საქართველოსკენ მომავალ გზას.

იმისათვის, რომ ამ გზას სხვებიც გამოჰყვნენ, საქართველოს დელეგაცია უცხოელ ინვესტორებს კონკრეტულ მიმზიდველ სფეროებს სთავაზობს. ზოგიერთ მათგანს დავოსში ჟურენალისტებთან საუბრისას, მაგალითად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩამოთვლის:

”როგორიც არის საფინანსო-საინვესტიციო მიმართულებაში, ასევე უძრავი ქონების მიმართულებაში... ჩვენ გვექნება შეთავაზებები სხვადასხვა მიმართულებით - როგორიც არის საკურორტო ბიზნესი, უძრავი ქონების მიმართულება...”

გიორგი კვირიკაშვილს არაფერი უთქვამს წელს მოსალოდნელი პროგრესის თაობაზე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, თუმცა შარშან ამ დროს, ასევე დავოსის ფორუმზე, ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობდა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ”ძალიან საინტერესო შედეგები” გვექნებოდა უკვე წლის მეორე ნახევრისთვის, ანუ 2013 წლის მეორე ნახევრისთვის. ”გამართული შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდია ინტერესი საქართველოში ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განსახორციელებელი პოლიტიკის მიმართ”, - აღნიშნავდა გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დავოსის 2013 წლის ფორუმზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებდა, რომ საფუძველი ეყრება პროცესს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებმა ეკონომიკური აღმასვლა ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-3 წელიწადს უკვე უნდა იგრძნონ. ბიძინა ივანიშვილი თავის კომენტარებში სხვადასხვა დროს ასევე ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები იყო მოსალოდნელი რუსეთიდან და რომ მეზობელი ქვეყნიდან ჯერ იქ მცხოვრები ქართველების ფული დაიძვრება. ”ქართველები დარაზმულები არიან და წამოსვლას აპირებენ”, - აცხადებდა ექს-პრემიერ-მინისტრი.

ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ინვესტიციების მასშტაბებს საქართველოში 2013 წელს ნამდვილად არავინ აღუფრთოვანებია. მართალია, „საქსტატის“ მიერ დეკემბრის დასაწყისში გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2013 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.8%-ით გაიზარდა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), მაგრამ მაჩვენებელი 697.3 მილიონ დოლარს არ აღემატება.

რატომ ვერ იზიდავს სასურველი მასშტაბის უცხოურ ინვესტიციებს საქართველო - რა უშლის ხელს ამ პროცესს?

ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვიდრე უცხოელი ინვესტორები ადგილობრივი ბიზნესის აქტიურობასა და წარმატებებს ვერ დაინახავენ, ისინი არც კი იფიქრებენ სერიოზული თანხების დაბანდებაზე საქართველოში და რომ ამას ვერც დავოსის ფორუმი უშველის:

”როცა ისინი ხედავენ ასეთ უმოძრაობას, რა თქმა უნდა, სიტუაციის შეცვლას ელიან... თუ სიტუაცია შეიცვალა და სერიოზული ძვრები იქნა, მაშინ ინვესტორებს თვითონ საქმიანი ადამიანები მოიძიებენ და ამ ინვესტორებს არ დასჭირდებათ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები... სიმართლე გითხრათ, მთავრობის მეთაურმა კარგი მონახაზები გააკეთა, ეს არის, ვთქვათ: ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი სააგენტოს შექმნა; 50 მილიონი ბიუჯეტიდან გადაეცა ბანკებს, რითაც დაფინანსდება ”სტარტი”; ნასესხები 600 მილიონიდან 150 მილიონი წავა ბიზნესის დასაფინანსებლად და სხვა ცვლილებები, რაც კარგი მონახაზია. ახლა უნდა ვნახოთ, თუ რა გამოვა რეალურად“.

დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებას საქართველოში ”გაურკვევლობა და მოლოდინი” უშლიდა ხელს და ასევე მოწესრიგებას საჭიროებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. დემურ გიორხელიძე, სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, მიიჩნევს, რომ თუკი 2013 წელს გამოვლენილი ეკონომიკური უმოქმედობა არ დაიძლევა და 2014 წელს გარღვევა არ მოხდება, წლის ბოლოს ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

23 იანვარს დავოსში გამართულ სესიაზე - "ევრაზია შემდეგი ზღვარი" - სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკა ”სულ უფრო მდგრადი ხდება საქართველოში”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდა შემოიფარგლებოდა სექტორების მცირე ჯგუფით და ნაკლებად ჰქონდა არსებითი გავლენა ზოგადად ეკონომიკაზე. სამომავლო იმედებს პრემიერ-მინისტრი, დიდწილად, ევროკავშირის ბაზრის გახსნას უკავშირებს, რის საშუალებასაც იძლევა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების - პერსპექტივები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG