Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ცნობილია


თბილისი
თბილისი

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი, დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 810 მლნ. 146 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ამ თემაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები.

2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 736 მლნ. ლარს შეადგენდა. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები 810 მლნ. ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტი 10 პროცენტით – 75 მლნ. ლარით - მეტია 2015 წლის ბიუჯეტზე.

„ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 260 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (210 მლნ.), დაახლოებით, 50 მლნ. ლარით მეტია. ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელს (205 მლნ.), დაახლოებით, 9 მლნ. ლარით აღემატება. განათლებაზე გამოყოფილია 96 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 3 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ ეტაპზე საჯაროდ დეტალური ბიუჯეტი და კონკრეტული პროექტები, რომელთა დაფინანსებაც იგეგმება მომავალ წელს, გამოქვეყნებული არ არის. ამასთან, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. შეგახსენებთ: გასულ წელს, გაზაფხულზე, თბილისის ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც, ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა. აქედან 300 ათასი იყო ადმინისტაციული ხარჯი, ხოლო მილიონ 553 ათასი ლარი - პრემიების ფონდი.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი 13 ნოემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით (15 ნოემბრამდე), განსახილველად დედაქალაქის საკრებულოში შევიდა. ამის შემდგომ დაიწყება მისი განხილვა კომისიებში და შეთავაზებების პაკეტი გადაეგზავნება თბილისის მერიას.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქალაქის მთავრობას წინადადებების პაკეტი უკვე წარუდგინა. მოთხოვნებს შორისაა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანია "თბილსერვისის ჯგუფისა" და სხვა ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის 20 %-ით გაზრდა, ასევე სოციალური შეღავათები 70 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის.

ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. დავით ნარმანია ოპონენტების ინიციატივების გათვალისწინებას არ აპირებს. განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG