Accessibility links

logo-print

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღნიშნეს. საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო დედაენის ძეგლთან, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, პოლიტიკოსებმა კი 1978 წლის 14 აპრილის დრამატული მოვლენები გაიხსენეს. 14 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა უნიკალური „დედაენების'' გამოფენას.

37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის პროექტში იმ ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ გაიხსენა, ქართველმა ახალგაზრდებმა 37 წლის წინ მხოლოდ ქართული ენა როდი დაიცვეს და გადაარჩინეს:

„საბჭოთა კავშირში ვითარდებოდა ე.წ. თეორია საბჭოთა ერის შესახებ. ეს ნიშნავდა იმას, რომ თუკი არის ახალი ისტორიული ერთობა და ახალი ერით - საბჭოთა ერით, მას ენაც უნდა ჰქონდეს ერთი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციებიდან ამოეღოთ მუხლი, რომელშიც ჩადებული იყო ეროვნული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი და აი, მაშინ ქართველმა ახალგაზრდობამ არა მარტო ქართული ენა გადაარჩინა, არამედ საბჭოთა იმპერიაში შემავალი ყველა რესპუბლიკის ენა გადაარჩინა“.

ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, დღეს კონსტიტუციით არის დაცული, თუმცა, როგორც ენათმეცნიერები ამბობენ, ქართულ ენას ახლა სულ სხვა სახის გამოწვევასთან უწევს გამკლავება: თვალშისაცემი გახდა უცხო ენების ექსპანსია, შესაბამის ინსტიტუტებს კი უჭირთ აკონტროლონ სპეციალური ტერმინოლოგიის შემოჭრა, რის გამოც თანამედროვე სალიტერატურო ენა გადაიტვირთა ბარბარიზმებით, სხვა მხრივ კი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თქვა, ქართულ ენას, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველს, საფრთხე არ ემუქრება:

„ჩვენი სახელმწიფოებრიობა ყველაზე მეტად თუ რამეს ეფუძნება, ეს არის ქართული ენა! სწორედ ქართული ენაა ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი მომავალი თვითმყოფადობის, ჩვენი დამოუკიდებლობის. მამულიც მნიშვნელოვანია, სარწმუნოებაც მნიშვნელოვანია, კულტურაც - ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც ყველაზე უნივერსალურია, რაც ყველაზე მეტად კრავს ქართველ ერს და განსაზღვრავს მის მომავალ პროგრესს და დამოუკიდებლობას, ეს არის ქართული ენა“.

თუმცა, სხვა ენებთან კონკურენციის გარდა, ქართულ ენას ასევე უწევს გაუმკლავდეს შემოტევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იდევნება ქართული. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელმა მარინა სალუქვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ:

„შემცირდა ქართულის სწავლების საათები და ეს შემცირება მოხდა არა აფხაზურადსწავლების გაზრდის სანაცვლოდ, არამედ რუსული ენისა და რუსულად განათლების მიღების საათების გაზრდის ხარჯზე. პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებაზე გამოყოფილია 48-48 საათი, აფხაზური ენა - 29-29 საათი, ხოლო ქართული - 11-11 საათი. ასე რომ, ტენდენცია მიდის არა მშობლიური აფხაზური ენის სწავლების გაღრმავებისკენ, არამედ რუსიფიკაციისკენ“.

ქართველებს გვაქვს უნიკალური ენა და ანბანი. ანბანის ორი ასო-ნიშნის სწავლების შემდეგ ბავშვს შეუძლია დაწეროს წინადადება: „აი ია“. ასეთი რამე, ალბათ, არც ერთ ხალხს არ აქვს და რატომ არ უნდა დაიწყოს კითხვისა და წერის სწავლა „აი ია“-თი? ...

ოკუპირებულ გალის რაიონში სულ 31 ქართული სკოლაა და, როგორც დანარჩენ საქართველოში, იქაც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას იაკობ გოგებაშვილის დედაენის დახმარებით სწავლობენ. 14 აპრილს ეროვნულ ბიბლოთეკაში სწორედ დედაენის უნიკალური გამოცემები გამოიფინა. როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მაია მიქაბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ექსპონატთა შორისაა პირველი, 150 წლის წინ გამოცემული, დედაენა:

„1876 წელს გამოვიდა სახელმძღვანელო, რომელსაც ეწოდა „დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“. აი, აქედან იწყება დედაენების გამოცემის ისტორია და ეს ისტორია ჰგავს რაღაცით იმ ადამიანის ისტორიას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური ფორმაციის დროს მოუწია ცხოვრება და ისე შეიცვალა მისი ბედი, როგორც ქვეყნისა. საბჭოთა პერიოდში, 1926 წლიდან 1936 წლამდე, დედაენა იყო ამოღებული განათლების სისტემიდან და ამ სახელწოდების წიგნი არ გამოდიოდა“.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ ანბანისა და მშობლიური ენის სწავლება დიდი ხანია ტრადიციად იქცა, თუმცა, როგორც ეროვნული ბილიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ამბობს, დედაენის სიცოცხლის ხანგრძლივობის მთავარი მიზეზი არა ტრადიცია, არამედ იაკობ გოგებაშვილის მეთოდია.

„ქართველებს გვაქვს უნიკალური ენა და ანბანი. ანბანის ორი ასო-ნიშნის სწავლების შემდეგ ბავშვს შეუძლია დაწეროს წინადადება: „აი ია“. ასეთი რამე, ალბათ, არც ერთ ხალხს არ აქვს და რატომ არ უნდა დაიწყოს კითხვისა და წერის სწავლა „აი ია“-თი? რა გასაკვირია, რომ ქართველმა ერმა აირჩია გოგებაშვილის მეთოდი“, უთხრა ლევან თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG