Accessibility links

logo-print

საქართველოში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობა - ამ გზავნილით აღინიშნა თბილისში 22 აპრილი, დედამიწის დღე. ღონისძიება თბილისის ზოოპარკში გარემოსა და ბუნებრვი რესურსების სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვის თემაზე შექმნილი პოსტერები და ნახატები გამოფინეს. რა ხარვეზები არსებობს ნარჩენების მართვის პროცესში და ზრუნავს თუ არა ხელისუფლება ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე?

იმისათვის, რომ უკეთ გამოეხატა თავისი სათქმელი ნარჩენების მართვის თაობაზე, 15 წლის გიორგი ორკოდაშვილმა ფერადი ურნები აალაპარაკა და მათი სიტყვები პლაკატად აქცია. აი, მაგალითად: „გამარჯობა, მე ლურჯი ურნა ვარ. ჩემი ყოველდღიური საკვებია ქაღალდი. მე წითელი ურნა ვარ. დაიმახსოვრე, პლასტმასის ადგილი მხოლოდ ჩემშია“. გიორგის პლაკატზე ყვითელი და მწვანე ურნებიც ლაპარაკობენ. მათთვის განკუთვნილი ნარჩენები მინის ბოთლები და ორგანული ნარჩენებია. თელავის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დედამიწის დღისადმი მიძღვნილი იმ კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების განვითარებას მიეძღვნა.

გიორგი ორკოდაშვილი

გიორგი ორკოდაშვილი

„ვფიქრობ, რომ აუცილებელია საქართველოშიც იყოს სეპარირებული ურნები იმისათვის, რომ დავახარისხოთ ნარჩენი. როგორც ადამიანს სჭირდება მეგობარი, ისე ურნას სჭირდება გვერდზე მდგომი ფერადი ურნები და თუკი საქართველოშიც დაიდგმება ურნები სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის, ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს გიორგი ორკოდაშვილი.

საქართველოში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების განვითარება - ეს არის წლევანდელი „დედამიწის დღის“ მთავარი გზავნილი. სწორედ ამ თემის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ლარაპაკობდნენ თბილისის ზოოპარკში შეკრებილი გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე სლოგანები და პოსტერები გამოფინეს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი ნინო შავგულიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველო, ნარჩენების მართვის მიხედვით, ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას ევროკავშირის სტანდარტებისგან. ნარჩენის ხელმეორედ გამოყენება, შემცირება, სეპარაცია, გადამუშავება და ა.შ. - ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოს რეალობისთვის კვლავ მწვავე პრობლემაა. ნინო შავგულიძის თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც.

„თანამედროვე მიდგომაა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. რაც არ უნდა ევროპული და თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი გვქონდეს, ის გარკვეულწილად წარმოადგენს დაბინძურების წყაროს. ამიტომ მიზანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მივიდეს ნაგავსაყრელამდე. საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ნარჩენების სეპარაცია იმისათვის, რომ შემდგომ მოხდეს მათი მეორადი გადამუშავება“, - ამბობს ნინო შავგულიძე.

ნარჩენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენერგიის აღდგენის წყაროდ, ენერგიის მიღების წყაროდ და ნარჩენი შეიძლება გადაიქცეს პროდუქტად, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და, მეორე მხრივ, ვიყოთ უფრო მომჭირნეები ნებისმიერი რესურსის მიმართ...

ნარჩენების მართვის სფეროში შემუშავებულ კანონმდებლობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ხელისუფლების მხრიდან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კოდექსის მთავარი მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დასანერგად, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას და მათ უსაფრთხო განთავსებას. მაია ბითაძის თქმით, გარდა იმისა, რომ „ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას, კანონმდებლობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველიც გახდება:

„კომპანიები ნარჩენების მართვის კუთხით დაიქირავებენ ადამიანებს, რომლებიც მოახდენენ ნარჩენების ტრანსპორტირებას, გადამუშავებას. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ სიტუაციას, რომ ნარჩენი არ იქნება მხოლოდ ისეთი რამ, რასაც ადამიანი მოიშორებს, არამედ ნარჩენი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ენერგიის აღდგენის წყაროდ, ენერგიის მიღების წყაროდ და ნარჩენი შეიძლება გადაიქცეს პროდუქტად, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და, მეორე მხრივ, ვიყოთ უფრო მომჭირნეები ნებისმიერი რესურსის მიმართ“.

დედამიწის დღე თბილისში

დედამიწის დღე თბილისში

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს, მაია ბითაძის თქმით, ამ დროისათვის საქართველოს მასტაბით დაიხურა 12 ნაგავსაყრელი, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს. მისივე სიტყვებით, არსებული ნაგავსაყრელები ჩანაცვლდება ახალი ნაგავსაყრელებით, რომლებიც აბსოლუტურად მოერგება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს და დააკმაყოფილებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებს. გარდა ამისა, თბილისის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის უზრუნველსაყოფად ინვესტორთა წინადადებების მიღება დაიწყო. ამ მიზნით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციის განხორციელებაა გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა, უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს, რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, რომლის ღირებულებამაც 7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დედამიწის დღე, რომელსაც მსოფლიო წელს 45-ედ აღნიშნავს, 1969 წლიდან აღინიშნება. საქართველო ამ დღეს 26-ედ უერთდება. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG