Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს


როსტისლავ ხუგაევი
როსტისლავ ხუგაევი
თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაამტკიცა როსტისლავ ხუგაევის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. როსტისლავ ხუგაევი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ინაუგურაციის დასრულებისთანავე რუსეთიდან ჩამოიყვანა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ხუგაევი რუსეთის დამსახურებული მშენებელია. იგი სამარაში ბიზნესს ფლობდა, მაგრამ ახლა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ცხინვალში გადმოვა. როგორც ცნობილია, ცხინვალში მთავრობის ფორმირება გაჭიანურდა. ახლა უკვე ნათელია, რომ თიბილოვი პუტინის ინაუგურაციას ელოდებოდა, მასთან კანდიდატურების შესათანხმებლად. თიბილოვსა და პუტინს შორის შეხვედრა სოჭში რამდენიმე დღის წინ შედგა და იქიდან დაბრუნებულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ხუგაევის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. ამ თანამდებობაზე რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტროს საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თიბილოვმა მაინც თავისი გაიტანა. პარლამენტში მხარდაჭერისთვის მადლობის შემდეგ თიბილოვმა არც დამალა, რომ ხუგაევის კანდიდატურის დამტკიცებით კრემლიც დაინტერესებული იყო.

აღსანიშნავია, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს მხარი კოკოითის მომხრე დეპუტატებმაც დაუჭირეს, თუმცა მათ იმავე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ახალი კანდიდატურის გატანა უნდოდათ, ამის შესახებ კი კონსულტაციებს თიბილოვთან მართავდნენ. როგორც ცნობილია, პარლამენტის უმრავლესობამ ყოფილ სპიკერს, კომუნისტების ლიდერს სტანისლავ კოჩიევს უნდობლობა გამოუცხადა და იმპიჩმენტი მოუწყო. კოჩიევი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და უკვე გადაწყვეტილებას ელოდება. ამჟამად სპიკერის მოვალეობას პარტია „ედინსტვოს“ წარმომადგენელი ზურაბ კოკოევი ასრულებს, რომელიც ედუარდ კოკოითის კლანის წევრია. სწორედ კოკოევის სპიკერად დანიშვნა უნდოდათ ექს-პრეზიდენტის მომხრეებს, მაგრამ თიბილოვმა მათ მცდელობას მხარი არ დაუჭირა. ზურაბ კოკოევს კი ისღა დარჩენოდა, ხუგაევის შესახებ მიღებული დადგენილება წაეკითხა.

ოსურ საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ ახლა უპრობლემოდ შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოება, გაჩნდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, უკვე დაწყებულია პარტიული მშენებლობაც, თუმცა ამ ოპტიმიზმს ვერ იზიარებს კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი. მისი აზრით, იქ, სადაც კრემლის კონტროლი განუსაზღვრელია, შეუძლებელია დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირება.

10 დღეში ლეონიდ თიბილოვმა და როსტისლავ ხუგაევმა მინისტრთა კაბინეტის ფორმირება უნდა დაასრულონ. ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ალა ჯიოევას და ძამბოლათ თედეევის მომხრეებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს და მათი თანამოაზრეები მრავლად იქნებიან ახალ მთავრობაში. ცხინვალში უკვე ჩავიდა ანატოლი ბარანკევიჩიც. გავრცელებული ინფორმაციით, ის ვიცე-პრემიერად დაინიშნება. ხუგაევიც და ბარანკევიჩიც თედეევის კანდიდატურებია. ასე რომ, დღეს ოსურ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ უკვე საბოლოოდ გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG