Accessibility links

logo-print

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა ჯერ არ ჩანს


ლვოვი, უკრაინა, აპრილი, 2015
"რადიო თავისუფლების" ფოტო

ლვოვი, უკრაინა, აპრილი, 2015 "რადიო თავისუფლების" ფოტო

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე საუბრისას ორ თემაზე მახვილდება ყურადღება - უნდა მიეწოდოს თუ არა უკრაინას თავდაცვითი იარაღი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მარიუპოლი კიევის კონტროლის ქვეშ დარჩეს. იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დასავლეთში ერთიანობა შეინიშნება, თუმცა პრაქტიკულ ნაბიჯები ამ მხრივ ჯერ არ გადადგმულა. სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ ამერიკამ უკრაინის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს:

ჯონ მაკკეინი: „იმედი მაქვს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება. ბევრმა ჩვენგანმა სწორი პროგნოზი გააკეთა იმაზე, თუ რას მოიმოქმედებდა ვლადიმირ პუტინი. ის აგრძელებს აგრესიას და ხოცავს უკრაინის მოქალაქეებს. სამარცხვინოა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს თავდაცვით იარაღს არ აძლევს. ამერიკის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდია, როცა უარს ვამბობთ უკრაინელებისთვის დახმარების აღმოჩენაზე. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ვლადიმირ პუტინის აგრესიისგან არ გათავისუფლდება.”

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა შვედეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება უნდა გაეგზავნოს, თუმცა ევროპელები ამ საკითხს უფრო სკეპტიკურად უდგებიან. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა ნატოს მეხუთე მუხლის გამოცდის მცდელობა არ არის, თუმცა ის ევროპელებს მეტი სიფრთხილიკენ მოუწოდებს:

კარლ ბილდტი: „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მისი მოქმედებების გათვლა რთულია, ის მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს.“

კარლ ბილდტი ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ დღემდე გამოჩენილი ერთიანობა საკმარისი არ არის და იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მეზობლების მიმართ მოქმედებები შეცვლოს მეტის გაკეთებაა საჭირო:

კარლ ბილდტი: „მან უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავი ნაბიჯების გადადგმის უფლება არ აქვს. მან უნდა დაინახოს, რომ ევროპა ერთიანია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის მზად პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსანახად.”

შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება მარიუპოლის დაცვა რუსეთისგან, ბილდტი ამბობს, რომ პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ მარიუპოლის აღება მას გაუჭირდება და ამასთან, ძალიან ძვირი დაუჯდება:

კარლ ბილდტი: „ქალაქის სამხედრო ძალით აღება რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი თავდაცვისთვის მზადაა. ჩემი აზრით, უკრაინელები თავდაცვისთვის კარგად არიან მზად.“

დასავლეთს რუსეთის აგრესიის შეჩერება სურს, მაგრამ პრაქტიკული, სტრატეგიული თუ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა ჯერ არ ჩანს.

XS
SM
MD
LG