Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ექსპერტი დემოკრატიის სკოლაში


ჰოლანდიელი პოლიტიკოსის იან მარინუს ვირსმას ლექციას გორის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები 2 საათზე მეტხანს ისმენდნენ. ლექცია ევროპული დემოკრატიული ღირებულებების, მმართველობის, თვითმმართველობის, საარჩევნო სისტემებისა და ევროპული ქვეყნების პოლიტიკური მოწყობის მოდელების შესახებ ჩატარდა. სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. იან მარინუს ვირსმა ევროპარლამენტისა და მისი საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი წევრია, არის მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი დემოკრატიისა და პოლიტიკის საკითხებზე. ვირსმა ლექციებს საქართველოს დემოკრატიის სკოლებში კითხულობს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ევროპული გამოცდილების ჩატანა.

„ნიდერლანდის ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.

NIMD ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების ერთობლივ ინიციატივებს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაუმჯობესების მიზნით; პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას; პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოში დემოკრატიის სკოლების შექმნა. ასეთი სკოლები არსებობს ქუთაისში, თელავში, გორსა და ბათუმში. გორის დემოკრატიის სკოლაში სწავლობენ ადგილობრივი პოლიტიკოსები, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები. NIMD–ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლევან ცუცქირიძის აზრით, ევროპელი სტუმრების ჩამოყვანა და მათ მიერ სკოლებში ლექციების წაკითხვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია.

NIMD–ის მისიაა სამოქალაქო განათლების მეშვეობით აქტიური მოქალაქეებისთვიხ ხელის შეწყობა, დემოკრატიული ცვლილებებისა და საზოგადოების განვითარების მიზნით.
XS
SM
MD
LG