Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გადის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზა


თბილისის ქუჩა
თბილისის ქუჩა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს 22 სექტემბერს დემოგრაფებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გადაწყდა დაუყოვნებლივ შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. როგორ აფასებენ დემოგრაფები საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას და სად ხედავენ ისინი ამ პრობლემის გადაჭრის გზას?

შობადობის გაზრდა, სიკვდილიანობისა და მიგრაციის შემცირება, სოფლებში მოსახლეობის დაბრუნება, უმუშევრობის დაძლევა, ჯანდაცვისა და განათლების ხელშეწყობა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობას და ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც შეეცდება 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეკრებილი სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დემოგრაფებს შეხვდა. როგორც ის განმარტავს, ჯგუფი იწყებს მუშაობას დოკუმენტზე, რომელიც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შობადობის გაზრდის მიზნით, იმ რეგიონებში, სადაც შობადობა შემცირებულია, გარკვეული დახმარება დაენიშნა ოჯახებს, მხოლოდ ეს ინიციატივა საკმარისი არ აღმოჩნდა და პრობლემის მოსაგვარებლად გაცილებით კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო:

„დოკუმენტის კონცეფცია იქნება მრავალმხრივი. აქ იქნება გათვალისწინებული როგორც სოციალური პროგრამები, ისე ჯანდაცვითი პროგრამები. ასევე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მიგრაციული პროცესების შემცირებაზე. ვიზრუნოთ იმაზე, რომ მთიან რეგიონებს, სოფლებს დაუბრუნდეს მოსახლეობა. გათვალისწინებული იქნება სპორტული აქტივობები, ონფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება. აქ არ იქნება გათვალისწინებული მხოლოდ სოციალური თემატიკა, ეს იქნება მრავალმხრივი დოკუმენტი. ამიტომ საჭიროა სახელმწიფო დოკუმენტის შემუშავება და არა რომელიმე ერთი პროგრამის განხორციელება“.

ჩვენ ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ტრაბახი, რომ საქართველოში ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს და აქ ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს. მთელ მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მატულობს და საქართველოში - არა. ამას, რასაკვირველია, სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი...
დიმიტრი ხუნდაძე

თუკი უფრო დეტალურად შევჩერდებით დღეს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, მაშინ უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ექვს რეგიონში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჭარბობს შობადობას. ეს რეგიონებია: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი. განსაკუთრებული პრობლემაა შიდა მიგრაცია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასულია დედაქალაქში. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, 600 ათასზე მეტითაა შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა. თითქმის 24 %-ითაა შემცირებული სოფლის მოსახლეობა. გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოკვლევის მიხედვით კი, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, 2050 წლისთვის საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. მათი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 28 %-ით შემცირდება. ამ მონაცემების შესახებ დემოგრაფებმა 22 სექტემბერს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათ შორისაა ანზორ თოთაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული პრობლემის კვლევის ცენტრის დირექტორი: „2002 წლის აღწერის მონაცემებით, სამ დიდ რეგიონში - რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობდა 52 000 კაცი. ამჟამად, შარშანდელი აღწერის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს 31 000 ადამიანი და ისიც ძირითადად მოხუცები. ანუ დამეთანხმებით, რომ ეს უკვე ნიშნავს ამ კუთხის გაუკაცრიელებას. ამიტომ აუცილებელია გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს“.

დემოგრაფები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი, რომელიც დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრისკენ იქნება მიმართული, დროულად უნდა შეიქმნას, თუმცა მისი შედეგების ხილვა გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება შესაძლებელი. ვაჟა ლორთქიფანიძის, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაგვიანებულიც კია ამ საკითხზე ზრუნვა, ის მაინც მიესალმება ხელისუფლების ინიციატივას შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა გადაიქცეს კანონთა სისტემად და რომელიც ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას შეუწყობს ხელს. „ძალიან მწვავე“ - ასე აფასებს ის დღეს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას და იმასაც ამბობს, რომ დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია არ იძლევა დამაიმედებელ პროგნოზებს:

„ჩვენ ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს ტრაბახი, რომ საქართველოში ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს და აქ ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს აჩვენებს. მთელ მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მატულობს და საქართველოში - არა. ამას, რასაკვირველია, სჭირდება ძალიან სერიოზული ანალიზი. დაკვირვება და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა საჭიროა როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე საოჯახო პოლიტიკაში და, უფრო კონკრეტულად, დემოგრაფიულ პოლიტიკაში“.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტზე მუშაობა სწორედ 22 სექტემბერს დაიწყო. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი დარგის ექსპერტები და დემოგრაფები, საბოლოოდ კი, მისი თქმით, შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც რეალურად იქნება გამოყენებული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ის არ დარჩება მხოლოდ თაროზე შემოსადებ დოკუმენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG