Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები ადამიანის უფლებებზე


საჯარო დებატები
საჯარო დებატები

სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ გამართულ საჯარო დებატებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგნელი კავკასიაში გიორგი გოგია მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულთა გამოძიებისა და ოჯახში ძალადობის საკითხები რჩება.

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტში 31 მარტს შევიდა. 900-გვერდიანი ანგარიშის ძირითადი მიგნებების შესახებ უჩა ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო დებატების ფორმატში, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გასაზრდელია სახალხო დამცველის უფლებები და მისი ის მექანიზმები, რომლებითაც სახალხო დამცველი ახორციელებს თავის საქმიანობას. მე ვსაუბრობ სპეციფიკურად იმ უფლებებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს უნდა ჰქონდეს...
გიორგი მარგველაშვილი

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოძიების საკითხი. მისივე თქმით, 28 შემთხვევიდან პროკურატურამ 7 გამოუძიებლად დატოვა, თუმცა გამოძიების დაწყებაც, თუ მას შედეგი არ მოჰყვა, უჩა ნანუაშვილის თქმით, ძნელია შესრულებულ რეკომენდაციად მივიჩნიოთ:

„რეკომენდაციები ეხება საგამოძიებო ორგანოებს, ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას და ჩვენ ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას და რეალური პრობლემები ფიქსირდება ამ მიმართულებით. ცალკე საუბრის საგანია, ზოგადად, ტოლერანტული კულტურის არარსებობა ქვეყანაში და ის გამოწვევები, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს. ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა და ეს შეიძლება გამოიყოს, როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა“.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და შემაკავებელი ორდერების გამოცემის თვალსაზრისით. ამასთან, სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულის გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვითაც, პროკურატურის გარდა სხვა რაიმე საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა არ მოიაზრება. არჩილ თალაკვაძის თქმით,უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების მექანიზმი და ეს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს პროკურატურა:

„სახალხო დამცველმა აღნიშნა 7 შემთხვევის შესახებ, რომელზეც ის თვლის, რომ არ იყო სათანადო რეაგირება და შესაძლოა ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, მე კი გეტყვით, რომ ეს 7 შემთხვევა არის წლის განმავლობაში, ჯამში, 17 ათასამდე დაკავების შემთხვევიდან, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ამ შემთხვევების მასშტაბი არის მიზერული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას შვიდივე შემთხვევას“.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მიიწევს წინ, მაგრამ ეს წინსვლა უნდა იყოს გაათმაგებული. მისივე თქმით, აუცილებელია სახალხო დამცველის მანდატის გაფართოება, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის თვალსაზრისით. ასევე, მისი შეფასებით,2 თვეზე მეტხანს წინასწარი პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა არ წარმოადგენს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და ეს უნდა შეიცვალოს. გიორგი მარგველაშვილის დაკვირვებით, ასევე შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში არსებული არატოლერანტული გარემო უმცირესობათა მიმართ:

„გასაზრდელია სახალხო დამცველის უფლებები და მისი ის მექანიზმები, რომლებითაც სახალხო დამცველი ახორციელებს თავის საქმიანობას. მე ვსაუბრობ სპეციფიკურად იმ უფლებებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს უნდა ჰქონდეს, თუნდაც, პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის ეფექტური და ოპერატიული განხორციელებისთვის“.

გიორგი გოგია
გიორგი გოგია

როდესაც „ჰუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას სთხოვეს შეედარებინა უფლებათა დაცვის თვალსაზრისით სამ ქვეყანაში არსებული მდგომაროება, მან აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აზერბაიჯანში, სადაც უფლებადამცველთა ნაწილი ან პატიმრობაშია, ან ქვეყნიდანაა გაქცეული. საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას კი, გარდა გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობისა, გიორგი გოგიამ გამოყო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები და ეს საკითხიც არაეფექტურ გამოძიებასთან დააკავშირა. მისი თქმით, ასევე არ ხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის კვალიფიკაციის მინიჭება. გიორგი გოგიამ აქცენტი გააკეთა ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შსს-ს ეკუთვნის და რომელიც შუღლის ენის კრიმინალიზაციას შეეხება:

„იმ პირობებში, როდესაც არსებული კანონმდებლობის არასათანადო გამოყენება ხდება, ამ შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირ მიმართული სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მისი არასწორი ინტერპრეტაცია და განხორციელება ქვეყანას და, შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ხელისუფლებასაც და პარლამენტსაც არ მიიღონ ის ცვლილებები, რომელიც ამ ხრივ საქართველოს მნიშვნელოვნად დასწევს უკან“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, საიას 2014 წელს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, მათ შორის, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების ფაქტებზე, 2015 წელს კი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის 25 ფაქტის თაობაზეა განცხადება შესული, თუმცა გამოძიება უმოქმედოა.

ხელისუფლების ორგანოებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ სერიოზული ინტერესის გამოჩენისკენ მოუწოდებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG