Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემის პოლანდოვი: „აფხაზეთი, შესაძლოა, საქართველოსთან ერთად ერთიან სივრცეში აღმოჩნდეს“


დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი

სოხუმელმა ჟურნალისტმა ვიტალი შარიამ ამას წინათ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ შექმნილი ვითარება აფხაზეთში „ნაქეიფარზე გამოსვლას“ შეადარა. ჩვენი რადიოს რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზას“, რედაქტორი, დემის პოლანდოვი, საუბრობს იმაზე, თუ რა იწევდა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში ყველაზე უფრო მეტად პროტესტს.

„პირველ ყოვლისა, არა მარტო პროტესტს იწვევდა, არამედ მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ გაჩნდა ეს ხელშეკრულება, მით უფრო, იმ სახით, რა სახითაც ის რუსეთიდან გამოგზავნეს, ანუ პირველი ვარიანტი ბადებდა კითხვას: რა აქვს განზრახული რუსეთს? ხელშეკრულების პირველი ვარიანტის მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთს აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი სურდა: უსაფრთხოების, არმიის, თავდაცვისა და საზღვრების გარდა, მოსკოვს სურდა გავლენა ჰქონოდა ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზეც. თუმცა ამ მოთხოვნების გარკვეული ნაწილი ხელმოწერილ ხელშეკრულებაშიც დარჩა. გაუგებარია, მაგალითად, რატომ უნდა იზრუნოს რუსეთმა აფხაზური ენის განვითარებაზე. შეთანხმებაში ასეთ მუხლსაც შეხვდებით. ჩემი აზრით, ამ ხელშეკრულების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ის ძალიან არაკონკრეტულია. მასში ძალიან ბევრია ზოგადი საუბარი საერთო ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეზე, კანონმდებლობის უნიფიცირებაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის კონკრეტული დოკუმენტი და აშკარაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ რუსეთი შეძლებს ეს პუნქტები ისე წაიკითხოს, როგორც მოესურვება. იგი ძლიერი მხარეა მოცემულ ურთიერთობებში და, შესაბამისად, ძლიერი გადაწყვეტს, რას ნიშნავს ესა თუ ის პუნქტი. ამ თავლსაზრისით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, სერიოზულად განსხვავდება. ის მეტად კონკრეტულია, რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება კი ძალიან არაკონკრეტულია და მასში ნათქვამია, რომ გარკვეული შეთანხმებები პროცესში - ვთქვათ, ნახევარი წლის შემდეგ - იქნება მიღწეული. იგივე ეხება იმას, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას, რაც გადაიდო და ცალკე შეთანხმებით გაირკვევა“.

კობა ლიკლიკაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, მაგრამ სოხუმ-მოსკოვის სამოკავშირეო ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებში მე განსაკუთრებით გამაკვირვა მოსაზრებამ, თითქოს ამ დოკუმენტში იყოს ისეთი რამ, რასაც მოსკოვი შემდეგ საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენებს. გაშიფრე, თუ შეგიძლია, ეს, ასე ვთქვათ, შიფროგრამა.

დემის პოლანდოვი: დიახ ასეთი შეშფოთება, მართლაც, გამოითქმის აფხაზეთში. ეს არის ხსოვნა იმისა, რაც გასული საუკუნის 20-იან წლებს უკავშირდება. მართლაც, თუ საქართველო მოულოდნელად მოახერხებს რუსეთთან მოლაპარაკებას, - რუსეთში არ მალავენ, რომ სურთ თავიანთ ორბიტაში საქართველოს ჩართვა, - გაჩნდება დილემა: აფხაზეთში ესმით, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე და შემობრუნდება რუსეთისკენ, მაშინ რუსეთი სიხარულით ჩაეჭიდება საქართველოს და მოუწევს რაღაცის გაკეთება იმ საქართველოსთვის, რომელიც რუსეთისკენ ბრუნდება.

დავეთანხმები იმას, რომ ეს [მოსკოვ-სოხუმის ხელშეკრულება] ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებისგან. მეტიც, ეს ხელშეკრულება, გარკვეულწილად, პასუხია სწორედ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე...
დემის პოლანდოვი

კობა ლიკლიკაძე: და რუსეთი ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებით ამას იოლად მოახერხებს?

დემის პოლანდოვი: დიახ, აბა რა! წარმოიდგინეთ, არმია ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, შინაგანი ჯარები ექვემდებარება რომელიღაც ერთიან საკოორდინაციო ცენტრს და ზემოქმედების ყველა ბერკეტი აქვს რუსეთს, რომელზეც აფხაზეთი ისედაც დამოკიდებულია. ახალი ხელშეკრულებით კი დამოკიდებულების ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება. და, საბოლოო ჯამში, აფხაზეთი, შესაძლოა, აღმოჩნდეს საქართველოსთან ერთად ერთიან სივრცეში და სრულიად განსხვავებულ პირობებში. პოლიტოლოგმა არდა ინალიფამ ძალიან კარგად გაიხსენა 1921 წელი, როდესაც დაიწყო საუბარი საბჭოთა კავშირში შესვლაზე, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შუამავლობით. მაშინაც ამტკიცებდნენ, ეს არავითარ საფრთხეს არ შეიცავს აფხაზეთის სუვერენიტეტისთვისო, მაგრამ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ აფხაზეთი გადაიქცა უბრალო ავტონომიურ რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში. ეს ხსოვნა ცოცხლობს და, ცხადია, რომ ექსპერტები ამაზე ლაპარაკობენ.

კობა ლიკლიკაძე: და ბოლო შეკითხვა. ცოტა ხნის წინ მე ვესაუბრე სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს. საქართველოს ხელისუფლებაში არის აზრი, რომ რუსეთის მიერ სოხუმთან ახალი ხელშეკრულების ფორსირება თბილისის ევროკავშირთან დაახლოებამ დააჩქარა. თბილისში ამბობენ, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობსო და არ არის გამორიცხული, შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის ნაწილმაც დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ ისარგებლოს იმ სიკეთით, რასაც ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება.

დემის პოლანდოვი: დავეთანხმები იმას, რომ ეს [მოსკოვ-სოხუმის ხელშეკრულება] ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებისგან. მეტიც, ეს ხელშეკრულება, გარკვეულწილად, პასუხია სწორედ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე. რუსეთი ამ ფორმით აჩვენებს, რომ მასაც ძალუძს გარკვეული ინტეგრაციული პროცესის გატარება და, იმავდროულად, ეს არის მუქარაც საქართველოს მისამართით: აი, ჩვენ შეგვიძლია სულაც შევიერთოთ ეს ტერიტორიები და ამით პრობლემა საერთოდ დაიხურება.

ახლა, რაც შეეხება მეორე მოსაზრებას. აფხაზეთში ცხოვრობს ქართული მოსახლეობა. ცნობილია, რომ გალში ცხოვრობს ათიათასობით ადამიანი, რომლებსაც, სავარაუდოდ, სურთ იმ სიკეთის მიღება, რასაც საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმება ამოქმედდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ მასობრივ ხასიათს მიიღებს ეთნიკური აფხაზების მიერ ამ სიკეთეებით სარგებლობა. საერთოდ, მეჩვენება, რომ ბოლო დროის პოლიტიკური ტენდენციაა კონტროლის გამკაცრება საზღვარზე. და ისედაც, არც ახლა არის იოლი აფხაზეთის რიგითი, გალის რაიონის გარეთ მცხოვრები პირებისათვის ენგურზე ხიდის გავლა და ზუგდიდში მოხვედრა. დღეისათვის ასეთი თავისუფალი გადაადგილების საშუალება არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დე ფაქტო საზღვარი საერთოდაც ჩაიკეტება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG