Accessibility links

logo-print
1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები შრომის კოდექსში, რომელიც დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებასთან ერთად ანაზღაურების გაზრდასაც ითვალისწინებს. ცვლილებებს მხოლოდ ნაწილობრივ მისალმებიან ქალთა და გენდერის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები. რა პრობლემები აქვთ თავად დედებს?

ანი კოპალიანს სამი კვირის ვაჟიშვილი ირაკლი ჰყავს. ის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია. უკვე ოთხი წელია ხელშეკრულებით მუშაობს და აკადემიურ წერას ასწავლის. ანის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველი სემესტრის წინ უფორმებს ხელშეკრულებას იმის გამო, რომ სემესტრი თებერვალში იწურება, შვილი კი დეკემბერში გააჩინა. დეკრეტული შვებულება, ხელშეკრულების მიხედვით, თითქმის 2-თვიანი გამოსდის. რაც უნდა ეწეროს შრომის კოდექსში, ანისა და მისი დამქირავებლის ამოსავალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობაა:

„ამ ხელშეკრულების ბოლომდე, ანუ - ეს სემესტრი მთავრდება თებერვალში - თებერვლის ბოლომდე მაქვს ხელშეკრულება და, მაშასადამე, თებერვლის ბოლომდე მაქვს დეკრეტული შვებულება, ანუ დაახლოებით 2 თვემდე მაქვს დეკრეტული შვებულება, რომელიც საერთოდ არ ნაზღაურდება უნივერსიტეტის მიერ, ანუ მინაზღაურებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. აი, ასეთი პირობებით არის ჩემი ხელშეკრულება“.
ბავშვის მოვლის გამო შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე, აქედან ანაზღაურებადი შვებულება, ნაცვლად 126 დღისა, იქნება 183 კალენდარული დღე; მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე, ნაცვლად მანამდე არსებული 140 დღისა...

ანი ამბობს, რომ შვილი ახლა რომ გაეჩინა, მომდევნო სემესტრში ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებდნენ, ანუ მარტის სემესტრს გამოტოვებდა და, შესაბამისად, არც სამსახურის გაგრძელების რეალური იმედი ექნებოდა და ვერც სახელმწიფოსგან მიიღებდა ერთჯერად დახმარებას, რომელიც, პირველი იანვრიდან მოყოლებული, 1000 ლარით არის განსაზღვრული.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუმარტა რადიო თავისუფლებას, შრომის კოდექსში ცვლილებების აუცილებლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობამ და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის არასათანადო სტანდარტებმა განაპირობა.

ცვლილებების მიზანი ორსულობის დროს სამშობიაროდ და ბავშვის მოსავლელად აღებული როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე შვებულების გახანგრძლივებაა. ცვლილებების მიხედვით, შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი ანაზღაურებაც იზრდება:

„ბავშვის მოვლის გამო შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე, აქედან ანაზღაურებადი შვებულება, ნაცვლად 126 დღისა, იქნება 183 კალენდარული დღე; მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე, ნაცვლად მანამდე არსებული 140 დღისა. ასევე იზრდება ანაზღაურებადი შვებულების დროის თანხის ოდენობაც: 126 დღეში 600 ლარის ნაცვლად, ანაზღაურდება 183 დღე 1000 ლარის ოდენობით“.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ცვლილება შეეხება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებს, ოღონდ ერთი განსხვავებით:

„თუ ხელფასი საჯარო სამსახურში 1000 ლარზე ნაკლებია, 1000 ლარამდე თავად ორგანიზაცია შეუვსებს ამ თანხას კონკრეტულ პირს, ხოლო თუ დასაქმებულს 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, მაშინ ის ამ ათას ლარს მიიღებს, დანარჩენს კი მისი დამსაქმებელი ორგანიზაცია შეუვსებს. კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის ეს ამ კომპანიების მფლობელებისა და მათი დამსაქმებლების კეთილი ნებაა - გააჩნია, რა ტიპის კონტრაქტი აქვთ მათ გაფორმებული“.

საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ქალების მიმართ რომ კანონი არათანაბარ მოთხოვნებს აყენებს, სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას ელენე რუსეცკი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი:

ელენე რუსეცკი

ელენე რუსეცკი

„ანუ კერძო და საჯარო სექტორში ადამიანები არათანაბარ პირობებში არიან, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალს ამ 167 ლარს, რომელსაც სახელმწიფო უხდის, დამსაქმებელი დაუმატებს და შეუვსებს ხელფასის ოდენობის თანხამდე, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი, დამსაქმებელი სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას დაუმატებს იმ რაოდენობის ანაზღაურებას, რომ 500 ლარამდე შეუვსებს, ხოლო კერძო სექტორში, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე, რაც არ არის მთლად კარგი“.

ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელენე რუსეცკის სიტყვებით, კანონში კიდევ რამდენიმე ხარვეზია, მათ შორის, კანონში უნდა ჩანდეს არა მარტოხელა დედის, არამედ მარტოხელა მშობლის სტატუსი ან მარტოხელა მომვლელის სტატუსი, ვინაიდან მარტოხელა მშობელი შეიძლება იყოს როგორც დედა, ასევე მამა და, საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება მარტოხელა მომვლელი იყოს ბებია ან პაპაც. ელენე რუსეცკი, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, იმ უფლებადარღვევებზეც საუბრობს, რის წინაშეც დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედები იმყოფებიან ხოლმე. მათ შიროს არის დეკრეტული შვებულების დროს სამსახურიდან გათავისუფლება ან დეკრეტული შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა, უხელფასო შვებულების დროს სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურიდან გათავისუფლების დროს წინასწარი ერთთვიანი გასაფრთხილებელი ვადის პრინციპის დარღვევა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტი შრომის კოდექსში დეკრეტული შვებულების თაობაზე ცვლილებებს განიხილავდა, კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა გაერიანებულ პროფკავშირებს. პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი ამბობდა, რომ თუ ოთხ თვეზე გადავიანგარიშებთ, 600 ლარიდან დეკრეტული შვებულების ანაზღურების 1000 ლარამდე გაზრდა რეალურად თვეში მხოლოდ 15 ლარიან მატებას ნიშნავს. კანონში სხვა მხრივ არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG