Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედათა სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი


დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობის დანერგვის თაობაზე გამართული შეხვედრის მონაწილეები
დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობის დანერგვის თაობაზე გამართული შეხვედრის მონაწილეები
დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო დაბალი განვითარების ქვეყნების რიგში დგას. სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების ტენდენციის მიუხედავად, სპეციალისტები მდგომარეობას ძალიან მძიმედ მიიჩნევენ. ჯანდაცვის სერვისთა ხარვეზების გარდა, პრობლემად საზოგადოებრივი განათლების დაბალი მაჩვენებელი და არასრული სტატისტიკა სახელდება. დედათა სიკვდილიანობის აქტიური ზედამხედველობის დანერგვის თაობაზე მსჯელობდნენ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 67 დედის სიკვდილი 100 ათას ახალშობილზე. ეს მაჩვენებელი თორმეტჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს - ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა და მოსახლეობის ფონდების მონაცემები. განსხვავებული მონაცემებია კვლევაში „დედათა სიკვდილიანობის შესახებ“, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მომზადდა. ამ
დედათა სიკვდილიანობა არ გახლავთ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, ეს გახლავთ სახელმწიფოს გლობალური პრობლემა...
ამირან გამყრელიძე
მონაცემების მიხედვით, საქართველოში დედათა სიკვდილიანობა სამჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მონაცემს. ექსპერტების ანალიზით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა და 100 ათას ახალშობილზე დედათა სიკვდილის 52 შემთხვევა აღირიცხა.როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ზოგადად დედათა ჯანმრთელობა და დედათა სიკვდილიანობის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პრობლემაა ჯანდაცვის სისტემაში. მისივე სიტყვებით, გაეროს ათასწლეულის პროგრამის 8 მიზანს შორის მეხუთე დედათა სიკვდილიანობის შემცირებაა და მიზანი არის ის, რომ გაეროს წევრმა ქვეყნებმა 2015 წლისთვის ¾-ით შეამცირონ დედათა სიკვდილიანობა 1990 წელთან მიმართებაში. საქართველოში ამ მიზნის მისაღწევად, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროში დედათა და ბავშვთა საბჭო მოქმედებს, სადაც შექმნილია ოპერატიული შეტყობინების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხდება სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია დედათა სიკვდილი. ამირან გამყრელიძის სიტყვებით, დედათა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე, ჯანდაცვის სისტემის გარდა, სხვა ფაქტორებსაც აქვს გავლენა:

„დედათა სიკვდილიანობაში ჯანდაცვის სექტორს აქვს ერთ-ერთი წამყვანი როლი, მაგრამ არა მარტო ჯანდაცვის სექტორი - აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის განათლებას, ქალის სამუშაო პირობებს და ძალიან ბევრ სოციალურ დეტერმინანტს. ასე რომ, თუ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, მკურნალობას ან დიაგნოსტიკას გააუმჯობესებ, ამით ვერ მიაღწევ შედეგს. აქ კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, დედათა სიკვდილიანობა არ გახლავთ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, ეს გახლავთ სახელმწიფოს გლობალური პრობლემა“.

არასრული და არაზუსტი სტატისტიკა და თითოეული შემთხვევის ანალიზის არარსებობა - ეს საკითხები მიაჩნია მთავარ პრობლემად შეერთებული შტატების ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ანალიზის ინსტიტუტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მთავარ ექსპერტს ნინო ბერძულს:

„იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სრულყოფილად არის დემოგრაფიული აღრიცხვიანობის სისტემა, დედათა სიკვდილიანობის აღრიცხვიანობის პრობლემები არსებობს. დაახლოებით 20%-დან 50%-მდე შესაძლებელია იყოს აღრიცხვიანობა არასრულყოფილი მსგავს განვითარებად ქვეყნებში. ამიტომ ასეთი ეპიდემიოლოგიური კვლევები და აქტიური ზედამხედველობის სისტემის დანერგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ ზუსტად გამოვავლინოთ დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი“.
მოდიან ძალიან მძიმე პათოლოგიით, მაღალი წნევით, ქალთა კონსულტაციაში არ დადიან, მოვლენ პირდაპირ სამშობიარო სახლში და ექიმმა რა ქნას მაშინ? ასეთი ფაქტებიც უნდა გამოაშკარავდეს, იმიტომ რომ მარტო ცუდს ხომ არ აკეთებენ ექიმები?! მე ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში, თავის სიმაღლეზე დგანან...
თენგიზ ასათიანი

ერთია სტატისტიკა და მეორე - სტატისტიკის ანალიზი, ამბობს საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სამედიცინო უნივერსიტეტის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ ასათიანი. მისი სიტყვებით, თითოეული შემთხვევის ანალიზია საჭირო, კონფიდენციალობის დაცვით. ის ცნობილი უნდა იყოს ყველა მეანისთვის, რათა მათ პრაქტიკაში არ გაიმეორონ ის შემთხვევა, რამაც დედათა სიკვდილი განაპირობა. ზოგადად, თენგიზ ასათიანის სიტყვებით, დედათა სიკდილის გამოწვევის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: ეს არის მაღალი არტერიული წნევა, სისხლდენა და სეფსისი. თუმცა, თენგიზ ასათიანის სიტყვებით, გარდა სამედიცინო თვალსაზრისით არსებული პრობლემისა, პრობლემაა თავად დედების განათლება და სახელმწიფოს მონაწილეობის სიმწირე. ფეხმძიმობის პეროდში, მისი სიტყვებით, 4 უფასო ვიზიტი ქალთა კონსულტაციაში არასაკმარისია.

„მოდიან ძალიან მძიმე პათოლოგიით, მაღალი წნევით, ქალთა კონსულტაციაში არ დადიან, მოვლენ პირდაპირ სამშობიარო სახლში და ექიმმა რა ქნას მაშინ? ასეთი ფაქტებიც უნდა გამოაშკარავდეს, იმიტომ რომ მარტო ცუდს ხომ არ აკეთებენ ექიმები?! მე ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში, თავის სიმაღლეზე დგანან“.

შეხვედრაზე, რომელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ითქვა, რომ განათლების დონის ამაღლებისა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე ძალზედ გაჭირდება დედათა სიკვდილიანობის ამ სავალალო სტატისტიკის გამოსწორება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG