Accessibility links

არასამთავრობოები ხელისუფლებას დეცენტრალიზაციის რეფორმის დაჩქარებას ურჩევენ


არასამთავრობო სექტორი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმას აღარ გადადებს, თუმცა პროცესში მეტ ჩართულობას მოითხოვს. 28 დეკემბერს 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი თვითმმართველობების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას, სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წამოწყებას და ქვეყნის ხელისუფლებისა და თვითმმართველობების უფლებამოსილებათა გამიჯვნას მოითხოვენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას ორი მთავარი მოთხოვნით მიმართეს - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩართონ არასამთავრობო ორგანიზაციები და, მეორე, აღარ დაუშვან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვითარების შემდგომი დაძაბვა. 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ოცი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადება მედიას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კანდელაკმა გააცნო.

კონსტანტინე კანდელაკი გვეუბნება, რომ არსებობს იდეა, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თითოეულ დასახლებულ პუნქტში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩამოყალიბდეს ე.წ. საზოგადოებრივი თვითმმართველობები, სოფელს კი გარკვეული იურიდიული სტატუსის მინიჭების შემდეგ უფლება მიეცეს ამ საბჭოში შემავალი საკუთარი წარმომადგენელი აირჩიოს. ეს გაზრდის სოფლის ჩართულობას, რაც არის კიდეც ზოგადად თვითმმართველობის რეფორმის ამოსავალი წერტილი.

”თვითმმართველობის მთავარი არსი ხომ ისაა, რომ მოსახლეობა იყოს
ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავად მათ მიერ დასახული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდეს ყველა საქმიანობა - მათ აირჩიონ, მათ გადაწყვიტონ, ცხადია, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კანონით ექნება თვითმმართველობას მინიჭებული. ჩვენი აზრით, დღევანდელი მოწყობა თვითმმართველობების ძალიან დაშორდა ხალხს და ზუსტად ის პროცესები, რაც ბოლო დროს განვითარდა და ახლაც გრძელდება, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსული ახალი ხელისუფლება იწყებს ცვლას თვითმმართველობებშიც,ზუსტად ამის გამოძახილია, რომ მოსახლეობა არ იყო ადრე არჩევანის პროცესში ჩართული, მათი არჩეული არ არის, ხოლო თვითმმართველობა ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება, რაც არ არის მართალი, ასე არ უნდა იყოს”.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძეც, როგორც არასამთავრობოთა განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, მიესალმება იმ ფაქტს, რომ რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის, რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობენ. დავით ლოსაბერიძეს იმედს აძლევს 24 დეკემბერს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც ყოვლისმომცველი დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების თაობაზე. პრემიერმა მაშინ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია.

დავით ლოსაბერიძემ, სხვა არასამთავრობოების სახელით, 28 დეკემბერს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ასევე მიმართა, რომ აღარ დაუშვან თვითმმართველობებში არეულობა, რაც საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვლა ადგილზე იწვევს სერიოზულ რყევებს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მოთამაშეს, ყველა დაინტერესებულ პირს, დააჩქარონ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით, როგორიც ქვეყნის დეცენტრალიზაციაა”.

თვთმმართველობების საკითხს 28 დეკემბერს თავის შემაჯამებელ ბრიფინგზე შეეხო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. მან თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საშუალო რგოლის მოხელეებს, რომლებიც თავადაც სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ახალი მთავრობა პასუხს აღარ მოსთხოვს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG