Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის გაკვეთილები დევნილთა დასახლებებში


გორში დემოკრატიის სკოლა 3 თვის წინ 60-მა ადამიანმა დაამთავრა, მაგრამ კურსდამთავრებულების ნაწილი სკოლასთან ურთიერთობას დღემდე აგრძელებს, ამის საშუალებას კი ის გრანტები იძლევა, რომლებიც სკოლამ გამოყო. კურსდამთავრებულები პროექტებს წერენ და საკუთარ გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებენ. ერთ-ერთი პროექტი დევნილთა დასახლებებში დემოკრატიული ფასეულობების შეტანას გულისხმობს. 3 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა 6 დასახლებაში ტრენინგ-სემინარები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ახალი მედიის, კონფლიქტების მოგვარებისა და სახალხო დიპლომატიის შესახებ. ამ ტრენინგების მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა გააქტიურება, დემოკრატიული პრინციპების პოპულარიზება და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში დევნილთა მაქსიმალურად ჩართვა. ტრენინგებზე უფრო მეტად ახალგაზრდები აქტიურობდნენ. ლანა კახნიაშვილი ამბობს, რომ ამ ტრენინგებზე ის ისწავლა, რის შესახებაც სკოლაში არ ელაპარაკებიან.

მარინა ბაბუციძეს ყველაზე მეტად ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა უნდა. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის სხვადასხვა ფორმატში ჩართული პირები ცდილობენ პრობლემა უსისხლოდ გადაიჭრას. მისი თქმით, ქართველებსა და ოსებს შორის სავაჭრო ურთიერთობა დიდ როლს თამაშობდა და ხელისუფლებამ ამ ურთიერთობის აღდგენისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა.

პროექტის ავტორი, ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური აცხადებს, რომ დასახლებებში დემოკრატიის ახალგაზრდული კლუბები შეიქმნა, სადაც აქტიური ახალგაზრდები გამოვლინდნენ. მისი აზრით, დასახლებებში მთავარი პრობლემა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირებაა. დევნილების დიდმა ნაწილმა დღემდე არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ, ამიტომ მესამე სექტორმა ამ მიმართულებით უნდა გააცხოველოს საქმიანობა.

მაისის ბოლოს დევნილთა დასახლებეში შერჩეული ახალგაზრდები, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად, საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან და დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და კონფლიქტების მოგვარების შესახებ პოლიტიკოსების მოსაზრებებს მოისმენენ.

პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელშეწყობითა და ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG