Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედამიწის დღე - ხეები დედამიწისთვის


თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი

„ხეები დედამიწისთვის“ - ესაა დედამიწის დღის წლევანდელი სლოგანი. დედამიწის დღე, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც აღნიშნეს. გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებები, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების თემისადმი მიძღვნილი გამოფენები და მოზარდთა ინტერესის გაზრდა ეკოლოგიის მიმართ - ასეთი იყო საქართველოში გამართული ღონისძიებების სულისკვეთება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „იარე ფეხით“ 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ოფისის კარი ყველა მსურველისთვის გააღო, რათა მათ საშუალება მისცემოდათ „პანორამა თბილისის“ პროექტის გასაპროტესტებლად პოსტერები შეექმნათ. ორგანიზაციის არტპროექტების კურატორი მარიამ წიქარიძე ამბობს, რომ „პანორამა თბილისი“ ზიანს აყენებს ქალაქის იერსახესაც და გარემოსაც.

„დედამიწის დღეს ვარჩიეთ რამე ღირებული გაგვეკეთებინა, ამიტომ ჩვენი ოფისის კარი გავუღეთ ყველას. აქ ვახვედრებთ საღებავებს, სხვა მასალებს, რომ მათ შექმნან პოსტერები და პლაკატები“.

ქალაქში დაბინძურების 70% ავტომანქანების გამონაბოლქვით არის განპირობებული და დაბინძურების დონემ უკვე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მაჩვენებელს მიაღწია...
ელენე მარგველაშვილი

ელენე მარგველაშვილი სხვადასხვა დროს გარემოსდაცვით თემებზე შექმნილ პლაკატებს გვიჩვენებს. ერთზე, მაგალითად, ასახულია პარკირების ადგილების ნაცვლად ქალაქში დასასვენებელი პარკების მოწყობის მოთხოვნა. ელენე მარველაშვილის თქმით, ქალაქი იქცა ავტომობილების ბატონობის ზონად, სადაც ეკოლოგია ყველას ინტერესის მიღმა დარჩა:

„ჩვენს ქვეყანაში მილიონი ხის დაპირება იქცა ერთ ხედ ზღვაში და ძალიან ზედაპირული და გაუაზრებელია ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში გამწვანება. რადგან ჩვენ ქალაქში ფეხით მოსიარულეების პრობლემებზე ვსაუბრობთ, ვიტყვი, რომ ქალაქში დაბინძურების 70% ავტომანქანების გამონაბოლქვით არის განპირობებული და დაბინძურების დონემ უკვე ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მაჩვენებელს მიაღწია“.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში კი გაზაფხული ყვავილების მრავალფეროვნებით და მიწიდან თავამოყოფილი ახალი ბალახის სუნით იყო გაჯერებული. დედამიწის დღის აღსანიშნავად ბოტანიკური ბაღის დირექციამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე გვეუბნება, რომ ფერდობზე გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამო, მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არა აქვს, განსაკუთრებით უჭირს სხვა ეკოსისტემიდან გადმოტანილ მერქნიან მცენარეებს, თუმცა თავისი მრავალფეროვნებით ბოტანიკური ბაღი მაინც ინარჩუნებს უნიკალურობას. თამაზ დარჩიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ინტერესი გაიზარდოს ეკოლოგიური თემების მიმართ:

„ვმართავთ პრეზენტაციას ჩვენი ერთ-ერთი მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროექტისა „აღმოაჩინე მწვანე“, რაც გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის მოკლევადიანი საგანმანათლებლო კურსების შეთავაზებას. ბაღის ტერიტორიაზე იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები, ასევე საუბარი ბიო და ეკომრავალფეროვნებაზე, კლიმატის ცვლილებებზე, ადამიანსა და გარემოზე და სხვა“.

თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი

წელს ბოტანიკურ ბაღთან ერთად გაიხსნა ეკოლოგიური განათლების ცენტრი, რომელიც ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით მიმართულ საქმიანობაში.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დიდი ნაწილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა, მათ შორის - გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები სხვადასხვა ქალაქში. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გახსნილი გამოფენა, რომელიც 26 აპრილამდე გასტანს. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-15 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე პერიოდის ხელნაწერები, რომელთა შინაარსიც გარემოსდაცვით საკითხებს ეხება:

„ეს ხელნაწერები მოგვითხრობს საქართველოს ისტორიულ დამოკიდებულებაზე რესურსებისადმი, ტყის რესურსებისა და საშენი მასალების გამოყენებისადმი. ხელნაწერებია იმის თაობაზე, როგორ იყენებდნენ ზღვის რესურსებს, როგორი იყო სასამართლო დავები ამ მიმართულებით. ასევე არის უნიკალური დოკუმენტები საქართველოს ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ“.

დედამიწის დღე მსოფლიოში 1969 წლიდან აღინიშნება. საქართველო ამ დღეს 27-ედ უერთდება. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG